
საქართველოს რკინიგზამ მგზავრთა რაოდენობა 20.2%-ით გაზარდა - საერთაშორისო მიმოსვლაში 5.6-ჯერადი ზრდაა
2026 წლის III კვარტალში საქართველოს რკინიგზამ 708 ათასი მგზავრი გადაიყვანა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 20.2%-ით მეტია. ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზარდა საერთაშორისო მიმოსვლით მოსარგებლე მგზავრების რაოდენობაც. შედარებისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის III კვარტალში რკინიგზით 589.1 ათასი მგზავრი გადაიყვანეს, 2026 წლის ანალოგიურ პერიოდში კი მაჩვენებელი 708 ათასამდე გაიზარდა.
მგზავრთბრუნვამ საანგარიშო პერიოდში 164.5 მლნ მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 2025 წლის III კვარტალის 144.9 მლნ მგზავრ-კილომეტრთან შედარებით 13.6%-ით მეტია.
მგზავრთა უმრავლესობა კვლავ ადგილობრივი მიმოსვლით სარგებლობს. 2026 წლის III კვარტალში ქვეყნის შიგნით რკინიგზით 619.8 ათასი მგზავრი გადაიყვანეს, რაც მგზავრთა საერთო რაოდენობის 87.5%-ია. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ადგილობრივი მიმოსვლით 573.4 ათასი მგზავრი სარგებლობდა. წლიური ზრდა 8.1%-ია.
განსაკუთრებით მკვეთრია მატება საერთაშორისო მიმოსვლაში. 2026 წლის III კვარტალში საქართველოს რკინიგზით საერთაშორისო მიმართულებებზე 88.2 ათასი მგზავრი გადაადგილდა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 15.6 ათასი იყო. შედეგად, საერთაშორისო მიმოსვლით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა დაახლოებით 5.6-ჯერ გაიზარდა.
2026 წლის III კვარტალში საერთაშორისო მიმოსვლით გადაყვანილი მგზავრების 35.5% აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსვლაზე მოდიოდა, 12.6% - სომხეთიდან შემოსვლაზე. ამასთან, მგზავრთა 36.8% აზერბაიჯანის მიმართულებით, 15.1% კი სომხეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა. შედარებისთვის, 2025 წლის III კვარტალში საერთაშორისო მიმოსვლით გადაყვანილი მგზავრების 78.3% სომხეთიდან საქართველოში შემოსვლაზე მოდიოდა, 21.7% კი სომხეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა. სხვა მოსაზღვრე ქვეყნების მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა იმ პერიოდში არ განხორციელებულა.
BM.GE
წყარო: bm.ge