
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ახალი დირექტორი ჰყავს - უწყება ლევან ჯღარკავამ ჩაიბარა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის თანამშრომლებს უწყების ახალი დირექტორი, ლევან ჯღარკავა წარუდგინა.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის ბრძანებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე ლევან ჯღარკავა პაატა კილაძემ გასულ კვირაში შეცვალა.
სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ჯღარკავას ახალი თანამდებობა მიულოცა, წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ უწყების წინაშე არსებული ამბიციური გეგმების განხორციელებისთვის ცვლილებები და ახალი მიდგომებია აუცილებელი.
„ლევან ჯღარკავას საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, ხელმძღვანელ პოზიციებზე. დარწმუნებული ვარ, მისი გამოცდილება და პროფესიული ცოდნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის შემდგომ განვითარებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ლაბორატორიის ყოფილ დირექტორს, ირაკლი გულედანსაც. სონღულაშვილის თქმით, გულედანის წვლილი უწყების განვითარებაში დასაფასებელია და ის საქმიანობას კვლავ სამინისტროს სისტემაში გააგრძელებს.
თავის მხრივ, ლევან ჯღარკავამ მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დასახული ამოცანების შესრულებაზე აქტიურად იმუშავებს.
ლევან ჯღარკავას საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე ის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
სხვადასხვა დროს მას ასევე ეკავა:
• თბილისის მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის დირექტორის; • თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის; • დიდუბის რაიონის გამგებლის; • შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის პოზიციები.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია საქართველოს მასშტაბით 13 ფილიალითაა წარმოდგენილი და მომხმარებლებს 500-მდე დასახელების კვლევას სთავაზობს. სამინისტროს ინფორმაციით, უწყებაში მუდმივად მიმდინარეობს კვლევის თანამედროვე მეთოდების დანერგვა და ლაბორატორიული შესაძლებლობების გაფართოება.
BM.GE
წყარო: bm.ge