
„საქართველო მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტისთვის ნაკლებად მიმზიდველი ხდება“ - "რია თრეველ ჯორჯია" დივერსიფიკაციის აუცილებლობაზე
საქართველოს ტურიზმის სექტორი 2026 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო ვიზიტორების შემცირების ფონზე ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ტურისტული კომპანია „რია თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებლის მარიამ ხოსროშვილის განცხადებით, არსებული ვითარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ბაზრების დივერსიფიკაცია და ისეთი მიმართულებების განვითარება, რომლებიც ტურიზმის მდგრადობას უზრუნველყოფს.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „საქმიანი დილაში“ განაცხადა, ვიზიტორების შემცირება ძირითადად ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე მიმდინარე მოვლენებმა განაპირობა.
„სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ზოგადად კლება გვაქვს. ძირითადად, ეს ეხება ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებს, გამომდინარე იქიდან, რომ ისრაელის და ირანის ომმა საგრძნობი გავლენა იქონია ამ მიმართულებით ნაკადების შემოდინებაზე. ფაქტობრივად, მესამედი ჩამოვიდა იმ ტურისტებისა, რა რაოდენობაც 2025 წელს გვყავდა“, - განაცხადა მარიამ ხოსროშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოსთვის, როგორც რეგიონში მდებარე ქვეყნისთვის, ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
„საქართველო ისეთ რეგიონში მდებარეობს, რომელიც პოლიტიკური კონიუნქტურით ხასიათდება, შესაბამისად, ამ მიმართულებით ბაზრების დივერსიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის“, - აღნიშნა მან.
ხოსროშვილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვას ისახავს მიზნად, ქვეყანაში მომსახურების ხარისხი და ინფრასტრუქტურა კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.
„საქართველო, სამწუხაროდ, ნაკლებად მიმზიდველი ხდება მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტებისთვის. გალფის ქვეყნების ბაზრებზე, რომლებიც წლიდან წლამდე რაოდენობრივად შეიძლება არ იკლებდეს, ერთეულზე დანახარჯები მცირდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ რეგიონულ ქვეყნებთან შედარებით საქართველო სერვისის ნაკლებობით ხასიათდება“, - განაცხადა მან.