
საქართველოს ახალი ავტომობილების ბაზარი 20%-ით გაიზარდა - "თეგეტა" წლის I ნახევარს აჯამებს
საქართველოს ახალი ავტომობილების ბაზარი ზრდას განაგრძობს - წლის პირველი 6 თვის შედეგებსა და მეორე ნახევრის პრიორიტეტებზე "საქმიანი დილას" ეთერში "თეგეტა ჰოლდინგის" მსუბუქი ავტომობილების და სერვისების მთავარმა ოფიცრმა, პეტრე წაქაძემ ისაუბრა.
მისი განცხადებით, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში ახალი ავტომობილების ბაზარი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით გაიზარდა, რაც ნომინალურ გამოხატულებაში დაახლოებით 1 000 ერთეულს შეადგენს.
როგორც წაქაძე აღნიშნავს, სექტორში რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა; მათ შორის ჩინური ავტომობილების, ასევე ჰიბრიდული და ელექტრომოდელების მოთხოვნის ზრდა.
"საინტერესო ტრენდია ჩინური ავტომობილების მიმართულებით - ამ სეგმენტის ბაზარი დაახლოებით 70%-ით არის გაზრდილი და რაოდენობრივად 1 000 ერთეულს უახლოვდება. გარდა ამისა, 100%-ით, ანუ გაორმაგებულია ჰიბრიდული ავტომობილების ბაზარი (როგორც ჩინური, ისე ევროპული, ამერიკული და იაპონური) და 3 500 ერთეულს შეადგენს.
ტრადიციულად მზარდ სეგმენტად რჩება ელექტროავტომობილებიც, სადაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-იანი ზრდა გვაქვს (იგულისხმება მხოლოდ ახალი ავტომობილები, ხოლო მეორად ბაზარზე ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტი ორჯერ და სამჯერ მეტადაც არის გაზრდილი). ჯამურად, ბაზრის 20%-იანი ზრდა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ავტოპარკის გაახალგაზრდავებისთვის", - აცხადებს პეტრე წაქაძე.
მისივე თქმით, ბაზარზე არჩევანი მკვეთრად გაიზარდა: თუ 6-7 წლის წინ ბაზარზე დაახლოებით 15 ძირითადი ბრენდი კონკურირებდა, დღეს ეს მაჩვენებელი 3-ჯერ გაიზარდა. ამას ხელს უწყობს როგორც ოფიციალური დილერების აქტიურობა, ისე დამოუკიდებელი დილერების საქმიანობა.
"გაზრდილი კონკურენცია კომპანიებისთვის კარგია, რადგან გვაიძულებს, ვიყოთ უფრო ფხიზლად და მეტი ველაპარაკოთ ქარხნებსა თუ ბრენდებს. ბაზარზე ზრდის დიდი პოტენციალი ჯერ კიდევ არის. საქართველო ჯერ კიდევ მეორადი ავტომობილების ბაზრად ითვლება, სადაც წლის განმავლობაში იმპორტირებული ავტომობილების პროპორცია ასეთია: 15% ახალი და 85% მეორადი. თუმცა ეს ტენდენცია ეტაპობრივად ახალი ავტომობილების სასარგებლოდ იცვლება", - აღნიშნავს "თეგეტას" წარმომადგენელი.
მზარდი ბაზრის ფონზე, "თეგეტა ქარსმა" (რომელიც 8 ბრენდს აერთიანებს) ბაზრის ზრდის ტემპს გადააჭარბა. კომპანიის საბაზრო წილი 2%-ით გაიზარდა და ჯამურად მსუბუქი ავტომობილების ბაზრის 34% შეადგინა. ხოლო თუ შედარება მხოლოდ პირდაპირ ოფიციალურ კონკურენტებთან გაკეთდება, "თეგეტას" წილი 50%-ს აჭარბებს.
"აღსანიშნავია, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში იაპონური ბრენდების საერთო წილი შემცირდა, ჩვენს პორტფელში შემავალი იაპონური ბრენდების - "ტოიოტასა" და "მაზდას" გაყიდვები გაიზარდა.
