
საქართველოს 142-ე პატრიარქს დღეს გამოარჩევენ - როგორ ირჩევენ კათალიკოსს/პროცედურა და კრიტერიუმები
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გაფართოებული კრება 11 მაისს, 13:00 საათზე გაიმართება. სწორედ ამ კრებაზე აირჩევენ საქართველოს ეკლესიის 142-ე საჭეთმპყრობელს.
ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა სამების საკათედრო ტაძარში, გაფართოებული კრების ფორმატში მოხდება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ მღვდელმთავრები მიიღებენ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, კრებას 1 200-მდე დელეგატი დაესწრება.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, გაფართოებული კრება სპეციალურად პატრიარქის არჩევისთვის იკრიბება.
1995 წლის დებულებით, პატრიარქის არჩევა არის ერთ-ერთი იმ ორი შემთხვევიდან, როდესაც ეკლესიის გაფართოებული კრების მოწვევა სავალდებულოა (მეორე შემთხვევა მართვა-გამგეობის ახალი დებულების მიღებაა).
პატრიარქობის კანდიდატისთვის დებულება რამდენიმე სავალდებულო მოთხოვნას ადგენს. კანდიდატი:
• ეროვნებით ქართველი უნდა იყოს; • უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი; • უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და ეკლესიის მართვის გამოცდილება; • უნდა იყოს ბერი; • ასაკით უნდა იყოს არანაკლებ 40 და არაუმეტეს 70 წლის.
გაფართოებული კრების შემადგენლობაში შედიან:
• წმინდა სინოდის ყველა წევრი; • თითოეული ეპარქიიდან ორი სასულიერო და ერთი საერო წარმომადგენელი; • მონასტრების წარმომადგენლები; • სასულიერო აკადემიებისა და სემინარიების დელეგატები; • გელათის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები; • მცხეთა-თბილისის ეპარქიის დამატებითი დელეგატები.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კრებაში მონაწილეობენ სასულიერო პირები, ბერები და ერისკაცებიც, მათ მხოლოდ სათათბირო ხმა აქვთ. ეს ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ აზრის გამოთქმა კანდიდატებზე, მაგრამ უშუალოდ არჩევანში მონაწილეობას ვერ იღებენ.