
სახელმწიფომ სპირტის მარაგები წაგებით უნდა გაყიდოს, სუბსიდირება მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესი არაა - გიორგი სამანიშვილი
ქართული სახელმწიფო სპირტი საერთაშორისო ბაზარზე არაკონკურენტუნარიანია - ამის შესახებ BMG-სთან ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე, მეღვინეობის დარგის ექსპერტი გიორგი სამანიშვილი საუბრობს.
ბოლო წლებში სახელმწიფო ყურძნის ჭარბი მოსავლის დაბინავებას სრულად თავის თავზე იღებს. 2025 წელს ამ მიზნით ბიუჯეტიდან 247 მილიონი ლარი დაიხარჯა. თუმცა, ამ პროცესის შედეგად სახელმწიფო საწყობებში დაგროვილი პროდუქცია - განსაკუთრებით სპირტი რეალიზაციის პრობლემის წინაშე დგას.
საქმე ისაა, რომ საქართველოს მთავრობას მილიონობით ლიტრი სპირტის და ღვინის რეზერვები ეკუთვნის, რომლის გაყიდვასაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარუმატებლად ცდილობს. 2026 წლის პირველ კვარტალში გამოცხადდა საერთო ჯამში 80 მილიონი ლარის ღირებულების 20 ერთეული აუქციონი, რომლითაც 10 მილიონი ლიტრი ახალგაზრდა საკონიაკე სპირტის რეალიზაცია იგეგმებოდა (ლიტრი 8 ლარად). თუმცა, 2026 წლის 23 თებერვალს ოცივე აუქციონი ჩავარდა, რის გამოც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფასი შეამცირა 72 მილიონ ლარამდე (ლიტრზე 7.2 ლარი) და განმეორებითი აუქციონი გამოაცხადა, მაგრამ 9 მარტს ხელახლა გამოცხადებული ოცივე აუქციონი ისევ ჩავარდა. ამის შემდეგ სამინისტრომ ფასი კიდევ ერთხელ, 64.8 მილიონ ლარამდე შეამცირა (ლიტრზე 6.48 ლარამდე), თუმცა 23 მარტს მესამედ გამოცხადებული ოცივე აუქციონი კიდევ ერთხელ ჩავარდა.
კითხვაზე, თუ რატომ ჩაიშალა სპირტის გაყიდვაზე გამოცხადებული ზედიზედ რამდენიმე აუქციონი, სამანიშვილი განმარტავს, რომ სახელმწიფო კომპანია კანონმდებლობის ტყვეობაშია - ის პროდუქციას თვითღირებულებაზე იაფად ვერ ყიდის, თვითღირებულება კი ხელოვნურადაა გაბერილი.
„სახელმწიფო კომპანია ყიდულობს ყურძენს გარკვეულ ფასად და მას რაღაც თვითღირებულება აქვს. უფრო იაფად ვერ გაყიდის - ამის უფლება არ აქვს. აუქციონზე გამოაქვს იმ ფასად, რაც დაუჯდა, პლუს მოგება. ამ ფასად არავინ იყიდის, იმიტომ რომ მსოფლიო ბაზარზე გაცილებით დაბალი ფასია. სხვა ქვეყნები ყურძენს ჩვეულებრივ, საბაზრო ფასად ყიდულობენ და მათი პროდუქცია უფრო კონკურენტუნარიანია. რატომ უნდა იყიდოს ვიღაცამ სპირტი ძვირად საქართველოში, როცა მაგალითად, შეუძლია იყიდოს მსგავსი პროდუქტი ესპანეთში გაცილებით იაფად?“ - ამბობს სამანიშვილი BMG-სთან.