
"საქართველოს ეკონომიკა საშიშად დამოკიდებული გახდა საგარეო ფაქტორებზე"|ინტერვიუ ეკონომისტ რატი წიკლაურთან
ეკონომისტ რატი წიკლაური შეფასებითკ, საქართველოს ეკონომიკის 8.6%-იანი ზრდა ივნისში და 7.9%-იანი მაჩვენებელი წლის პირველ ნახევარში შთამბეჭდავად გამოიყურება, თუმცა ოფიციალური რიცხვების მიღმა სერიოზული სტრუქტურული გამოწვევები იმალება.
როგორ ეკონომისტმა BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში განაცხადა, “ეკონომიკური აღმავლობა” დიდწილად რუსეთ-უკრაინის ომით, მიგრაციული ნაკადებითა და ავტომობილების რეექსპორტით გამოწვეული დროებითი „ბუსტერ-ეფექტია“.
“ქვეყნის ეკონომიკა საშიშად არის დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე, ხოლო შექმნილი დოვლათი არ არის ინკლუზიური და საქართველოს მოსახლეობის ფართო ფენებზე ნაკლებად აისახება”, - ამბობს ეკონომისტი.
მისივე დაკვირვებით, საგარეო შოკების მილევასთან ერთად იზრდება კაპიტალის უკუდინებისა და უძრავი ქონების ბაზარზე ადგილობრივი მოსახლეობის ჩანაცვლების საფრთხეები.
ამასთან, ეკონომისტი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი კვლავ ინვესტიციების მთავარ წყაროდ რჩება, რის გამოც დასავლეთთან ურთიერთობების დაძაბვა და ილუზორულ ალტერნატივებზე დამყარება ქვეყნის მდგრადობას სერიოზულ რისკს უქმნის.
ინტერვიუ ეკონომისტ რატი წიკლაურთან
- 6 თვეში ეკონომიკის თითქმის 8%-ით გაზრდა, ხოლო ივნისში თითქმის 9%-იანი ზრდა ნამდვილად არაა ცუდი მაჩვენებელი, მაგრამ თუ ეკონომიკის სტრუქტურას და ზრდის ფაქტორებს კარგად გავაანალიზებთ, რამდენად ეთანხმებით ეკონომიკის მინისტრ მოადგილე ვახტანგ ცინცაძის შეფასებას, რომ “საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები სასურველია არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროპის და ნებისმიერი ქვეყნისთვის”?
- გასული ექვსი თვის ეკონომიკური ზრდა ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება; თუმცა მთავარი პრობლემა ის არის, რომ მშრალი სტატისტიკა ხშირად არ ასახავს რეალურ სურათს - რიცხვების წაკითხვა ყოველთვის ისე ვცდილობთ, როგორც გვაწყობს და რა მოტივიც გვაქვს. თუ საკითხს ასე დავსვამთ, რომ საქართველოს ეკონომიკა ივნისში - 8.6%-ით, ხოლო წლის პირველ ნახევარში 8%-მდე გაიზარდა და ამ მონაცემებს პირდაპირ შევადარებთ ევროპისა თუ ამერიკის მაჩვენებლებს (მაგალითად, აშშ-ის ეკონომიკა გასულ კვარტალში მხოლოდ 1.5%-ით გაიზარდა), შესაძლოა, შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველო ყველა დასავლელ პარტნიორს უსწრებს…
- ანუ ერთი შეხედვით “ქართულ ეკონომიკურ სასწაულთან” გვაქვს საქმე…
- დიახ, თუმცა ამ რიცხვების უკან აუცილებლად უნდა დავინახოთ კონტექსტი და, რაც მთავარია, ინკლუზიურობა. „საქსტატის“ ოფიციალური მონაცემები შესაძლოა, რეალური და ოპტიმისტურიც იყოს, მაგრამ ის არ ასახავს ეკონომიკურ დოვლათს, რომელიც საბოლოო ჯამში, საქართველოს თითოეულ მოქალაქემდე აღწევს.
