
საქართველო - აშშ-ის ეკონომიკური კავშირები: რას აჩვენებს ვაჭრობის, ინვესტიციებისა და გზავნილების სტატისტიკა
აშშ-ის საელჩომ საქართველოში შექმნილ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსთან“ დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ სიტყვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია. საელჩომ ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკური პლურალიზმი და ინსტიტუტების მიმართ ნდობა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც აშშ-ის სტრატეგიული და ეკონომიკური პარტნიორისთვის.
აღნიშნული განცხადების გათვალისწინებით, BM.GE დაინტერესდა, თუ რა ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
აშშ საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური პარტნიორია, თუმცა 2026 წლის პირველი ნახევრის მონაცემები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განსხვავებულ დინამიკას აჩვენებს. მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად შემცირდა, სხვა მიმართულებებით - პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, ფულადი გზავნილებითა და ტურიზმით, კავშირები მეტწილად სტაბილურია.
უფრო კონკრეტულად, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველო-აშშ-ის სავაჭრო ბრუნვამ 1.09 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27.3%-ით ნაკლებია. 2025 წლის პირველ ნახევარში ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობა 1.49 მილიარდ დოლარს აღწევდა.
კლების მიუხედავად, აშშ საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად რჩება - ქვეყნის მთლიან იმპორტში ამერიკის წილი 11.4%-ს შეადგენს.
იმპორტი:
აშშ-დან საქართველოში იმპორტირებული საქონლის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი მსუბუქ ავტომობილებს უჭირავს. 2026 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, ამერიკიდან შემოტანილი პროდუქციის ძირითადი ნაწილი სწორედ სატრანსპორტო საშუალებებზე მოდიოდა, რაც საქართველო-აშშ-ის სავაჭრო ურთიერთობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს.
საანგარიშო პერიოდში აშშ-დან საქართველოში შემოვიდა:
• მსუბუქი ავტომობილები - 917.3 მლნ დოლარის ღირებულების; • თხილი და სხვა კაკალი - 33 მლნ დოლარი; • შინაური ფრინველის ხორცი და კვების სუბპროდუქტები - 6 მლნ დოლარი; • სატვირთო ავტომობილები - 4.7 მლნ დოლარი; • მოტოციკლები და ველოსიპედები - 3.9 მლნ დოლარი; • გამოყენებული ავტომობილების ნაწილები 3.6 მლნ დოლარი; • გაყინული თევზი - 2.9 მლნ დოლარი; • კოსმეტიკური და კანის მოვლის საშუალებები - 2.8 მლნ დოლარი; • საფრენი აპარატების ნაწილები - 2.4 მლნ დოლარი.
ექსპორტი:
აშშ-ის ბაზარზე საქართველოს ექსპორტი ძირითადად სამრეწველო და გადამმუშავებელი სექტორის პროდუქციით არის წარმოდგენილი. იმპორტთან შედარებით ექსპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად მცირეა, თუმცა საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალი უფრო მრავალფეროვანია.
2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან აშშ-ში ყველაზე დიდი მოცულობით გავიდა:
• ფეროშენადნობები- 24.4 მლნ დოლარი; • შავი ლითონის უნაკერო მილები, მილაკები და ღრუ პროფილები - 7.6 მლნ დოლარი; • საფრენი აპარატების ნაწილები - 5.1 მლნ დოლარი; • დიოდები, ტრანზისტორები და ანალოგიური ნახევარგამტარი ხელსაწყოები - 4.6 მლნ დოლარი; • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 3.9 მლნ დოლარი; • ფანერა, დაწებებული პანელები და ხის მსგავსი მასალები - 2.53 მლნ დოლარი; • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 2.52 მლნ დოლარი; • კოსმეტიკური საშუალებები და კანის მოვლის პროდუქტები - 1.1 მლნ დოლარი; • მინერალური და გაზიანი წყლები შაქრის დანამატით - 1 მლნ დოლარი.
ტურიზმი:
აშშ საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია. 2026 წლის მეორე კვარტალში ამერიკელი ვიზიტორების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის არ შეცვლილა.
კერძოდ, აპრილ-ივნისში საქართველომ აშშ-დან 20 228 სტუმარი მიიღო, მაშინ როცა 2025 წლის მეორე კვარტალში მათი რაოდენობა 20 239 იყო. სხვაობა მხოლოდ 11 ვიზიტორს შეადგენს, რაც წლიურად 0.1%-იან კლებას ნიშნავს.
მონაცემები აჩვენებს, რომ მიუხედავად სხვადასხვა გლობალური ფაქტორისა, ამერიკიდან ტურისტული ნაკადი საქართველოში ამ ეტაპზე სტაბილურ დონეზე ნარჩუნდება.
FDI:
2026 წლის პირველ კვარტალში აშშ-დან საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 47.5 მილიონი დოლარი შეადგინა. გასული წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 49.1 მილიონ დოლარს აღწევდა, რაც წლიურად 3.3%-იან შემცირებას ნიშნავს.
თუმცა, უფრო გრძელვადიან პერიოდში ამერიკული ინვესტიციების დინამიკა შედარებით სტაბილურ და მზარდ სურათს აჩვენებს. ბოლო წლების მონაცემები ასე გამოიყურება:
• 2025 წელი - 158.1 მლნ დოლარი; • 2024 წელი - 71.2 მლნ დოლარი; • 2023 წელი - 186.1 მლნ დოლარი; • 2022 წელი - 178.7 მლნ დოლარი; • 2021 წელი - 21.1 მლნ დოლარი.
ფულადი გზავნილები :
საქართველო-აშშ-ის ეკონომიკურ ურთიერთობებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ფულადი გზავნილებია. ბოლო წლების მონაცემები აჩვენებს, რომ აშშ-დან საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა თანდათან იზრდება, რაც ორ ქვეყანას შორის არსებულ ადამიანურ და ეკონომიკურ კავშირებს ასახავს.
2026 წლის იანვარ-ივნისში აშშ-დან საქართველოში გადმორიცხულმა ფულადმა გზავნილებმა 355.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ამასთან, წლის მეორე კვარტალში გზავნილების მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.6%-ით გაიზარდა.
ბოლო წლების დინამიკა ასეთია:
• 2025 წელი - 682.9 მლნ დოლარი; • 2024 წელი - 572.8 მლნ დოლარი; • 2023 წელი - 460.4 მლნ დოლარი; • 2022 წელი - 326.9 მლნ დოლარი; • 2021 წელი - 284.3 მლნ დოლარი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება. ქართული მხარე აცხადებს, რომ ვაშინგტონთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სურს და თანამშრომლობის ახალი დღის წესრიგის შექმნაზე საუბრობს.
პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან მიღებული წერილი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობაზე მიუთითებს. ამასთან, აშშ-ის მხრიდან ხაზგასმულია, რომ ურთიერთობების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა, ინსტიტუტების გაძლიერება და ფართო პოლიტიკური ჩართულობა.
BM.GE
წყარო: bm.ge