
Greenland Group, FTZCOC Group & HotMaxx - რაზე ისაუბრა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთში მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებთან?
ჩინური მულტისექტორული Greenland Group, სადისტრიბუციო და ლოგისტიკური მომსახურების კომპანია FTZCOC Group და საერთაშორისო სავაჭრო ქსელი HotMaxx - ეს ის კომპანიებია, რომელთა ხალმძღვანელ პირებსაც დღეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის ქალაქ შანხაიში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მარიამ ქვრივიშვილმა მულტისექტორულ ჩინურ კორპორაცია Greenland Group-ის პრეზიდენტთან და თავმჯდომარესთან ჭანგ იულიანგთან შეხვედრაზე ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობები განიხილა. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა ქართული ღვინის, მინერალური წყლების, თხილისა და სამრეწველო პროდუქციის ექსპორტის ზრდაზე.
„აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ხელს უწყობს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განვითარებას. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი საგარეო სავაჭრო ბაზრებისა და საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციაა, ამ მიმართულებით კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩინეთის ბაზარს და იქ ქართული პროდუქციის ექსპორტისა და ცნობადობის ზრდას.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალზე, რაც ქვეყანას ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვან რეგიონულ სავაჭრო და სატრანსპორტო ჰაბად აყალიბებს“, - ნათქვამია რელიზში.
მსხვილი ჩინური სავაჭრო ქსელის, HotMaxx-ის თანადამფუძნებელს ჭანგ ნინგთან შეხვედრისას კი ქართველი მწარმოებლებისთვის ჩინეთის ბაზარზე წვდომის გაფართოების, ადგილობრივ მომხმარებლებში ქართული პროდუქციის ცნობადობის გაზრდისა და ახალი სავაჭრო კავშირების ჩამოყალიბების პერსპექტივები განიხილეს.
„აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა მყარ საფუძველს ქმნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის. ამდენად, მნიშვნელოვანია ისეთი სავაჭრო პლატფორმებისა და ქსელების გამოყენება, რომლებიც ქართულ პროდუქციას ჩინელ მომხმარებლებთან დააკავშირებს და მის საერთაშორისო ცნობადობას გაზრდის“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
საერთაშორისო სავაჭრო, სადისტრიბუციო და ლოგისტიკური მომსახურების კომპანია FTZCOC Group-ის ვიცე-თავმჯდომარე და დირექტორთან, ჯეიმს ლინსთან შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ახალი საექსპორტო შესაძლებლობების განვითარებაზე.
„აქცენტი გაკეთდა FTZCOC Group-ის საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელის გამოყენებით საქართველოში წარმოებული პროდუქციის ჩინეთისა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე გატანის შესაძლებლობებზე. ამასთან, განიხილეს ქართველი მწარმოებლებისთვის კომპანიის საგამოფენო და სავაჭრო სერვისების გამოყენების პერსპექტივები, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ჩინეთის ბაზრებზე წარდგენასა და ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებას“, - აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში.
მათივე ინფორმაციით, FTZCOC Group საერთაშორისო სავაჭრო და სადისტრიბუციო მომსახურების კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი შანხაიში მდებარეობს. ოფიციალური მონაცემებით, კომპანიას 90 ქვეყანაში 130 საერთაშორისო საწყობი, ხუთი საგამოფენო-სავაჭრო ცენტრი და აშშ-ში, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში რეგიონული წარმომადგენლობები აქვს.
ყველა შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს ინვესტიციების სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია ესწრებოდნენ.
BM.GE
წყარო: bm.ge