მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "სამინისტრომ კერძო სექტორისგან შენიშვნების შეგროვება უკვე დაიწყო"|ბექა გონაშვილი აგროთანადაფინანსების ახალ მოდელზე
"სამინისტრომ კერძო სექტორისგან შენიშვნების შეგროვება უკვე დაიწყო"|ბექა გონაშვილი აგროთანადაფინანსების ახალ მოდელზე

"სამინისტრომ კერძო სექტორისგან შენიშვნების შეგროვება უკვე დაიწყო"|ბექა გონაშვილი აგროთანადაფინანსების ახალ მოდელზე

BM.GE7 სექტემბერი, 2026, 01:58|bm.ge

„ეს იყო მოსალოდნელი“ - ასე აფასებს აგრობიზნესმენი, კომპანია “აგროქიზიყის” დამფუძნებელი ბექა გონაშვილი აგროთადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის განახლებული მოდელის პირველი ორი თვის შედეგებს.

საქმე ის არის, რომ BMG-ის მიერ გამოთხოვილი ოფიციალური სტატისტიკით, 2 თვეში სამინისტრომ 4 მლნ ლარის საინვესტიციო ღირებულების 8 პროექტი მოიწონა. უწყებას არ დაუკონკრეტებია, სულ რამდენი განაცხადი/ბიზნესგეგმა შევიდა სოფლის განვითარების სააგენტოში. ჩვენთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ დანარჩენი პროექტები ჯერ განხილვის სტადიაზეა.

აგრობიზნესმენის აზრით, როდესაც თამაშის წესები ძირეულად იცვლება, ბუნებრივია, რომ ბაზარი დაელოდება მოვლენების განვითარებას. მისივე შეფასებით, შესაძლოა, პროცესს აფერხებდეს ისიც, რომ ფერმერებსა და სოფლის განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთობის სრულიად ახალი ეტაპი იწყება, ხოლო თავად სააგენტოს საბანკო/საკრედიტო რისკების შეფასების ფუნქციების შეთავსება უწევს.

ბექა გონაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აქამდე ბანკები იღებდნენ საკრედიტო რისკებსა და პროექტების შესწავლას საკუთარ თავზე, ახალ მოდელში ეს ტვირთი ნაწილობრივ სოფლის განვითარების სააგენტოზე გადადის.

"შედეგი [₾4 მილიონის 8 პროექტი] ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ეს მოსალოდნელიც არის, იმიტომ რომ როდესაც რაღაც ასე ძირეულად იცვლება, აუცილებლად ბიზნესი უყურებს, რა მოხდება და როგორ შეიცვლება. [...] ამდენი წელი ერთსა და იმავეს მიჩვეული ხარ - ბანკში მიდიხარ, ისინი სესხს გაძლევენ და არც იცი, იმის უკან ძრავი როგორ მუშაობს. სოფლის განვითარების სააგენტო საერთოდ არ იცი ვინ არის და დღეს გამოდის, რომ სააგენტო უნდა გაიცნოს ფერმერმა, ვინც გვაძლევს რეალურად ფულს…რეალურად, იმას, რასაც საბანკო სექტორი თავის არეალში აქცევდა - საკრედიტო რისკების განხილვასა და შესწავლას - დღეს ანალოგიური საქმიანობა უნდა გასწიოს სააგენტომ, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ეს საქმიანობა უშუალოდ მინდორში გატარებული არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, ეს პროცესია, რომელშიც შეუძლებელია უბრალოდ ძალიან ბევრი განაცხადი შეაფასო”, - აცხადებს გონაშვილი.

მიუხედავად ბიუროკრატიული და პროცესუალური ბარიერებისა, აგრობიზნესმენი ახალ მოდელში მნიშვნელოვან პოზიტივსაც ხედავს - კერძოდ, სექტორის გაწმენდას არაპროფესიონალი მოთამაშეებისგან.

"აქცენტი იმ ადამიანებზე უნდა გავაკეთოთ, ვისაც შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება აქვს. აპრიორშივე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მოდელი გარკვეულწილად შეაფერხებს, მაგალითად, შემთხვევითი სტარტაპერების შემოსვლას სოფლის მეურნეობაში და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, ეს სწორი გაფილტვრის მექანიზმია: შემცირდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც სოფლის მეურნეობა უბრალოდ „კარგი პონტი“ ჰგონია. ჩემი აზრით, პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მართებული მხარე სწორედ ეს არის - ადამიანი უცებ, უბრალო ფეხის აცდენით, ამ სექტორში აღარ მოხვდება”, - აღნიშნა მან.

“წერტილთან” ინტერვიუში ბექა გონაშვილმა ისაუბრა აგროთანადაფინანსების ახალი მოდელის ფარგლებში ბანკებსა და სოფლის განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთობაზეც. მისი თქმით, მთავარი გამოწვევა საშუალო ზომის ფერმერებისთვის პროექტის სრული დაფინანსების მოპოვებაა, რადგან ბანკს სჭირდება გარანტია, რომ ფერმერი ნაკისრ ვალდებულებას (მაგალითად, მშენებლობას ან საქონლის შეძენას) ბოლომდე მიიყვანს.

