მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველო ICTWEEK Uzbekistan 2026-ზე წარდგება - რა შესაძლებლობები იხსნება ტექ-სექტორისთვის?
საქართველო ICTWEEK Uzbekistan 2026-ზე წარდგება - რა შესაძლებლობები იხსნება ტექ-სექტორისთვის?

საქართველო ICTWEEK Uzbekistan 2026-ზე წარდგება - რა შესაძლებლობები იხსნება ტექ-სექტორისთვის?

BM.GE10 სექტემბერი, 2026, 02:22|bm.ge

ტაშკენტში, 22-დან 25 სექტემბრის ჩათვლით, ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება - ICTWEEK Uzbekistan 2026 გაიმართება, სადაც საქართველო ისტორიაში პირველად საკუთარი ეროვნული პავილიონით წარდგება. ღონისძიება 50-ზე მეტი ქვეყნის ტექნოლოგიურ და ბიზნესსექტორს აერთიანებს. ქართული პავილიონის ფარგლებში საკუთარ შესაძლებლობებს 5 კომპანია წარადგენს, საერთო ჯამში კი ღონისძიებას 20-ზე მეტი ქართული კომპანია დაესწრება.

რა პერსპექტივას უხსნის ეს პლატფორმა ქართულ ბიზნესს და რამდენად მიმზიდველია დღეს უზბეკეთის ბაზარი? - ამ თემაზე გადაცემა "საქმიან დილაში" "ლოიალტეს" უზბეკეთის მმართველმა პარტნიორმა, ბაჩანა შელიამ ისაუბრა.

როგორც შელიამ აღნიშნა, ICTWEEK-ის ისტორიაში წლევანდელი ღონისძიება ყველაზე მასშტაბური იქნება, საქართველოს ეროვნული პავილიონის ორგანიზებაზე კი მუშაობა სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა: "ICTWEEK 2004 წლიდან ტარდება უზბეკეთში. წელს იქნება ყველაზე მასშტაბური, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ყოფილა. 2004 წლიდან დაწყებულ სტატისტიკას რომ გადავხედოთ, მაშინ თუ 5 000 ვიზიტორი იყო, შარშან უკვე ციფრებმა აჩვენა, რომ 25 000 ვიზიტორი დაესწრო, წელს კი დაახლოებით 25-დან 30 000 ვიზიტორამდე ელოდებიან. 500-ზე მეტი კომპანია იღებს მონაწილეობას თავისი სტენდებით და, მათ შორის, როგორც აღნიშნეთ, პირველად გვაქვს შესაძლებლობა - სამი წლის განმავლობაში ამაზე ვმუშაობდით უზბეკ პარტნიორებთან ერთად - რომ გაგვეკეთებინა პირველი ქართული ეროვნული პავილიონი. ხუთი ქართული კომპანია იქნება წარმოდგენილი თავისი სტენდებით, რომლებიც გააცნობენ საკუთარ პროდუქციას უზბეკეთს, ცენტრალურ აზიას და მთელ მსოფლიოს", - ამბობს ბაჩანა შელია.

მისივე თქმით, უზბეკეთის ბაზარი ქართული კომპანიებისთვის საერთაშორისო მასშტაბირების უნიკალურ შანსს წარმოადგენს, რასაც ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ქართული ბიზნესისადმი პოზიტიური განწყობა განაპირობებს.

"ყველაზე ძირითადი და მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის ის, რომ კომპანია უნდა იყოს ტექ-მიმართულების: IT, ფინტექი ან კომუნიკაციები. შემდეგი კრიტერიუმია ბიზნესის მასშტაბირების სურვილი - უნდა ჰქონდეთ ინტერესი, რომ გავიდნენ ქვეყნის გარეთ და გაფართოვდნენ. ცენტრალურ აზიაში, როგორც ვიცით, მოსახლეობით უზბეკეთი მეორე ადგილზეა, ეკონომიკური ზრდით კი მსოფლიოში უკვე მესამე ადგილზე გადაინაცვლა, რაც დიდი შესაძლებლობაა, უზბეკეთიდან მიიღონ კარგი მასშტაბირება.

თუნდაც ქართულ სტარტაპებსა და ტექ-კომპანიებს რასაც ვაკვირდებით და მათ ბიზნესგეგმებს ვუყურებთ, საქართველოს შემდეგ ყველა ცდილობს, უზბეკეთში გავიდეს. ქვეყანა მენტალურად ძალიან ახლოს არის ჩვენთან, ძალიან ადვილია ბიზნესის წარმოება, ბაზარი ძალიან გახსნილია, ქართული წარმომადგენლობა მიღებულია და მასშტაბირება საკმაოდ კარგად შეიძლება", - ამბობს "ლოიალტეს" უზბეკეთის მმართველი პარტნიორი.