ამ ეკონომიკური ზრდის უდიდესი ნაწილი მოდის IT სექტორზე, ლოგისტიკაზე, ავტომობილების რეექსპორტსა და ნავთობგადამუშავებაზე. მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ საქართველოს ეკონომიკა საშიშად დამოკიდებული გახდა საგარეო ფაქტორებზე. ვფიქრობ, 2022 წლიდან მოყოლებული, მთავარი აქცენტი არა - პოსტკოვიდურ აღდგენაზე, არამედ უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე უნდა გავაკეთოთ. პანდემიის შემდეგ ეკონომიკური დაღმავლობის ციკლს ბუნებრივად მოჰყვა აღდგენა, თუმცა ჩვენ შემთხვევაში ეს ეფექტი რამდენიმე წელი გაგრძელდა იმის გამო, რომ პირდაპირ თუ ირიბად ვისარგებლეთ რეგიონში არსებული კონფლიქტით.
2022–2023 წლებში საქართველომ ბელარუსიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან 100 000-მდე მიგრანტი მიიღო. ამ ხალხმა ქვეყანაში სერიოზული კაპიტალი შემოიტანა, რადგან ომს, ბუნებრივია, შეძლებულთა ის ფენა გამოექცა, ვისაც გარკვეული დანაზოგი გააჩნდა. თბილისის კონკრეტულ უბნებში შეიქმნა “ჰაბები”, სადაც ჭარბობს მიგრანტების მიერ წამოწყებული ბიზნესები. მაგალითად, 2022 წელს IT სექტორის წილი საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით 3% იყო, დღეს კი 6.5%-ს შეადგენს. ეს თითქმის გაორმაგებული მაჩვენებელი დიდწილად სწორედ მიგრაციის ნაკადებს უკავშირდება.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ავტომობილების რეექსპორტია. რუსეთის ბაზარზე დასავლური, იაპონური და სამხრეთკორეული მწარმოებლების დეფიციტი გაჩნდა. საქართველო ხელსაყრელ გეოგრაფიულ პოზიციაში აღმოჩნდა და შავი ზღვის გავლით შეძლო ავტომობილების მიწოდება ცენტრალური აზიის (ყაზახეთი, ყირგიზეთი) გავლით, პირდაპირი სანქცირებული ჯაჭვის გვერდის ავლით.
- სწორედ ამიტომ ხშირად ისმის კითხვები იმის თაობაზეც, ხომ არ არის საქართველო სანქციების გვერდის ავლის ადგილი, თუმცა ჯერჯერობით, ბეწვის ხიდზე გავდივართ და ჯერჯერობით, პირდაპირი დარღვევები არ დაფიქსირებულა… თქვენ თქვით, რომ საქართველო საშიშად დამოკიდებულია საგარეო ფაქტორებზე - რა იგულისხმეთ და ასევე, თქვენი აზრით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება საქართველოსთვის უარყოფითი შოკი იქნება თუ შესაძლებელია, ქართულმა ბიზნესმა, მაგალითად, უკრაინის აღდგენის პროცესში მონაწილეობითაც იხეიროს?
- პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ავტომობილების რეექსპორტი საქართველოდან უკვე მნიშვნელოვნად შემცირებულია. რუსეთმა იმპორტირებულ ავტომობილებზე მაღალი ტარიფები დააწესა, რის გამოც ეს ბაზარი “ჩაწვა” და ბიზნესს გაყიდვები გაუჭირდა ანუ „ქარის მოტანილი“ შესაძლებლობა ისევე სწრაფად გაქრა, როგორც გაჩნდა. აქ ჩნდება მთავარი რისკი: საქართველოს ეკონომიკა ეყრდნობა ცვალებად და არასტაბილურ ფაქტორს - ომს. კონფლიქტის პოზიტიური რეზოლუციის შემთხვევაში, არსებობს კაპიტალის უკუდინების სერიოზული საფრთხე. საბანკო სექტორი უკვე აქტიურად მუშაობს სტრეს-სცენარებზე, რადგან ის დეპოზიტები და კაპიტალი, რაც სანქციების გამო შემოვიდა, შესაძლოა უკან გაედინოს, თუ მიგრანტები საკუთარ ქვეყნებსა თუ სხვა რეგიონებში დაბრუნდებიან.
