
"სამინისტროს მარტში მივმართეთ, მაგრამ პასუხი დღემდე არაა"|რატომ ფერხდება ნუნისში $5 მილიონზე მეტი ინვესტიცია?|ინტერვიუ
დასასვენებელი კომპლექსი “Nunisi Forest Hotel and Spa” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოსგან წყლის ლიცენზიის ხელახალ აუქციონზე გამოტანის მოლოდინშია.
"გარემოს დაცვის სამინისტროს მარტში მივმართეთ, მაგრამ პასუხი დღემდე არაა”, - თქვა BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” დასასვენებელი კომპლექსის თანადამფუძნებელმა, ბიზნესმენმა ირმა დაუშვილმა და იქვე დასძინა, რომ ლიცენზიის არარსებობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რაც კურორტზე 5-დან 8 მილიონ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებას აფერხებს.
Nunisi Forest Hotel and Spa - სამკურნალო, გამაჯანსაღებელი და გასართობ-დასასვენებელი კომპლექსია. ის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ნუნისის წყლის ხეობაში მდებარეობს. ნუნისის მაკურნებელი ძალის საიდუმლო წყლის შემადგენლობაშია. კაჟმჟავას შემცველობის გამო ნუნისის წყალი უხდება კანის დაავადებებს – ფსორიაზს, ეგზემას, ნეიროდერმიტს, იმპეტიგოს, ასევე, ალერგიას,ძვალ-სახსართა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებს. მკურნალობის ძირითადი მეთოდი მინერალური წყლის აბაზანებია.
დასასვენებელი კომპლექსი "ნუნისი" ირმა დაუშვილმა 2002 წელს დააფუძნა და განვითარება დაიწყო. 2022 წელს, ნუნისის წყალზე მოპოვებულ 20-წლიან ლიცენზიას ვადა გაუვიდა. მისი თქმით, მინერალური რესურსების სააგენტომ Nunisi Forest Hotel and Spa-ს ლიცენზია არ გაუგრძელა და ამ დრომდე, არც ახალი აუქციონი გამოაცხადა.
ირმა დაუშვილი იმედოვნებს, რომ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რომლის სსიპიც არის, მინერალური რესურსების სააგენტო ეფექტიან კომუნიკაციას შეძლებს. ბიზნესმენმა “წერტილთან” ინტერვიუში ამ და სხვა გამოწვევებზე, რაც ბალნეოლოგიურ კურორტს აქვს, ვრცლად ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო საბაზო ინფრასტრუქტურას მალე მოაწესრიგებს.
ინტერვიუ ირმა დაუშვილთან
- „არსებობს გზა, ცუდი გზა და ნუნისის გზა“ - ასე აღწერდით ბოლო წლებში კურორტამდე მისასვლელ გზას. დაიგო გზა თუ ისევ უგზო კურორტს მართავთ?
- მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ გზის რეაბილიტაცია დაიწყო. საუბარია თბილისიდან მიმავალ, ჩუმათელეთიდან გადასახვევ 28-კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც ფაქტობრივად, განადგურებული იყო. 24-წლიანი მოლოდინის შემდეგ, საქმეში გამოცდილი კომპანია ჩაერთო და გზა იგება. სამუშაოები დასასრულს უახლოვდება - 24 კილომეტრი სრულად მოასფალტებულია. ნუნისის გულშემატკივრებს სიამოვნებით ვაცნობებ, რომ ეს უკვე თანამედროვე გზაა. დარჩენილია სულ რაღაც 2-3 კილომეტრი, რომელსაც, ალბათ, ახალ წლამდე დაასრულებენ. ამის შემდეგ ნუნისში ჩასვლა თბილისიდანაც და ქუთაისიდანაც ზუსტად ორ საათში იქნება შესაძლებელი.
- 28-კილომეტრიან მონაკვეთს 24 წელი რატომ დასჭირდა - სახელმწიფოს სახსრები არ ჰქონდა თუ პრიორიტეტი არ იყო?