"ლოიალტეს" მმართველი პარტნიორი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ უზბეკეთში ქართული ბიზნესის ცნობადობა მაღალია, რაშიც დიდი წვლილი საბანკო სექტორს მიუძღვის. ამავდროულად, უზბეკეთის სტარტაპ-ეკოსისტემა რეგიონში ლიდერის პოზიციას იკავებს.

"ქართულ სტარტაპებს ძალიან კარგად იცნობენ. განსაკუთრებით "თიბისი ბანკი" შემიძლია აღვნიშნო - ეს არ არის სტარტაპი, მაგრამ "თიბისიმ" ფაქტობრივად გააცნო უზბეკეთს საქართველო თავისი ფინანსური სექტორით. ნებისმიერ საბანკო სტრუქტურაში, ნებისმიერ ბანკში არის ერთი ან რამდენიმე ქართველი, რომელიც საკმაოდ მაღალ პოზიციაზე მუშაობს. საქართველოდან გამოსულ ნებისმიერ სტარტაპს ძალიან კარგი მიმღებლობა აქვს და ყველანაირად ხელს უწყობენ.

რაც შეეხება თვითონ სტარტაპ-ეკოსისტემას - 2025 წლის სტატისტიკით, 400 მილიონ დოლარზე მეტი ჩაიდო სტარტაპებში, შემოვიდა 5-ზე მეტი ვენჩურული კომპანია, წელს ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო იზრდება და უზბეკეთი ცენტრალურ აზიაში ნომერ პირველ ადგილზეა სტარტაპ ეკოსისტემის დაფინანსებით", - ამბობს ის.

მისივე ინფორმაციით, ადგილობრივ სახელმწიფო და საფინანსო ინსტიტუტებთან მჭიდრო კავშირები ქართულ კომპანიებს უზბეკეთში ოპერირების დაწყებას მნიშვნელოვნად უმარტივებს.

"ჩვენ ვპარტნიორობთ თითქმის ყველა სახელმწიფო თუ კერძო ბანკთან და საბანკო სექტორთან, ყველა ჩვენი პარტნიორი და ძალიან კარგი მეგობარია უკვე სამი წლის განმავლობაში. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს უზბეკეთის ფინტექ ასოციაციასთან, რომელიც ცენტრალური ბანკის ეგიდით მოქმედებს. გარდა ამისა, ციფრულ სამინისტროსთან უკვე გვაქვს სამწლიანი მჭიდრო კავშირები.

ჩვენ დისტანციურად შეგვიძლია ქართულ კომპანიას რეგისტრაცია გავუკეთოთ უზბეკეთში; ერთადერთი, რაც სჭირდებათ, არის ის, რომ პირადად ჩამოვიდნენ მხოლოდ საბანკო ანგარიშის გასახსნელად. ასევე ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ახლად შექმნილ Enterprise Uzbekistan-თან, Invest Uzbekistan-თან, საინვესტიციო სამინისტროსთან და ყველა იმ ორგანოსთან, რომელიც ქვეყნის განვითარებაზე მუშაობს", - ამბობს შელია.

რაც შეეხება ICTWEEK Uzbekistan 2026-ზე დასწრებას, ბაჩანა შელიას განმარტებით, ღონისძიება დამთვალიერებლებისთვის ღიაა და მასშტაბურ საგამოფენო სივრცეს მოიცავს.

"ღონისძიებაზე დასწრება სრულიად უფასოა. მსურველებს შეუძლიათ გადავიდნენ ვებგვერდზე - ictweek.uz, გაიარონ რეგისტრაცია, ჩამოვიდნენ ტაშკენტში, დაესწრონ გამოფენას, შეიძინონ ახალი პარტნიორები და განვითარდნენ", - განაცხადა ბაჩანა შელიამ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ორსულობისას "პარაცეტამოლის" მიღებამ შესაძლოა, ნაყოფის რეპროდუქციულ ორგანოებზე იმოქმედოს - Reuters

ორსულობისას "პარაცეტამოლის" მიღებამ შესაძლოა, ნაყოფის რეპროდუქციულ ორგანოებზე იმოქმედოს - Reuters

BM.GE

უნგრეთის ცენტრალურმა ბანკმა პროკურატურას მიმართა - რა აღმოაჩინა ახალმა ხელმძღვანელობამ?

უნგრეთის ცენტრალურმა ბანკმა პროკურატურას მიმართა - რა აღმოაჩინა ახალმა ხელმძღვანელობამ?

BM.GE

სეზონმა მოლოდინს გადააჭარბა - „გობი“

სეზონმა მოლოდინს გადააჭარბა - „გობი“

BM.GE

ერევნის ნარჩენების გადამმუშავებელი ქარხნის ტენდერში საერთაშორისო კონსორციუმმა გაიმარჯვა

ერევნის ნარჩენების გადამმუშავებელი ქარხნის ტენდერში საერთაშორისო კონსორციუმმა გაიმარჯვა

BM.GE