მეორე მხრივ, ომის დასრულება რეგიონისთვის პოზიტიურიც იქნება, რადგან მშვიდობა, როგორც წესი, ინვესტიციებს იზიდავს, თუმცა რაც შეეხება მიგრანტების წასვლას: საქართველოს მთავრობის პოლიტიკა იმდენად ლმობიერი და განურჩეველია უცხოელი მიგრანტების მიმართ, რომ მათთვის სრულ კომფორტს ქმნის. ამიტომ გამიჭირდება თქმა, რამდენად სწრაფად დატოვებენ ისინი ქვეყანას.
აქ უფრო სხვა საფრთხეს ვხედავ: ხდება სერვისების, საცხოვრებლის, რესტორნებისა თუ სასტუმროების ფასების მორგება მაღალი გადახდისუნარიანობის მქონე უცხოელებზე. შედეგად, საშუალო სტატისტიკური ქართველისთვის თბილისის ცენტრალურ უბნებში (ვაკე, მთაწმინდა) ბინის ყიდვა ან ბიზნესის წამოწყება ინფლაციური წნეხის გამო ფიზიკურად შეუძლებელი ხდება…
- რა თადარიგი უნდა დაიჭიროს ბიზნესმა და სახელმწიფომ ამ რისკების გადასაზღვევად? რა ელის ეკონომიკას, თუ ეს ეფექტები მიილია?
- ზოგადად, ქვეყანამ რომ რეგიონული კონფლიქტიდან დროებითი ეკონომიკური სარგებელი მიიღოს, ცუდი არაფერია. მთავარია, ეს აკუმულირებული, ერთჯერადი კაპიტალი ქვეყნის მდგრად განვითარებას მოხმარდეს. დღეს კი, რას ვხედავთ?! ექსპორტის ზრდის, დაახლოებით, 70% მოდის ყულევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე, რომელიც იმპორტირებულ ნავთობს ამუშავებს…
- თუმცა ყულევის ქარხნის მენეჯმენტს აქვს განაცხადი გაკეთებული, რომ ნედლეულის წყაროებისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაზე. თუ ეს პროცესი ასე წარიმართა, გასაგებია, რომ ნავთობის საბადო არ გვაქვს, მაგრამ BSP-ს ქარხანა ქართული ეკონომიკის რეალურ ნაწილად არ იქცევა?
- პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მაგალითად, 500 მილიონი დოლარის ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან, დაახლოებით, 75% არის იმპორტირებული ნედლეულის თვითღირებულება. თუ 75%-ს სხვისგან ყიდულობ და მხოლოდ 25%-ს იგებ, ეს არ არის ეკონომიკის რეალური საყრდენი.
- ესეც ავტომობილების რეექსპორტის მსგავსი "კვერცხის ნახარშის ეფექტია" - ლეგალური, მაგრამ მცირე დამატებული ღირებულების მქონე?
- დიახ. იგივე ხდება ოქროს, სპილენძისა და სასუქების წარმოებაშიც - ირანის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო გაიზარდა ფასები, რამაც ბიუჯეტში ჭარბი შემოსავლები მოიტანა. მთავრობა პირველ შვიდ თვეში ბიუჯეტს ვერც კი ხარჯავს. კითხვა ასეთია: სად მიდის ეს ფული და რა არის მთავრობის მდგრადი პოლიტიკა?! უმუშევრობა კვლავ მაღალია. ოფიციალური უმუშევრობის შემცირება კი იმის ხარჯზე ხდება, რომ ათასობით ადამიანი ქვეყნიდან მიდის და სტატისტიკაში აღარ ითვლება. ამას ემატება ისიც, რომ საშუალო ნომინალური ხელფასი იზრდება, ხოლო რეალური დასაქმება მცირდება - ეს პირდაპირ მიუთითებს ინკლუზიურობის პრობლემაზე. გვყავს მოსახლეობის მცირე ჯგუფი, რომელიც ამ „ბუსტერ-ეფექტებით“ ძალიან კარგად ცხოვრობს, და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რომელსაც ეს სიკეთე საერთოდ არ ეხება.