- პრიორიტეტი არ იყო. ეს საკითხი ჯერ კიდევ 2002 წლიდან მრავალჯერ დავაყენეთ. მაშინ კურორტი მიტოვებული გახლდათ და მსხვილი ბიზნესი პროექტით არ ინტერესდებოდა. მე და ჩემმა პარტნიორმა - სტუდენტობის მეგობრებმა - მაკა ვეზირიშვილმა, ახალგაზრდული ენთუზიაზმით ავითვისეთ ეს ადგილი. დღევანდელი გადასახედიდან, წმინდა ბიზნესგათვლით, ასეთ პირობებში პროექტს, ალბათ, არც გავეკარებოდით; თუმცა მაშინ გამოცდილება არ გვქონდა, გვამოძრავებდა ემოცია და ქვეყნის სიყვარული. გულდასაწყვეტი იქნებოდა, ეს ნაბიჯი რომ არ გადაგვედგა - ამ წლებში არა მხოლოდ კურორტი განვავითარეთ, არამედ ადგილობრივი მოსახლეობაც დასაქმდა და მხარე გაცოცხლდა. ირგვლივ, ათამდე სოფელში, სხვა ბიზნესი პრაქტიკულად არ არსებობს. ადრე ფუნქციონირებდა ზვარეს საბანაკე სივრცე და ზვარეს წყლის წარმოება, თუმცა ვერცერთმა განვითარება ვერ პოვა. გვინდოდა, ზვარეს წყლის ლიცენზიის აღებაც, მაგრამ მას კერძო მესაკუთრე ჰყავდა, რომელმაც პროექტი ვერ განახორციელა, რაც გულდასაწყვეტია, რადგან ისიც უნიკალური წყალია. ნუნისი კი, ჩვენი ძალისხმევით აღდგა. ამ 24 წლის განმავლობაში ათობით ათასმა ადამიანმა შეძლო მკურნალობა და დასვენება. ეს არის უნიკალური სამკურნალო კურორტი, სადაც ისეთ რთულ დაავადებებს მკურნალობენ, როგორებიცაა კანის დაავადებები: ფსორიაზი, ატოპური დერმატიტი, ეგზემა და სხვა.
- ნუნისში გზის პრობლემა მოგვარდა. ახლა რა არის პირველი რიგის საჭიროება იმისთვის, რომ კურორტზე ინვესტირება გააგრძელოთ, ახალი სერვისები დანერგოთ და ბიზნესმა მეტი შემოსავალი მიიღოს?
- გზა სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო - ფაქტობრივად, სულს ვღაფავდით, თუმცა ამით მაღალმთიანი რეგიონის გამოწვევები არ ამოწურულა. უმთავრეს პრობლემად რჩება ელექტროენერგიის სტაბილური მოწოდება. ზამთარში დამსვენებელს შიშით ვიღებთ და ხშირად უარის თქმაც გვიწევს, რადგან კვირაში შეიძლება 2-3-ჯერ სრულად გაითიშოს დენი. გარდა ამისა, არ არის გაზიფიკაცია და ინტერნეტიზაცია, რაც თანამედროვე ბიზნესის განვითარებისთვის ფუნდამენტური საჭიროებაა.
- ამ ეტაპზე კურორტს მხოლოდ წყალი და გზა აქვს?
- დიახ, აქამდე მხოლოდ წყალი გვქონდა, ახლა გზაც გვაქვს. იმედია, ნელ-ნელა სხვა კომუნიკაციებიც შემოგვემატება და ამას კიდევ 20-24 წელი არ დასჭირდება.
- გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონშია კურორტი ნუნისი, თქვენი მთავარი საკომუნიკაციო რგოლი ადგილობრივი ხელისუფლებაა. რამდენად მოწადინებულია ხარაგაულის მერია თუ საკრებულო, რომ იყოს თქვენი ხმა ცენტრალურ მთავრობასთან თუ კერძო კომპანიებთან?
- დიდი გზა გავიარეთ იმისთვის, რომ ადგილობრივი მოსახლეობისა და მმართველობის ნდობა მოგვეპოვებინა. 24 წლის წინ განწყობა ასეთი იყო: წყალი ხალხს ეკუთვნოდა და მოვიდნენ „ქალაქელი გველვეშაპები“ და დაეპატრონნენ. პირველ წლებში სერიოზული წინააღმდეგობა გვქონდა როგორც მოსახლეობის, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან. თუმცა ეტაპობრივად დავარწმუნეთ ისინი, რომ ბუნებრივი რესურსი სახელმწიფოს საკუთრებაა და ჩვენ მას ლიცენზიით ვფლობდით. დიდი დრო დასჭირდა რეგიონული სამსახურების თანადგომის მოპოვებას. დღესდღეობით, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ცდილობენ გვერდით დაგვიდგნენ, თუმცა ნუნისის წყლის ლიცენზირების საკითხში ჯერჯერობით, ვერ მოვძებნეთ საერთო ენა.
