სამხრეთ კორეამ სტეიბლკოინების რეგულირების კანონპროექტი წარადგინა
სამხრეთ კორეის ფინანსური მომსახურების კომისიამ ციფრული აქტივების შესახებ ახალი კანონპროექტი წარადგინა. ინიციატივა ადგილობრივ ბანკებს სტეიბლკოინების გამოშვების უფლებას მისცემს.
მარეგულირებლის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები ბაზრის გამჭვირვალობის ზრდასა და ინვესტორთა ნდობის გამყარებას მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ ძალაში შესასვლელად დოკუმენტი ქვეყნის ეროვნულმა ასამბლეამ უნდა დაამტკიცოს.
რაც შეეხება დეტალებს, ახალი წესების თანახმად, სტეიბლკოინების გამოშვებას შეძლებენ კონსორციუმები, რომლებშიც საკონტროლო პაკეტს ადგილობრივი ბანკები ფლობენ. ამასთან, მარეგულირებლები ამ პროცესში ფინტექ და სხვა ტექნოლოგიური კომპანიების ჩართვაზე იმუშავებენ.
კანონპროექტი ციფრული აქტივების სავაჭრო პლატფორმების ოპერატორთა მსხვილი აქციონერების წილსაც შეზღუდავს და მათ მაქსიმუმ 20%-იანი პაკეტის ფლობის უფლებას მისცემს. თუმცა, ფინანსური მომსახურების კომისიის თანხმობის შემთხვევაში, ეს ზღვარი შესაძლოა 34%-მდე გაიზარდოს.
