
საქართველო-ტაჯიკეთს შორის კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კლიმატის ცვლილებისადმი მოწყვლადობის, რისკების შეფასების, ადაპტაციისა და შერბილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
„გარემოს დაცვის სფეროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ბუნებრივ საფრთხეებზე ერთობლივი მუშაობა. საუბარია კოორდინირებული თანამშრომლობის გაძლიერებაზე, რათა კლიმატური ცვლილებების შედეგები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული და შესაბამისი რეაგირების მექანიზმები წინასწარ დაიგეგმოს. ამასთან, მნიშვნელოვანი იქნება გამოცდილების გაზიარება და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა, რაც ორივე ქვეყანას დაეხმარება გარემოსდაცვითი გამოწვევების უფრო ეფექტიანად მართვაში”, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
მემორანდუმის მიზანია გლობალური კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი უარყოფითი ეფექტების აღმოფხვრისკენ ძალისხმევის გაძლიერება და კოორდინაცია, კლიმატის ცვლილების მიმართ რეგიონული მოწყვლადობის და რისკების შეფასების მექანიზმების მხარდაჭერა, ენერგო ეფექტური პროექტების ხელშეწყობა, დაბალემისიიანი განვითარებისკენ ეკონომიკური და ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის სტიმულირება.
მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შეფასების, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) განხორციელებისა და მონიტორინგის, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში შესაძლებლობების გაძლიერების, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენებისა და დაბალნახშირბადიანი ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.
დოკუმენტი ასევე მოიცავს ენერგოეფექტურობის ხელშეწყობისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების წახალისების, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერების, გარემოსდაცვითი განათლებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, კატასტროფების რისკის შემცირების, ჰიდრომეტეოროლოგიისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარების სფეროებში თანამშრომლობას.
