
სამხრეთ კორეა გახდა მე-4 ქვეყანა, რომლის წლიურმა ექსპორტმაც $1 ტრილიონს გადააჭარბა
ხელოვნური ინტელექტის ჩიპებზე გლობალური მოთხოვნის ზრდის ფონზე, სამხრეთ კორეის წლიურმა ექსპორტმა $1 ტრილიონს გადააჭარბა.
ამ შედეგით სამხრეთ კორეა, გერმანიის, აშშ-ისა და ჩინეთის შემდეგ, $1-ტრილიონიანი ექსპორტის მქონე მეოთხე სახელმწიფოდ იქცა. ქვეყნის ვაჭრობის სამინისტროს ცნობით, ექსპორტმა $1-ტრილიონიან ნიშნულს ხუთშაბათს გადააჭარბა, მაშინ როცა გასული წლის რეკორდული მაჩვენებელი მხოლოდ $709 მილიარდს შეადგენდა.
ინფორმაციისთვის, 2026 წლის პირველ სამ კვარტალში ნახევარგამტარების ექსპორტი, წინა წელთან შედარებით, 184%-ით გაიზარდა და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 42% შეადგინა.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჯე მიუნგმა სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ეს მიღწევა მდგრად ზრდად უნდა აქციოს, მთავარი ინდუსტრიების კონკურენტუნარიანობა გააძლიეროს და განვითარების ახალი მიმართულებები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტი და ბიოტექნოლოგიები განავითაროს.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ექსპორტის წარმატებამ უპირველესად მოქალაქეების ცხოვრება უნდა გააუმჯობესოს. პრეზიდენტის განმარტებით, მთავრობა "ზრდა ყველასთვის" პრინციპით იმოქმედებს და ეკონომიკურ სარგებელს როგორც მსხვილ და მცირე კომპანიებს, ისე დედაქალაქსა და რეგიონებს გაუნაწილებს.
BM.GE
წყარო: bm.ge