
სახელმწიფოს ბევრად ნაკლები მოტივაცია ექნება... რატომ ჰგონიათ, სამუშაოებს უკეთ შეასრულებენ? - ქობულია გზების მოვლაზე
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია აცხადებს, რომ კითხვები ჩნდება, რატომ გადაწყვიტა მთავრობამ გზების მოვლა-შენახვის მიზნით ახალი სახელმწიფო კომპანიის დაფუძნება.
როგორც ქობულიამ "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა, იმ ფონზე, რომ როგორც წესი, მთავრობას კვალიფიციური კადრების დეფიციტი და მართვასთან დაკავშირებული გამოწვევები აქვს, ჩნდება კითხვა, როგორ გეგმავს ახალი სახელმწიფო კომპანია სამუშაოების კერძო სექტორზე უკეთ ჩატარებას.
მისი თქმით, უფრო სწორი მოდელია, როდესაც მსგავს სამუშაოებს კერძო სექტორი ასრულებს, ხოლო ზედამხედველობას სახელმწიფო უწევს.
“ჩემი აზრით და ეს არ არის მარტო ჩემი აზრი, ძალიან მიღებული თეორიაა, რაც სახელმძღვანელოებშიც წერია, რომ სახელმწიფომ უნდა გააკეთოს და შევიდეს ისეთ სფეროში და თავისი კომპანია გააკეთოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ამას ვერანაირად ვერ ასრულებს. მე რომ ვიყო ამ გადაწყვეტილების მიმღები, ძალიან დიდ სამუშაოს ჩავატარებდი, რომ დავრწმუნდე, კერძო სექტორს არ შეუძლია ამ სამუშაოს გაკეთება.
ჩვენი კერძო სექტორი შესაძლოა, არ არის ძალიან განვითარებული, მაგრამ მგონია, რაღაც დონეზე ჩვენ გვყავს კომპანიები, რომლებიც პრინციპში ასრულებენ სამუშაოს. რატომ ჰგონია სახელმწიფოს, რომ ის შექმნის თავის კომპანიას, უკეთეს კადრებს მოიზიდავს? ან რას გააკეთებს უკეთესად და რატომ უნდა გააკეთოს ეს უკეთესად, ვიდრე არსებული კომპანია? მე ვეთანხმები, რომ შეიძლება ბევრი პრობლემები ჰქონდეთ [კომპანიებს]. მაგრამ რატომ ფიქრობს სახელმწიფო, რომ როდესაც მას ბევრად ნაკლები მოტივაცია ექნება მათ მენეჯმენტსაც, მათ თანამშრომლებს, ვიდრე კერძო სექტორს, რატომ გააკეთებენ ისინი ამ სამუშაოს უკეთესად? რატომ ფიქრობენ ამას?
თუ ამაზე მკაფიო პასუხი არ აქვთ, მე მოვერიდებოდი ასეთ რამეს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდ თემაში შესვლა. სახელმწიფოს ისედაც არ გააჩნია კვალიფიციური კადრები და არ აქვს რესურსი, რომ მართოს, რაც სამართავია უკვე. შედიან კიდევ რაღაც დიდი თემის მართვაში, სადაც უნდა მოიძიონ კვალიფიციური კადრები და რაც მე მგონია, ძალიან გაუჭირდებათ. ამიტომ მე ამას კერძო სექტორს გავაკეთებინებდი, ამოვარჩევდი რამდენიმე კომპანიას და შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან დავაწესებდი სტრუქტურას, რომელიც უფრო ზედმიწევნით გააკონტროლებდა და მონიტორინგს გაუწევდა კერძო სექტორის მუშაობას. უფრო ასეთი გზით წავიდოდი, თუმცა არ ვარ ღრმად ჩახედული ამ საკითხში და ამიტომ შესაძლებელია არის რაღაც არგუმენტები, რაც არ ვიცი”, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვის მიზნით ახალი სახელმწიფო კომპანიის დაფუძნებას გეგმავს. აქამდე აღნიშნულ ფუნქციას ტენდერების მეშვეობით გამოვლენილი კერძო კონტრაქტორები ასრულებდნენ, თუმცა ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, აღნიშნულ ფუნქციას სპეციალურად ამ მიზნისთვის დაფუძნებული სახელმწიფო კომპანია გადაიბარებს. პირველ ეტაპზე კომპანია გორი-არგვეთას 105-კილომეტრიან საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალის მოვლა-შენახვის და მართვის სამუშაოებს განახორციელებს.
BM.GE
წყარო: bm.ge