
სამშენებლო სექტორში მსხვილი ურბანული პროექტების წილი იზრდება - ბესო ორთოიძე
საქართველოს უძრავი ქონებისა და დეველოპმენტის სექტორში სტრუქტურული ცვლილებები შეინიშნება. როგორც დეველოპერები ამბობენ, ბაზარზე ცალკეული, წერტილოვანი კორპუსების მშენებლობიდან ყურადღება მასშტაბურ ურბანულ კომპლექსებზე გადადის, ხოლო მშენებლობების ზრდის ტენდენცია დედაქალაქისა და ბათუმის ფარგლებს გასცდა და რეგიონებშიც აქტიურად გავრცელდა. საკითხზე "საქმის კურსთან" დეველოპერული კომპანია „არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ ისაუბრა.
„თუ წლების განმავლობაში განვითარების ძირითადი ცენტრი მხოლოდ თბილისი და ბათუმი იყო, ბოლო პერიოდის სტატისტიკით და გაცემული ნებართვებით დასტურდება, რომ აქტიური ურბანიზაცია სხვა ქალაქებშიც დაიწყო. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითები რუსთავი და ქუთაისია, სადაც ახალი პროექტების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. თბილისთან სიახლოვის გამო განსაკუთრებულ სტრატეგიულ როლს რუსთავი ასრულებს. დედაქალაქში არსებული სატრანსპორტო გადატვირთვის ფონზე, რუსთავის განვითარება და ორ ქალაქს შორის ეფექტური სატრანსპორტო კვანძის — მატარებლისა თუ სხვა სწრაფი ტრანსპორტის შექმნა რეგიონებიდან შემომავალ ნაკადებს მნიშვნელოვნად შეამცირებს“, - ამბობს განმარტავს ორთოიძე.
მისივე თქმით, შეცვლილია მომხმარებლის ქცევაც, თუ ადრე ყურადღება მხოლოდ შენობის შიდა პირობებზე მახვილდებოდა, დღეს პრიორიტეტული გამწვანებული ეზოები და სრული ინფრასტრუქტურაა:
„თუ მანამდე აქცენტს მომხმარებელი აკეთებდა, რომ თვითონ შენობას ჰქონოდა კარგი ლიფტი, კარგი შესასვლელი, უსაფრთხო და ასე შემდეგ, დღეს უკვე ყველას უნდა კარგი ეზო, გამწვანება, ინფრასტრუქტურა. შესაბამისად, მოთხოვნაც წამოვიდა ამაზე, რომ მარტო შენობა კი არ ჰქონდეთ და შენობაში იყვნენ კომფორტულად, არამედ ეზოც ჰქონდეთ ადამიანებს. უკვე აშკარად ჩანს, რომ სისტემური დეველოპერები, ანუ ვისთვისაც ეს ძირითადი საქმიანობაა, უკვე ისინი კარნახობენ ბაზარს და თვითონ სიტუაციასაც ესენი ქმნიან“, - ამბობს დეველოპერი.
ბესო ორთოიძის აზრით, სექტორში გრძელვადიანი ზრდის დიდ პოტენციალად რჩება საბჭოთა პერიოდში აშენებული, ექსპლუატაციიდან გამოსული და ავარიული შენობების ეტაპობრივი და სწორი ჩანაცვლება.
ინფორმაციისთვის, დღეს საქსტატმა სამშენებლო ნებართვებისა და ექსპულატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც ობიექტების ფართობი ორივე შემთხვევაში ზრდას აჩვენებს: ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2026 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 632 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.4%-ით მეტი) 8 654.8 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტი)
2026 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 543.6 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8%-ით მეტი) 2 307 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9%-ით ნაკლები).
BM.GE
წყარო: bm.ge