
სამშენებლო ბიზნესი შრომის უსაფრთხოებაში ვალდებულებების შესრულებაზე მეტად ორიენტირებული უნდა იყოს - მიხეილ სარჯველაძე
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სამშენებლო ბიზნესი შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის კუთხით, ვალდებულებების შესრულებაზე მეტად ორიენტირებული უნდა იყოს - ამის შესახებ მან შრომის ისპექციის სამსახურის უფროსთან და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა სამშენებლო სექტორში, შრომის უსაფრთხოების სტანდარტებზე, საკანონმდებლო რეგულაციებსა და მათი აღსრულების პრაქტიკაზე იმსჯელეს.
მიხეილ სარჯველაძემ რეგულაციებისა და მათი ეფექტურად აღსრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის განცხადებით, შრომის უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა, დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის საერთო პასუხისმგებლობა და პრიორიტეტია.
„შეხვედრის მიზანი უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ სანქცირების მექანიზმით არ ვიყოთ აღჭურვილი, არამედ კრიტიკულად მნიშვნელოვანია რომ თვითონ ბიზნესი მაქსიმალურად გაგებით ეკიდებოდეს ყველა იმ ვალდებულების შესრულებას, რომელიც მათ ეკისრებათ საკანონდებლო ნორმებიდან გამომდინარე. ეს იმიტომ რომ რაც შეიძლება მეტად ორიენტირებული იყოს თვითონ ბიზნესი ამ ვალდებულებების შესრულებაზე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა კი აღნიშნა, რომ სამშენებლო სექტორში ფატალური შემთხვევების მხრივ ვითარება გაუმჯობესებულია, თუმცა უფრო უკეთესი ვითარების მიღების რესურსი ჯერ კიდევ არსებობს.
„სამშენებლო სექტორში ფატალური შემთხვევების რიცხვი 46%-ით არის შემცირებული მას შემდეგ რაც შრომის უსაფრთხოების კანონი ამოქმედდა. კიდევ 30%-ით შემცირების რესურსი კიდევ არსებობს, რომ თუ მოხდება უსაფრთხოების დაცვა, სამშენებლო სექტორში მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემო შეიქმნას“, - განაცხადა შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ.
მხარეებმა სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა, ინსპექტირების შედეგები და აღსრულების პრაქტიკა განიხილეს. იმსჯელეს სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების პრევენციისა და დამსაქმებელთა მხრიდან, უსაფრთხოების კულტურის განმტკიცების გზებზეც.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის უწყვეტი დიალოგის მნიშვნელობას, უსაფრთხოების სტანდარტების ეფექტიანი დანერგვისა და სამუშაო გარემოს გაუმჯობესების პროცესში. ასევე განიხილეს შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგის დინამიკა და გამოვლენილი დარღვევებიც განიხილეს. მხარეებმა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ პრაქტიკულ რეკომენდაციებზეც იმსჯელეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლები.
BM.GE
წყარო: bm.ge