
სამტრედია-გრიგოლეთის გზის პროექტისთვის მთავრობამ მიწის ექსპროპრიაციის გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 30-42 კილომეტრის მონაკვეთის (ლოტი III) მშენებლობის ფარგლებში ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების უფლება მიანიჭა.
ბრძანების თანახმად, პროექტი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონედ გამოცხადდა, ხოლო გზების დეპარტამენტი ექსპროპრიაციის განმახორციელებელ სუბიექტად განისაზღვრა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ლოტი III ლანჩხუთის სამხრეთ ნაწილიდან იწყება, სამტრედია-ბათუმის რკინიგზის გასწვრივ გადის და ნიგვზიანისა და ხაჯალიის სოფლებთან სრულდება. პროექტი ითვალისწინებს 12-კილომეტრიანი, ოთხზოლიანი მაგისტრალის მშენებლობას, რომელიც გაივლის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებზე – გვიმბალაურზე, ქვემო ჩიბათზე, ლესაზე, ჯურუყვეთზე, ნიგვზიანსა და ხაჯალიაზე.
მინისტრის ბრძანების თანახმად, პროექტისთვის მომზადებულია მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის კომპენსაციის გადახდას. თუმცა, რამდენიმე მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე შეთანხმება ვერ შედგა.
კერძოდ, უწყების ინფორმაციით, შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული:
• ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში მდებარე 1,416 კვადრატული მეტრის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთიდან 46 კვადრატული მეტრის გამოსყიდვაზე; • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაური-ჯუნეწერში მდებარე 2,130 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთიდან 47 კვადრატული მეტრის გამოსყიდვაზე; • ამავე სოფელში მდებარე 2,821 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთიდან 21 კვადრატული მეტრის გამოსყიდვაზე.
მინისტრის ბრძანებით, გზების დეპარტამენტს მიენიჭა უფლებამოსილება აღნიშნულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართოს ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად.
ბრძანებაში განმარტებულია, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ექსპროპრიაცია დასაშვებია მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით და წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით.
BM.GE
წყარო: bm.ge