ასევე, უზარმაზარი ზრდის პერსპექტივა აქვს ჩვენს ორ ჩინურ ბრენდს - Geely-სა და Zeekr-ს. Geely წარმოადგენს ძირითად, ხელმისაწვდომ სეგმენტს, სადაც ფასები 18 000 დოლარიდან იწყება, ხოლო Zeekr უკვე პრემიუმ მიმართულებაა.
სულ ახლახან შემოვიდა 8X მოდელი, ხოლო მომავალ წელს იგეგმება ბიზნესკლასის ლუქს-მინივენის ვერსიის გამოშვება. ეს საშუალებას მოგვცემს, მაქსიმალურად ყველა სეგმენტი დავფაროთ", - აცხადებს პეტრე წაქაძე.
გარდა ამისა, წაქაძის თქმით, ბოლო ერთი თვეა, "თეგეტამ" ცენტრალურ ფილიალში სერვისის ახალი კონცეფცია დანერგა, რომელიც მომხმარებლისთვის "ერთი ფანჯრის" პრინციპით მომსახურებას გულისხმობს.
"ახალი მოდელით, მომხმარებელს კომუნიკაცია აქვს მხოლოდ სერვისის მრჩეველთან, რომელიც იბარებს ავტომობილს ნებისმიერი პრობლემის თუ რეგლამენტირებული სამუშაოსთვის. მომხმარებელს აღარ უწევს სერვისცენტრში სიარული, ნაწილების კონსულტანტებთან ცალკე მისვლა და დროის კარგვა. პროცესის მიზანია ეფექტურობისა და გამტარუნარიანობის გაზრდა.
რა თქმა უნდა, რადიკალურ ცვლილებებს ცენტრალურ ფილიალში ახლავს გარკვეული გამოწვევებიც. პირველ რიგში, მომხმარებელს მინდა ვუთხრა, რომ ყველა ხარვეზს ვხედავთ, მათ შორის უკუკავშირის საფუძველზეც, აქტიურად ვმუშაობთ მათ აღმოფხვრაზე და უახლოეს პერიოდში პროცესი სრულყოფილად დალაგდება", - განმარტავს კომპანიის წარმომადგენელი.
მისივე თქმით, ძირითადი მომსახურება განხორციელდება დახურულ სივრცეში მრჩევლის ჩართულობით, ხოლო სწრაფი მომსახურებისთვის ცალკე გამოიყოფა "ექსპრეს-სერვისები".
მომავალ 6 თვეში "თეგეტა ჰოლდინგი" პრიორიტეტად ექსპრეს-ფილიალების ქსელის განვითარებას აცხადებს - კომპანია სწრაფი სერვისების გაფართოებას როგორც საქართველოში, ისე რეგიონში გეგმავს. ამასთან, ცენტრალურ ფილიალში დანერგილი სერვისის ახალი, "ერთი ფანჯრის" კონცეფცია ეტაპობრივად რეგიონულ ფილიალებზეც გავრცელდება. პარალელურად, იგეგმება ფრონტ-ოფისების რედიზაინი და შიდა პროცესების ოპტიმიზაცია "თეგეტა მოტორსის" სხვადასხვა ბრენდში.
სამომავლო სტრატეგიის მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის ავტომობილის მოვლა-პატრონობის პროცესის სრულად გადაბარებაა, რაშიც საკვანძო როლს "თეგეტა კომფორტის" სერვისი შეასრულებს.
"ჩვენი ძირითადი მოტივია, ავტომობილის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საზრუნავი სრულად გადავიბაროთ. მომხმარებელს არ უნდა უწევდეს იმაზე ფიქრი, როდის სჭირდება ავტომობილს გეგმური სერვისი. ჩვენ წინასწარ შევახსენებთ, "თეგეტა კომფორტის" მეშვეობით წავიყვანთ ავტომობილს, ჩავუტარებთ მომსახურებას და დავუბრუნებთ ადგილზე ისე, რომ მას ოფისის დატოვებაც არ მოუწევს. მომავალი 6 თვე სწორედ ამ ციფრული და ფიზიკური სერვისების დახვეწას და მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას დაეთმობა", - აცხადებს პეტრე წაქაძე.
BM.GE
წყარო: bm.ge