
სამინისტრომ სკოლის სახელმძღვანელოების ბეჭდვის 5-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვის მიზნით კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 4,997,709 ლარს შეადგენს და მოიცავს დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლის წიგნების, მოსწავლის რვეულებისა და მასწავლებლის წიგნების ბეჭდვასა და მიწოდებას.
ტენდერი აუქციონის გარეშე, კონსოლიდირებული შესყიდვის ფორმატში ტარდება. წინადადებების მიღება 2 ივნისს დაიწყო და 3 ივნისს დასრულდება. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფისთვის მოთხოვნილია 99,955-ლარიანი გარანტია.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ სახელმძღვანელოების ბეჭდვა საქართველოში მდებარე სტამბებში უნდა განახორციელოს.
სახელმძღვანელოების მიწოდება საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის, თბილისის საჯარო სკოლებისა და განსაზღვრული საწყობისთვის უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2026 წლის 10 სექტემბრისა. მიმწოდებელი ვალდებული იქნება საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს როგორც ტრანსპორტირება, ისე სახელმძღვანელოების სკოლების მიხედვით დახარისხება.
დოკუმენტაცია დეტალურად განსაზღვრავს ბეჭდვის ტექნიკურ პარამეტრებს. მოსწავლეთა წიგნებისთვის გათვალისწინებულია ოფსეტური ბეჭდვ და სხვადასხვა სიმკვრივის გარეკანი, გვერდების რაოდენობის მიხედვით. ტენდერის პირობებით, გამოყენებული საღებავები უნდა იყოს ეკოლოგიურად უსაფრთხო და არ უნდა შეიცავდეს ტყვიას, ვერცხლისწყალს, კადმიუმს, ექვსვალენტიან ქრომს, პოლიბრომირებულ ბიფენილებსა და პოლიბრომირებულ დიფენილ ეთერებს.
კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს 2024 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე არანაკლებ 3 მილიონი ლარის ღირებულების პოლიგრაფიული პროდუქციის მიწოდების გამოცდილება უნდა ჰქონდეთ. გამოცდილება შეიძლება დადასტურდეს როგორც აუდიტორული დასკვნით, ისე ხელშეკრულებებით, მიღება-ჩაბარების აქტებითა და სხვა შესაბამისი დოკუმენტებით.
ტენდერი ასევე ითვალისწინებს ხარისხის კონტროლის მრავალსაფეხურიან სისტემას. მიმწოდებელი ვალდებული იქნება, თითოეული სახელმძღვანელოს მიწოდებამდე არანაკლებ სამი სამუშაო დღით ადრე წარადგინოს საქართველოს პოლიგრაფისტთა ასოციაციის მიერ გაცემული ხარისხის შესაბამისობის დოკუმენტი. გარდა ამისა, შემსყიდველს უფლება ექნება, საჭიროების შემთხვევაში, ჩაატაროს დამატებითი ექსპერტიზა ან უშუალოდ დააკვირდეს ბეჭდვის პროცესს სტამბებში.
სატენდერო პირობების მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში დაბეჭდილი და ყდაში ჩასმული უნდა იყოს სახელმძღვანელოების სულ მცირე 30%. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას ხელშეკრულების შეწყვეტის ინიცირების უფლება ექნება.
სახელმძღვანელოების შესყიდვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2025 წლის სექტემბრის განკარგულების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც 2026-2027 წლებში წიგნების ბეჭდვისა და ადგილზე მიწოდების სახელმწიფო შესყიდვები კონსოლიდირებული ტენდერების მეშვეობით უნდა განხორციელდეს. ტენდერის ფარგლებში შესყიდვებს განახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებული შპს „საგანმანათლებლო რესურსები“.
BM.GE
წყარო: bm.ge