
საქართველოს ეროვნულ ბანკს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად პროექტზე შენიშვნები არ აქვს
საქართველოს ეროვნულ ბანკს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად პროექტზე შენიშვნები არ აქვს - ამის შესახებ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სებ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა დოჭვირმა ბიუჯეტის პროექტის დასკვნის წარდგენისას განაცხადა.
„საქართველოს ეროვნულ ბანკს წარმოდგენილ დოკუმენტზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შენიშვნები არ აქვს“, - განაცხადა მან.
მისი განმარტებით, საქართველოს ეროვნული ბანკი, ბიუჯეტის შესახებ დასკვნის მომზადებისას, ეყრდნობა ნაერთი ბიუჯეტის ანალიზურ წარმოდგენას, რამდენადაც ის უკეთესად ასახავს ფისკალური პოლიტიკის გავლენას ერთობლივ მოთხოვნასა და, შედეგად, ინფლაციურ პროცესებზე.
„2026 წელს ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალია, თუმცა იგი დიდწილად ეკონომიკის საწარმოო პოტენციალის გაფართოებასა და პროდუქტიულობის ზრდას უკავშირდება. წარმოდგენილი ბიუჯეტის შესაბამისად, შემდგომ პერიოდში ეკონომიკური ზრდის ტემპი ეტაპობრივად მის გრძელვადიან წონასწორულ დონეს 5-5.5 პროცენტს უბრუნდება, ხოლო ეკონომიკის დადებითი ციკლური პოზიცია იხურება. ამ ფონზე, ფისკალური დეფიციტი ზომიერად იზრდება, რაც ნაწილობრივ ეკონომიკური ციკლის ნორმალიზების ეფექტსაც ასახავს. შესაბამისად, ფისკალური პოზიცია მეტწილად ნეიტრალური რჩება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის დეფიციტი კვლავ 3 პროცენტზე დაბალ დონეზე ნარჩუნდება, რაც ფისკალური პოზიციის მდგრადობას უზრუნველყოფს.
მთავრობის ვალის დაბალი და კლებადი დონე, მისი სტრუქტურის ცვლილებასთან ერთად, ხელს უწყობს ქვეყნის სუვერენული რისკის შემცირებას და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას“, - აღნიშნა დოჭვირმა.
BM.GE
წყარო: bm.ge