- ნუნისის წყალზე ლიცენზიას ვადა გაუვიდა 2022 წელს. თქვენ ელოდით, რომ სახელმწიფო გაგიგრძელებდათ ლიცენზიას გარკვეული საინვესტიციო ვალდებულების სანაცვლოდ, მაგრამ ასე არ მოიქცნენ და არც აუქციონზე გამოიტანეს რესურსი - ასეა?
- დიახ, როდესაც მოქმედი ლიცენზიატები ვიყავით, კანონმდებლობა იძლეოდა შესაძლებლობას, ვადა პირდაპირი წესით გაგრძელებულიყო. ადგილობრივი მმართველობის მხრიდან გარკვეული ნეგატიური დამოკიდებულებისა და სხვა პრობლემების გამო, ასე არ მოხდა. ახლა ერთადერთი გზაა, რომ ლიცენზია აუქციონზე გამოიტანონ. მინერალური რესურსების სააგენტოში განცხადება შეტანილი გვაქვს, რომ ლიცენზია ხელახლა გამოიტანონ აუქციონზე, რათა მონაწილეობა შევძლოთ… სიტუაცია იმანაც გაართულა, რომ ორი წლის წინ, როდესაც ეს პროცესი დავიწყეთ, მინერალური რესურსების სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში იყო, ახლა კი ისევ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუქვემდებარეს. ამ უწყებასთან, ჯერჯერობით, მჭიდრო კომუნიკაცია ვერ დამყარდა. ოფიციალური წერილების დონეზე ვართ გაჩერებული, ველოდებით პასუხს და ვიმედოვნებთ, რომ დაინტერესდებიან.
- როდის მიმართეთ გარემოს დაცვის სამინისტროს აუქციონის გამოცხადების თხოვნით და რატომ ჭიანურდება პროცესი?
- განცხადებით მიმდინარე წლის მარტში მივმართეთ, თუმცა პასუხი დღემდე არ არის - არც წყლის რესურსის აუქციონზე გამოსატანად ემზადებიან და არც უარის მიზეზს განგვიმარტავენ.
- წყლის რესურსის ლიცენზიის გაგრძელების შემთხვევაში, რა მოცულობის ინვესტიციას განახორციელებთ კურორტზე?
- პროცესი ორი ნაწილისგან შედგება: უშუალოდ ლიცენზიის ღირებულება და საინვესტიციო პროექტი. სამი წლის წინ, როცა გზა არ გვქონდა, სხვა სურათი იყო და ვადებიც შესაბამისად, გახლდათ გაწერილი. ახლა, ინფრასტრუქტურის ფონზე, ეს ვადები შეიძლება დაჩქარდეს და უფრო საინტერესო ინვესტიციაც განხორციელდეს. უბრალოდ, პირველ ეტაპზე უკუკავშირი გვჭირდება. საუბარია დაახლოებით 5-დან 8 მილიონ დოლარამდე ინვესტიციაზე.
- ეს არის ის პოტენციური კაპიტალი, რომელიც კურორტზე შევა, თუ გარემოს დაცვის სამინისტრო აქტივს აუქციონზე დროულად გამოიტანს.
- დიახ, თუმცა აქ გარკვეული კაზუსია: თუ აუქციონი სხვამ მოიგო, არ ვიცი, ინვესტიციის განხორციელებას როგორ მოსთხოვენ, რადგან ტერიტორია და ინფრასტრუქტურა ჩვენი კერძო საკუთრებაა. ლოგიკურად, თუ ჩვენი ჩადებული ინვესტიცია უნდა განვითარდეს, ლიცენზიის გაგრძელებაც ჩვენთან უნდა მოხდეს, თუმცა ბიზნესისთვის [„არა“-ც პასუხია, მთავარია გარკვეულობა იყოს].
- დიახ, ბიზნესისთვის დროული “არაც” პასუხია. ამ თემაზე BMG-ც დაუკავშირდება გარემოს დაცვის სამინისტროს და მათ პოზიციასაც მოისმენს.
BM.GE
წყარო: bm.ge