მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სამშენებლო ბუმი და 11%-იანი ზრდა: როგორ აქცია რუსეთ-უკრაინის ომმა ყირგიზეთი მოულოდნელ ეკონომიკურ ჰაბად
სამშენებლო ბუმი და 11%-იანი ზრდა: როგორ აქცია რუსეთ-უკრაინის ომმა ყირგიზეთი მოულოდნელ ეკონომიკურ ჰაბად

სამშენებლო ბუმი და 11%-იანი ზრდა: როგორ აქცია რუსეთ-უკრაინის ომმა ყირგიზეთი მოულოდნელ ეკონომიკურ ჰაბად

BM.GE27 სექტემბერი, 2026, 18:44|bm.ge

სულ ცოტა ხნის წინ ყირგიზეთის ასობით ათასი მოქალაქე სამუშაოდ საზღვარგარეთ, ძირითადად რუსეთში მიდიოდა. დღეს კი ყირგიზეთი თავად იღებს შრომით მიგრანტებს. გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკა 11%-ით გაიზარდა, ქალაქები კი სამშენებლო ბუმმა მოიცვა - თუ საიდან გაჩნდა ეს ფინანსები, ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

ყირგიზეთი ცენტრალურ აზიაში მდებარე მთიანი ქვეყანაა დაახლოებით შვიდმილიონიანი მოსახლეობით. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია და რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკურ კავშირებს ინარჩუნებს. იქ ყირგიზეთის ასობით ათასი მოქალაქე მუშაობს, თავად ქვეყანა კი საწვავისა და არაერთი სხვა პროდუქტის რუსულ იმპორტზეა დამოკიდებული.

თუმცა ბოლო რამდენიმე წელიწადში ყირგიზეთმა სწრაფი ტრანსფორმაცია დაიწყო. ცვლილებები განსაკუთრებით ბიშკეკში იგრძნობა: ურბანული პეიზაჟი სამშენებლო ამწეებითაა გადატვირთული, ჩვეულებრივი სახლების გვერდით მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსები შენდება, პარალელურად კი სტადიონები, სამთავრობო შენობები და მთელი ახალი ადმინისტრაციული კვარტალი იგება.

მასშტაბური მშენებლობები დედაქალაქს მიღმაც მიმდინარეობს. ერთ წელიწადში ქვეყანაში დაახლოებით 1 450 კილომეტრის სიგრძის გზა დაიგო და გარემონტდა, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 11 აეროპორტს, სკოლებსა და საბავშვო ბაღებს. კიდევ ერთი მსხვილი პროექტია რკინიგზა, რომელმაც ყირგიზეთის გავლით ჩინეთი უზბეკეთთან უნდა დააკავშიროს.

შეიცვალა შრომის ბაზარიც. ათწლეულების განმავლობაში ყირგიზეთი იყო ქვეყანა, საიდანაც ხალხი მასობრივად მიდიოდა სამუშაოდ რუსეთში. ახლა კი ადგილობრივ სამშენებლო ობიექტებზე სამხრეთ აზიიდან ჩამოსული მუშახელის ნახვაა შესაძლებელი.

ეს ცვლილებები სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა: 2022-2024 წლებში ეკონომიკა წლიურად 9%-ით იზრდებოდა, გასულ წელს კი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთბაშად 11%-ით გაიზარდა.

საიდან მოდის ფული?

ეკონომიკურ აღმავლობაში გადამწყვეტი როლი ითამაშა იმან, რომ 2022 წლის შემდეგ ყირგიზეთი რუსეთისთვის ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო ჰაბად იქცა. სანქციების დაწესებისა და საერთაშორისო კომპანიების გასვლის შემდეგ, ჩინური და დასავლური პროდუქციის ნაკადი სწორედ ამ ქვეყნის გავლით შევიდა რუსეთში. ამ პროცესს ხელს უწყობს ორივე ქვეყნის წევრობა "ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში", რის გამოც ყირგიზეთიდან რუსეთში საქონელი ჩვეულებრივი საბაჟო გადასახადების გარეშე შედის.

შედეგად, ყირგიზეთში მკვეთრად გაიზარდა ავტომობილების, ელექტრონიკის, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობის იმპორტი. ამ იმპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილობრივი ბაზრისთვის კი არა, რუსეთში რეექსპორტისთვის არის განკუთვნილი.

სავაჭრო ნაკადების ცვლილება ნათლად ჩანს ევროკავშირის მაგალითზეც: 2025 წელს ევროკავშირმა ყირგიზეთში დაახლოებით 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა, რაც რვაჯერ აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს - რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ბოლო წლის მონაცემს.

აზიის განვითარების ბანკის (ADB) შეფასებით, რომელსაც The New York Times-ი იმოწმებს, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყირგიზეთის ეკონომიკური ზრდის 30-დან 40%-მდე სწორედ რეექსპორტზე მოდის.

თუმცა ახალი სავაჭრო ნაკადები მიმდინარე ნახტომის მხოლოდ ნაწილს ხსნის.

ექსპერტების შეფასებით, ქვეყანამ სარგებელი ნახა ოქროს ფასების მატებითაც, რაც მის მთავარ საექსპორტო საქონლად რჩება. ვითარდება საფინანსო და კრიპტოვალუტის სექტორებიც. ამასთანავე, სახელმწიფომ ეკონომიკაში გაცილებით მეტი რესურსის დაბანდება დაიწყო.