BMG-ის ინფორმაციით, იმისთვის, რომ ახალმა მოდელმა აგროსესხების გაცემა მკვეთრად არ გაართულოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბანკებს შორის სამუშაო პროცესი მიდის. განიხილება ასეთი მოდელი: სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ ბიზნესპროექტის მოწონების და ბენეფიციართან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, თანხა, რომელიც მეწარმემ/კომპანიამ პროექტის განხორციელების შემდეგ უნდა მიიღოს, ბანკში დეპოზიტზე განთავსდეს, რაც ბანკისთვის დამატებითი გარანტია იქნება სესხის გაცემისას.

ამ მოდელის განხილვის შესახებ ინფორმირებულია ბექა გონაშვილიც და მიიჩნევს, რომ ეს იქნება ერთგვარი შეღავათი, მაგრამ იქვე დასძენს, რომ ბანკის რისკებს სრულად ვერ მოხსნის.

"თუ ბანკისთვის დეპოზიტზე დასმის თემა პოზიტიურად გადაწყდა, ეს, რა თქმა უნდა, გარკვეული შეღავათი იქნება, თუმცა ბანკს მაინც სხვა რისკები რჩება: ეს კონკრეტული პირი, ვისაც სააგენტომ პროექტი დაუმტკიცა, არის კი მართლა შესაბამისი კომპეტენციის?! სააგენტო ხომ ვერ გადაამოწმებს, მაგალითად, “კრედიტინფოში” ამ კლიენტის ისტორიას?! შეიძლება ადამიანს 3-4 წლის წინ გაფუჭებული საკრედიტო ისტორია აქვს, რასაც ბანკი სრულიად სხვანაირად უყურებს. გამოდის სიტუაცია: სააგენტომ კი დამიმტკიცა, კაცო, მაგრამ ბანკი აღარ მაძლევს ამ ფულს - ესეც რეალური პრობლემაა. სწორედ ამიტომ არის დღესდღეობით განაცხადების რაოდენობა შედარებით ნაკლები”, - აღნიშნა მან.

აგროთანადაფინანსების ახალი პროგრამის ხარვეზებზე და შესაძლო ცვლილებების საჭიროებაზე საუბრისას, ბექა გონაშვილი არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ყველაზე მთავარი პრობლემა მხოლოდ თანადაფინანსების ₾2-მილიონიანი ჭერია. მისი თქმით, პრობლემა თავად სექტორულ დაყოფასა და დაწესებულ სხვადასხვა ლიმიტებშია.

„თვითონ პროექტში წერია: მერძევეობას ₾10 მილიონს ვაძლევთ, მსხვილფეხა რქოსანი დედა საქონლის ჩამოყვანაზე 2 მილიონიანი ლიმიტია, სასუქ მოედანზე - 1 მილიონი... თუ ვამბობთ, რომ პროექტი გაერთიანდა და ყველაფერი ერთად არის მოქცეული, მაშინ რაღატომ არის ასეთი დაყოფა?! მეღორეობა, მაგალითად, საერთოდ არ არის დადგენილებაში შეყვანილი, ერთწლიან კულტურებზე კი სულ სხვა მიდგომაა. ასე რომ, აქ საუბარი მხოლოდ 2-მილიონიან ჭერზე არ არის - რამდენიმე მიმართულებაა დასახვეწი”, - ამბობს ბექა გონაშვილი.

ამასთან, “წერტილთან” ინტერვიუში ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ სამინისტრომ უკვე დაიწყო კერძო სექტორისგან შენიშვნებისა და წინადადებების შეგროვება, რაც იმედს იძლევა, რომ პროგრამა პერიოდულად დახვეწას და ბაზრის რეალურ საჭიროებებზე მორგებას დაქვემდებარება.

"სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, დაახლოებით, ორი კვირის წინ დამიკავშირდნენ და მთხოვეს, გავუგზავნოთ შენიშვნები, რაც გვაქვს. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ გაითვალისწინებენ, მაგრამ მთავარია მოსმენა და მუშაობა შეიცვალოს. განყენებულები ხომ ვერ ვიქნებით, არა?! - აცხადებს ბექა გონაშვილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა განცხადებები გაკეთდა კიევში ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ?

რა განცხადებები გაკეთდა კიევში ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ?

BM.GE

"ბუნებრივია, თაღლითობაა, როცა გპირდებიან, რომ $1000-ის ინვესტიციით, კვირაში $5000 გადაგიხდიო" - როგორ ამოვიცნოთ "ფინანსური პირამიდები"

"ბუნებრივია, თაღლითობაა, როცა გპირდებიან, რომ $1000-ის ინვესტიციით, კვირაში $5000 გადაგიხდიო" - როგორ ამოვიცნოთ "ფინანსური პირამიდები"

BM.GE

ხვალ ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გაიხსნება | რა იგეგმება?

ხვალ ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გაიხსნება | რა იგეგმება?

BM.GE

კარგი იქნება, თუ ადგილობრივი მეწარმეებისთვის ქსელურ მარკეტებში შესვლის საკომისიო მოიხსნება - "ჟოლის" დამფუძნებელი

კარგი იქნება, თუ ადგილობრივი მეწარმეებისთვის ქსელურ მარკეტებში შესვლის საკომისიო მოიხსნება - "ჟოლის" დამფუძნებელი

BM.GE