მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველომ და ლუქსემბურგმა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმება განაახლეს
საქართველომ და ლუქსემბურგმა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმება განაახლეს

საქართველომ და ლუქსემბურგმა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმება განაახლეს

BM.GE10 ივლისი, 2026, 20:03|bm.ge

საქართველოსა და ლუქსემბურგის მთავრობებს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ 2007 წელს გაფორმებულ შეთანხმებაში ცვლილება შევიდა და ის ახლა საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.

აღნიშნული შეთანხმება მნიშვნელოვანია ლუქსემბურგიდან საქართველოში კაპიტალის შემოტანის და საქართველოდან ლუქსემბურგში კაპიტალის გატანის დაბეგვრის საკითხების მოწესრიგებისთვის.

ცვლილება ძირითადად ეხება შეთანხმების 27-ე მუხლს — „ინფორმაციის გაცვლა“, რომელიც სრულად განახლებული რედაქციით ჩამოყალიბდა. ახალი წესების მიხედვით, საქართველოსა და ლუქსემბურგის შესაბამისი ორგანოები ერთმანეთს გაუზიარებენ ისეთ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა საჭირო გახდეს საგადასახადო კანონმდებლობის ადმინისტრირებისა და აღსრულებისთვის.

განახლებული მუხლი ითვალისწინებს, რომ ინფორმაციის გაცვლა არ შეიზღუდება მხოლოდ იმ გადასახადებით, რომლებიც პირდაპირ რეგულირდება ორმაგი დაბეგვრის შეთანხმებით და შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა სახის გადასახადებს, რომლებიც მოქმედებს ხელშემკვრელ ქვეყნებში.

ოქმის მიხედვით, ერთ-ერთი ქვეყნის მოთხოვნის შემთხვევაში, მეორე ქვეყანამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ აღნიშნული ინფორმაცია მას საკუთარი საგადასახადო მიზნებისთვის არ სჭირდება.

ცვლილებები ასევე ეხება საბანკო და სხვა ფინანსური ინსტიტუტების ხელთ არსებულ ინფორმაციას. ახალი ჩანაწერის მიხედვით, სახელმწიფოებს არ შეეძლებათ უარი თქვან ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მონაცემები ბანკის, სხვა ფინანსური ინსტიტუტის, ნომინალური მფლობელის, აგენტის ან მინდობილი მესაკუთრის განკარგულებაშია.

ამასთან, შეთანხმება განსაზღვრავს ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის წესებს. მიღებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ საგადასახადო მიზნებისთვის, თუმცა გარკვეულ პირობებში მისი გამოყენება სხვა სამართლებრივი მიზნებისთვისაც იქნება შესაძლებელი, თუ ამას ორივე ქვეყნის კანონმდებლობა და ინფორმაციის მიმწოდებელი ქვეყნის შესაბამისი ორგანო დაუშვებს.

განახლებული მუხლი ასევე ადგენს იმ შემთხვევებს, როდესაც ქვეყანას ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება არ ექნება, მათ შორის, თუ მოთხოვნა ეწინააღმდეგება ეროვნულ კანონმდებლობას, ადმინისტრაციულ პრაქტიკას, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან საზოგადოებრივ წესრიგს.

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, შეთანხმებაში ცვლილების მიზანია საქართველოს საგადასახადო სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და ორ ქვეყანას შორის საგადასახადო თანამშრომლობის გაძლიერება. უწყების განცხადებით, განახლებული მექანიზმი ხელს შეუწყობს გადასახადების თავიდან არიდების წინააღმდეგ ბრძოლას და საერთაშორისო საგადასახადო გამჭვირვალობის მოთხოვნებთან შესაბამისობას.

ოქმი ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყანა დიპლომატიური არხებით დაადასტურებს შესაბამისი შიდა პროცედურების დასრულებას. მისი მოქმედება გავრცელდება იმ საგადასახადო წლებზე, რომლებიც დაიწყება ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის 1 იანვრიდან ან მის შემდეგ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

BM.GE

ქართული ხორბლის შესყიდვა 3 ძირითადი სქემით ხდება - ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის რეკომენდაციები

ქართული ხორბლის შესყიდვა 3 ძირითადი სქემით ხდება - ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის რეკომენდაციები

BM.GE

ენერგოობიექტების მშენებლობა გაძვირდა, ინვესტორებს CFD ტარიფების გადახედვის მოთხოვნა უჩნდებათ - GREDA

ენერგოობიექტების მშენებლობა გაძვირდა, ინვესტორებს CFD ტარიფების გადახედვის მოთხოვნა უჩნდებათ - GREDA

BM.GE

სასტუმროების ბიზნესში საინვესტიციო ინტერესი რეგიონებისკენ ინაცვლებს - ქეთევან მელაძე

სასტუმროების ბიზნესში საინვესტიციო ინტერესი რეგიონებისკენ ინაცვლებს - ქეთევან მელაძე

BM.GE