
საქართველო უარს ამბობს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის უპირატესობებზე - პაველ ჰერჩინსკი
საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა მხოლოდ სახელით, მმართველი პარტია კი ქვეყნის ევროპულ გზას ასუსტებს, დემოკრატიულ პრინციპებს, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ ღირებულებებს უტევს. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირის გაფართოების 2026 წლის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.
მისი შეფასებით, საქართველოში გასული წლის განმავლობაში ფუნდამენტურ ღირებულებებთან დაკავშირებული უკუსვლა გაგრძელდა, სამოქალაქო სივრცე კიდევ უფრო შეიზღუდა, ხოლო ხელისუფლების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებული სურვილი მისივე ანტიევროპულ რიტორიკასთან წინააღმდეგობაში მოდის.
„გაფართოების პაკეტი, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, გვაჩვენებს ძალიან მკაფიო სურათს, რომ გაფართოება წინ მიდის. როგორც ახლა ახსენეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ვიცე-პრეზიდენტმა - კაია კალასმა და ევროკომისარმა კოსმა ბრიუსელში, წელს გაფართოების პროცესმა მოიტანა კიდევ უფრო მეტი შედეგები, ვიდრე ნებისმიერ ეტაპზე გასული 255 წლის განმავლობაში. ეს არის მიღწევა არა მხოლოდ კანდიდატი ქვეყნების, არა მხოლოდ ევროკომისიის, არამედ ეს არის მიღწევა ჩვენი წევრი სახელმწიფოების. მე მოხარული ვარ, რომ რამდენიმე კოლეგა, რომელიც წარმოადგენს ამ წევრ სახელმწიფოებს ჩვენთან ერთად იზიარებს ამ სიტუაციას.
წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით კვლავაც ეყრდნობა ობიექტურ კრიტერიუმებს და თითოეული ქვეყნის მიღწევებს. მათ შორის ძირითად საკვანძო ღირებულებები განსაზღვრავს მოლაპარაკების ტემპს. 2026 წლის გაფართოების პაკეტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი და ნაბიჯია ამ მიმართულებით. წინსვლა, რომელიც ჩვენ წელს ვიხილეთ, ასევე გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს ჩვენს კანდიდატ ქვეყნებს შორის. ზოგიერთი მათგანი ძალიან მნიშვნელოვნად მიიწევს წინ ევროკავშირის წევრობისკენ, სხვების პროგრესი საკმაოდ ნელია. ზოგიერთ შემთხვევაში კი, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ კიდევ უფრო მეტ რეგრესს. ეს განსხვავებები გვაჩვენებს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რატომ არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნება“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ელჩის განმარტებით, გაფართოების პროცესი მხოლოდ კანდიდატი ქვეყნების პროგრესს არ ეხება და მასში საქართველოს ადგილიც მნიშვნელოვანია. თუმცა, მისი შეფასებით, ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო კრიტერიუმებსა და ღირებულებებს სულ უფრო მეტად სცილდება.
„გაფართოების პაკეტი ეხება ევროკავშირის მომავალს, ის ასევე ეხება საქართველოს ადგილს ამ მომავალში. მიმდინარე უკუსვლა ფუნდამენტურ ღირებულებებზე, რასაც ჩვენ აქ ვაკვირდებოდით გასული წლის განმავლობაში, ადასტურებს, რომ საქართველო, სამწუხაროდ, რჩება ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ სახელით და კვლავაც უარს ამბობს იმ უპირატესობებზე, რომლებსაც იძლევა კანდიდატის სტატუსი და წინა მოლაპარაკებების ეტაპი.
საქართველოს მმართველი პარტია აგრძელებს საქართველოს ევროკავშირის გზის შესუსტებას, იერიში მოაქვს რა დემოკრატიულ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ ღირებულებებზე. ასევე ხელს უწყობს რა სახელმწიფოს ძალაუფლების შემდგომ მითვისებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო შესუსტდა სამოქალაქო სივრცე სულ უფრო და უფრო რეპრესიული კანონმდებლობის შედეგად.
ხელისუფლების მიერ გაცხადებული ნება, რომ გაწევრიანდნენ ევროკავშირში, კვლავ წინააღმდეგობაში მოდის მათ მიერ ხშირად გამოხატულ მტრულ, ანტიევროპულ ნარატივებში, მანიპულაციურ ნარატივებში და შეთქმულების თეორიებში, რომლებიც ასუსტებს ევროპულ ღირებულებებს და ის, რომ ისინი ახერხებენ განახორციელონ საკვანძო ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმები“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ჰერჩინსკიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი თითოეული კანდიდატი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზეა დამოკიდებული. მისი თქმით, გაფართოების ანგარიშში ასახული განსხვავებები ადასტურებს, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს როგორც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ისე ხელისუფლების ნებას, გაატაროს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის აუცილებელი რეფორმები.
დღეს, 4 ნოემბერს, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშში წერია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია და გაგრძელდება თუ ხელისუფლება კურსს შეიცვლის.
BM.GE
წყარო: bm.ge