
სახელმწიფო იპოთეკის სუბსიდირებას ახალი კორპორაცია მართავს - რა იცვლება ბენეფიციარებისთვის?
მთავრობამ „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შეიტანა. შესაბამისი დადგენილება 22 მაისიდან ამოქმედდა.
ცვლილებების მიხედვით, პროგრამის ადმინისტრირებასა და მონიტორინგში მთავარ ფუნქციას სააქციო საზოგადოება „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია“ შეასრულებს. სწორედ კორპორაცია იქნება პასუხისმგებელი კომერციული ბანკების მიერ გაცემული იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებაზე.
დადგენილების თანახმად, პროგრამის კოორდინაციას ეკონომიკის სამინისტრო განახორციელებს, ხოლო პროგრამის მონიტორინგი ეკონომიკის განვითარების კორპორაციას დაევალება.
სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი სსიპ-ის "აწარმოე საქართველოში"-ს რეორგანიზაციის საფუძველზე დაფუძნდა.
განახლებული წესის მიხედვით, პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო კომერციული ბანკების მიერ გაცემულ იპოთეკურ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთს 60 თვის განმავლობაში დაასუბსიდირებს. სუბსიდირების მოცულობა დამოკიდებული იქნება ოჯახის შვილების რაოდენობაზე და ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთზე.
კერძოდ:
• თუ მსესხებელს ჰყავს 1 ან 2 შვილი, სუბსიდია განისაზღვრება რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3.5%-ის ოდენობით, თუმცა არაუმეტეს 6%-ისა; • თუ მსესხებელს ჰყავს 3 ან მეტი შვილი, სუბსიდია იქნება რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 1.5%, თუმცა არაუმეტეს 8%-ისა.
ამასთან, სუბსიდირების თანხა ცვალებადი იქნება და ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებაზე იქნება დამოკიდებული.
დადგენილებაში ასევე წერია, რომ სახელმწიფო სუბსიდირება შეჩერდება იმ შემთხვევაში, თუ რეფინანსირების განაკვეთი 5%-მდე შემცირდება. თუმცა, თუ განაკვეთი კვლავ 5%-ზე მაღლა გაიზრდება, დარჩენილი ვადით სუბსიდირება ავტომატურად განახლდება.
ცვლილებების მიხედვით, თუ პროგრამის ბენეფიციარს, რომელსაც 2 შვილი ჰყავს, პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში კიდევ შვილი შეეძინება ან არასრულწლოვანს იშვილებს, მას გაზრდილი სუბსიდირების მიღების შესაძლებლობა ექნება.
დადგენილებით ასევე განისაზღვრა, რომ:
• სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში ბენეფიციარს წინსწრებით დაფარვის საკომისიო ან ჯარიმა არ დაეკისრება; • პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის რეფინანსირებისას სუბსიდირების თავდაპირველი ვადა არ გაიზრდება; • ბანკს დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუ სესხი პროგრამის პირობების დარღვევით გაიცემა.
სუბსიდირების შეწყვეტის საფუძვლებს შორის განისაზღვრა 120 დღეზე მეტი ვადაგადაცილება, სესხის პირობების დარღვევით რესტრუქტურიზაცია ან რეფინანსირება, იპოთეკის გაუქმება და სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა.
ცნობისთვის: "სუბსიდირებული იპოთეკური სესხის" პროგრამა პანდემიის პერიოდში, 2020 წლის ზაფხულში, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს დაიწყო. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სამშენებლო სექტორის სტიმულირება იყო. 2021 წელს, წინასაარჩევნოდ კი, იპოთეკური სესხების სუბსიდირების განახლებული პროგრამა ამოქმედდა - კერძოდ, 2021 წლის 1-ელი სექტემბრიდან დაბადებული ბავშვების მშობლებს ახალ იპოთეკურ სესხებზე სახელმწიფოსგან თანადაფინანსების სუბსიდიის მოთხოვნა შეუძლიათ. პროგრამა ახლადაბადებულ ბავშვებთან ერთად, მრავალშვილიანი ოჯახებისთვისაც (3+) ითვალისწინებს იპოთეკის სუბსიდირებას.
BM.GE
წყარო: bm.ge