როგორც The New York Times-ი წერს, ეკონომიკურმა წინსვლამ პრეზიდენტ სადირ ჯაფაროვის პოპულარობაც გაზარდა. 2020 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მან ქვეყანაზე კონტროლი საგრძნობლად გააძლიერა: დაიწყო რეპრესიები დამოუკიდებელი მედიისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, შეიზღუდა დემონსტრაციები და გაიზარდა წნეხი სამოქალაქო საზოგადოებაზე.

პარალელურად, ჯაფაროვის დროს შეიცვალა გადასახადებისა და საბაჟო გადასახდელების აკრეფის სისტემა, რამაც სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდიდან მეტი შემოსავლის მიღების საშუალება მისცა. გამოცემის ცნობით, 2020 წლის შემდეგ საგადასახადო შემოსავლები ოთხჯერ გაიზარდა, საბაჟო გადასახადები - ექვსჯერ, ხოლო სახელმწიფოს კაპიტალური ინვესტიციები 2021 წლიდან მოყოლებული 16-ჯერ გაიზარდა.

The New York Times-ი აღნიშნავს, რომ ეკონომიკური ბუმით ყველას თანაბრად არ უსარგებლია. ახალი რეალობიდან ყველაზე დიდი მოგება ვაჭრობამ, ლოგისტიკამ, ფინანსებმა და მშენებლობამ ნახა.

ექსპერტები მიუთითებენ, რომ ახალი შემოსავლების დიდი ნაწილი თავმოყრილია იმ ადამიანთა ვიწრო წრეში, რომლებიც ამ სექტორებთან და ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულნი. მათი თქმით, ყირგიზეთში შეძლებული ადამიანების ახალი კლასი ჩამოყალიბდა.

ამავდროულად, მზარდი მოთხოვნა ფასებს ზრდის. ინფლაცია დაახლოებით 11%-ია, ძვირდება სურსათი და ბინის ქირა. შესაბამისად, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის ქვეყნის ეკონომიკური წარმატება საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას სულაც არ ნიშნავს.

გაურკვეველია ისიც, რამდენ ხანს გასტანს ზრდის ეს ტემპი. დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ გადაკეტონ მესამე ქვეყნების გავლით რუსეთში პროდუქციის შესვლის გზები და უკვე დაუწესეს სანქციები რამდენიმე ყირგიზულ კომპანიას. თავის მხრივ, მოსკოვიც ცდილობს ავტომობილების ე.წ. "ნაცრისფერი იმპორტის" შეზღუდვას, რის გამოც რუსული ბიუჯეტი გადასახადებს კარგავს.

ზოგიერთი სავაჭრო ნაკადი უკვე მცირდება: 2025 წელს ევროკავშირიდან ყირგიზეთში დაფიქსირებული 2.5 მილიარდი დოლარის ექსპორტი სარეკორდო მაჩვენებლისგან შორს არის - პიკი 2023 წელს იყო, როდესაც ამ რიცხვმა 3.1 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ამასთან, რუსეთთან ეკონომიკური კავშირები კვლავ უაღრესად მტკიცე რჩება: იქ ნახევარ მილიონზე მეტი ყირგიზი მუშაობს, ხოლო ნავთობი, გაზი, რკინა, ხე-ტყე, საწვავი და საპოხი მასალები ყირგიზეთში სწორედ რუსეთიდან შედის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 279 სტატია.

  • ზელენსკი: მსოფლიომ უფრო მკაცრი პასუხი უნდა აირჩიოს რუსეთისთვისფორმულა
  • უკრაინული მედია: რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, 45 კი დაშავდა - კიევზე იერიშები მეორე დღეა, გრძელდებაიმედი
  • აფხაზებისთვის რუსეთის მოქალაქეობის დოკუმენტების მიღების ტემპი 5-ჯერ გაიზრდებანეტგაზეთი
  • ტრამპი: სამწუხაროდ, უკრაინასთან ომის გამო რუსეთმა დიზელის საწვავის ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა, ეს აბსურდული ომი უკრაინასთან უნდა დასრულდესრუსთავი 2
რუსეთის →უკრაინის →

მსგავსი სტატიები

პრემიუმ აპარტოტელი და საბაგირო გზა - Litz Resort $30 მილიონიანი ინვესტიციით ფართოვდება

პრემიუმ აპარტოტელი და საბაგირო გზა - Litz Resort $30 მილიონიანი ინვესტიციით ფართოვდება

BM.GE

"დაფნა" გაფართოებას აგრძელებს - სად გაიხსნა ქსელის ახალი ობიექტი?

"დაფნა" გაფართოებას აგრძელებს - სად გაიხსნა ქსელის ახალი ობიექტი?

BM.GE

სანქცირებული ირანული კომპანიები და თეირანის მუქარა - რა გავლენა ექნება საქართველოზე ირანთან შეწყვეტილ ფრენებს?

სანქცირებული ირანული კომპანიები და თეირანის მუქარა - რა გავლენა ექნება საქართველოზე ირანთან შეწყვეტილ ფრენებს?

BM.GE

ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, შეფერხებულია ავიაფრენები

ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, შეფერხებულია ავიაფრენები

BM.GE