
სამხრეთ აფრიკაში საქმე აღიძრა პირზე, რომელიც 5 ბაობაბის საქართველოში ექსპორტს გეგმავდა
სამხრეთ აფრიკამ ბაობაბის ხეების საქართველოში უკანონო ექსპორტის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ინფორმაციას OC Media ავრცელებს.
შესაბამის თარგმანს On.ge ავრცელებს.
აფრიკის ქალაქ დურბანის საწყობში ბაობაბის ხუთი დიდი ხე რჩება, სანამ ადგილობრივი ხელისუფლება საქართველოში მათ შესაძლო უკანონო ექსპორტს იკვლევს. სამხრეთ აფრიკის გარემოს დაცვის, სატყეო და თევზჭერის დეპარტამენტის (DFFE) ცნობით, ხეების გატანაზე მოქმედი ლიცენზია გაცემული არ ყოფილა, რის გამოც უწყებამ ექსპორტიორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ექსპორტიორის ვინაობა ჯერჯერობით არ საჯაროვდება.
ბაობაბის ხეები საქართველოში ადრეც სკანდალურად ჩამოიტანეს, თუმცა მოგვიანებით ყველა მათგანი გახმა. 2024 წელს შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში (რომელიც ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა) კენიიდან 2023 წელს იმპორტირებული რვავე ბაობაბი გახმა.
"სამწუხაროდ, ამ უნიკალური მცენარეების მიერ განცდილმა სტრესმა შედეგები გამოიღო და საქართველოს ნიადაგზე დარგვიდან 6–7 თვეში რვავე ბაობაბი დაჭკნა", — აცხადებდნენ იმ დროს დენდროლოგიურ პარკში.
დურბანში აღმოჩენილ ხეებთან დაკავშირებით DFFE-მ განმარტა, რომ ხეები მოჭრეს ლიმპოპოს პროვინციის ლეფალალეს მუნიციპალიტეტში და მათი გაგზავნა საქართველოში იგეგმებოდა:
"ხეები მოპოვებული იყო ლეფალალეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტში, უოტერბერგის რაიონში, ლიმპოპოს პროვინციაში და დაგეგმილი იყო მათი ექსპორტი საქართველოში, ევროპაში", — აცხადებს დეპარტამენტი.
უწყების ცნობით, ექსპორტიორმა განაცხადი 2026 წლის 27 ივლისს წარადგინა, თუმცა მოთხოვნა უარყვეს:
"2026 წლის 27 ივლისს ექსპორტიორმა მიმართა დეპარტამენტს ხუთი დაცული ხის ამოღების, ფლობის, შეგროვების, ტრანსპორტირების, ექსპორტისა და ყიდვის ლიცენზიის მისაღებად.თუმცა, განაცხადი უარყოფილი იქნა 2026 წლის 31 ივლისს, რადგან საკითხზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება და დეპარტამენტი არ გასცემს ლიცენზიას, სავარაუდოდ უკანონო კრიმინალური საქმიანობის დასაკანონებლად.განმცხადებელმა აპელაცია შეიტანა 2026 წლის 8 აგვისტოს, რაც ამჟამად განხილვის პროცესშია".
საწყობის მფლობელმა კომპანიამ Africa Global Logistics (AGL) OC Media-ს განუცხადა, რომ როდესაც დოკუმენტაციასთან დაკავშირებით ეჭვები გაჩნდა, ტვირთის გაგზავნა შეაჩერეს:
"როდესაც მარეგულირებელ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით ეჭვები გაჩნდა, ჩვენ შევაჩერეთ შეთავაზებული გადაზიდვა.AGL არ წარმოადგენს ხეების მფლობელს, ექსპორტიორს ან ნებართვის მფლობელს და არ ყოფილა ჩართული მათ ამოღებასა თუ ლიმპოპოდან ტრანსპორტირებაში. მოთხოვნილი ლიცენზიების, ნებართვებისა და მარეგულირებელი თანხმობების მოპოვებასა და შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მფლობელსა და ექსპორტიორს", — განაცხადა კომპანიამ.
DFFE-ს ჯერ არ დაუსახელებია ბრალდებული პირები, თუმცა აღნიშნავს, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც ჩართულია ამგვარი ხეების "ფლობაში, შეგროვებაში, ამოღებაში, ტრანსპორტირებაში, ექსპორტში, ყიდვაში ან გაყიდვაში", პირველი კატეგორიის დანაშაულს ჩადის.
BM.GE
წყარო: bm.ge