რაც შეეხება საინვესტიციო გარემოს: განვითარებადი ქვეყნები მიმზიდველია იაფი კაპიტალისა და მუშახელის გამო, თუმცა როდესაც ამას ემატება სანქცირების რისკები და მთავრობის არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილებები, ინვესტორი ორჯერ დაფიქრდება. ყურადღებას გავამახვილებ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზეც (FDI). მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შემოსული 200-300 მილიონი დოლარიდან 50%-ზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებზე (ბელგია, გერმანია, ნიდერლანდები) მოდის, ხოლო ჩინეთზე - მხოლოდ 4–5%... ამ ფაქტების ფონზე, განცხადებები იმის შესახებ, რომ დასავლეთი არ გვჭირდება და ცენტრალური აზიითა თუ ჩინეთით ჩავანაცვლებთ, აბსოლუტური აბსურდია. ციფრები ნათლად აჩვენებს: დასავლეთთან არსებული დაძაბულობის მიუხედავად, რეალურ კაპიტალს ევროპული ქვეყნები დებენ საქართველოში და არა - ჩინეთი, რომელთანაც თითქოს ურთიერთობები განსაკუთრებულად დავათბეთ.
- რა უნდა გახდეს საქართველოს მთავარი საინვესტიციო კოზირი დღეს, როცა ძველი უპირატესობები (მაგ. იაფი მუშა ხელი, დაბალი გადასახადები) უკვე აღარ მუშაობს და თან დაემატა ახალი სუსტი წერტილები ქვეყნის საინვესტიციო კლიმატს…
- ეკონომისტები ხშირად სვამენ კითხვას: რა არის ქვეყნის შედარებითი უპირატესობა ანუ რა უნდა გაყიდოს მან? გულწრფელად რომ ვთქვა (არ ვფიქრობ, რომ ვინმეს რამეს ვერჩი, ან ყულევში ნავთობს რომ ამუშავებენ და ამით ხალხი ხეირობს, ეს ცუდია), არ მგონია, რომ ნავთობის გადამუშავება და ექსპორტი, ან მით უმეტეს, ავტომობილების რეექსპორტი საქართველოს მთავარი უპირატესობა იყოს. მიმაჩნია, რომ ჩვენი მთავარი უპირატესობა გეოპოლიტიკური ლოკაციაა. საქართველო აბსოლუტურად იმაზე უნდა იყოს კონცენტრირებული, რომ კორიდორის ფუნქცია შეასრულოს, რადგან გეოგრაფიულად ევროპასა და აზიას შორის ვართ მოქცეული. ჩვენ უნდა ველაპარაკებოდეთ ყველას: ერთი მხრივ, გვქონდეს ძალიან ღრმა ურთიერთობები დასავლელ პარტნიორებთან, ვისწრაფოდეთ ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და მათი ეკონომიკური მოდელის საქართველოში გადმოტანისკენ, ხოლო მეორე მხრივ - პარალელურად გვქონდეს ეკონომიკური ურთიერთობები ჩინეთთან.
ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება, რომ გვგონია, ეს არ გამოვა და აუცილებლად არჩევანი უნდა გავაკეთოთ - ან დასავლეთი გვინდა, ან აღმოსავლეთი. არა, მეგობრებო! ემანუელ მაკრონიც ხვდება სი ძინპინს და ურსულა ფონ დერ ლაიენიც ხვდება მას. ეს კომუნიკაციები და ეკონომიკური ურთიერთობები რეალურად თანამედროვე სამყაროს სახეა, რომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო მულტიპოლარული ხდება. ამიტომ მგონია, რომ ახლა არასწორად ვიქცევით: ფაქტობრივად, ზურგს ვაქცევთ დასავლეთს და ვებუტებით იმის გამო, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა თუ მთავრობამ რაღაცები ვერ დაალაგეს. ამით კი რეალურად ქვეყნის ინტერესები ზარალდება.
ჩვენი გეოპოლიტიკური პოზიცია სწორედ იმას გულისხმობს, რომ უნდა ვიყოთ საიმედო გამტარი. ერთი მხრივ, უნდა ვაჩვენებდეთ, რომ დასავლური ღირებულებების ქვეყანა ვართ და ჩვენი კულტურითა თუ ისტორიით ამ ოჯახს მივეკუთვნებით, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკურად აქტიურები ვიყოთ მათთან, გვქონდეს მჭიდრო კავშირები გერმანიასთან, ბელგიასა და სხვა ქვეყნებთან, და ამავდროულად - ჩინეთთანაც. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი უპირატესობა.
- დავიტოვოთ ცვლილებების იმედი.
BM.GE
წყარო: bm.ge