
საქართველოს ჯამური საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსი შემცირდა - ICC Georgia
საერთაშორისო სავაჭრო პალატამ (ICC Georgia) საქართველოს საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსის (GFEDI) 2026 წლის პირველი კვარტალის ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც ქვეყნის საგარეო ეკონომიკურ მდგრადობას 5 ძირითადი პარამეტრით (იმპორტი, ექსპორტი, ფულადი ნაკადები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და შემოსავლები საერთაშორისო მოგზაურობიდან) აფასებს აჩვენებს, რომ საქართველოს საგარეო სექტორის აქტივობაში კლება ფიქსირდება.
ქვეყნის საგარეო ეკონომიკური აქტივობა როგორც კვარტალურ, ისე წლიურ ჭრილში შემცირდა, რაც თითქმის ყველა ძირითადი კომპონენტის კლებამ გამოიწვია, გარდა იმპორტისა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის წილი და გავლენა ქართულ ეკონომიკაზე საგრძნობლად შემცირდა. ამის მთავარი მიზეზი რუსეთიდან ფულადი გზავნილების მკვეთრი შემცირებაა, რის გამოც ორ ქვეყანას შორის არსებულმა ფინანსურმა ნაკადებმა იკლო.
კერძოდ, გამოქვეყნებული საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსის (GFEDI) ანგარიშიდან რამდენიმე ძირითადი საკითხი იკვეთება:
• საგარეო აქტივობის საერთო კლება: საქართველოს ჯამური საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 4.4%-ით (ხოლო წლიურად 2.8%-ით) შემცირდა. ეკონომიკის 5 ძირითადი კომპონენტიდან 4-ში კლება დაფიქსირდა, ზრდა კი მხოლოდ იმპორტში აღირიცხა. • ეკონომიკის მაღალი ღიაობა: საგარეო ეკონომიკური ნაკადების მასშტაბი თითქმის ქვეყნის შიდა ეკონომიკის (მშპ-ის) ზომის ტოლფასია და მის 98.2%-ს შეადგენს. • რუსეთზე დამოკიდებულების მკვეთრი შემცირება: რუსეთის წილი მთლიან საგარეო ინდექსში 15.9%-დან 11.3%-მდე შემცირდა. ეს ძირითადად გამოწვეულია რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემცირებით. • ჩინეთის ფაქტორი და ექსპორტის ზრდა: მიუხედავად კვარტალური შემცირებისა, წლიურ ჭრილში ექსპორტი 22.6%-ით გაიზარდა. ეს ნახტომი ძირითადად ჩინეთის დამსახურებაა, სადაც ქართული პროდუქციის მიწოდება სამზე მეტჯერ გაიზარდა და ჩინეთმა პარტნიორებს შორის მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. ექსპორტი ასევე თითქმის გაორმაგდა თურქეთთან. • ევროკავშირი კვლავ ლიდერია: ევროკავშირმა შეინარჩუნა საქართველოს უმსხვილესი ეკონომიკური პარტნიორის სტატუსი, მისი წილი საგარეო ინდექსში 19.7%-მდე გაიზარდა, ხოლო ინვესტიციები ევროკავშირიდან კვარტალურად გაორმაგდა. შემდეგ მოდის რუსეთი 11.3%-ით; თურქეთი 10.6%-ით და ჩინეთი 7.8%-ით.
"სამომავლოდ ორ სტრუქტურულ ცვლილებას უნდა მიექცეს ყურადღება: ჩინეთი მეოთხე ადგილზე დაწინაურდა ექსპორტის მკვეთრი ზრდის ხარჯზე, რაც შენარჩუნების შემთხვევაში შეცვლის საქართველოს სავაჭრო სტრუქტურას; ხოლო ევროკავშირმა კვლავ განიმტკიცა პოზიცია, როგორც უმსხვილესმა პარტნიორმა და ინდექსის 19.7% დაიკავა. ამის საპირისპიროდ, ამერიკის შეერთებული შტატების მაჩვენებლებმა იკლო იმპორტის შემცირების გამო. საგარეო სექტორის მასშტაბი, რომელიც მშპ-ის 98.2%-ს შეადგენს, კვლავ შიდა ეკონომიკის ზომის ტოლფასია. თუმცა, დღეს იგი ბევრად მყარ და დივერსიფიცირებულ საფუძველს ემყარება, ვინაიდან გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა დამოკიდებულება ფულადი ნაკადების ერთ სტაბილურ წყაროზე", - აღნიშნულია ანგარიშში.
მეთოდოლოგია: საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსი გამოითვლება გამოკითხვაში თითოეული ქვეყნისთვის შემდეგი პარამეტრების ჯამის მიმატებით: იმპორტი + ექსპორტი + ფულის ნაკადი + პირდაპირი უცხოური ინვესტიციები + შემოსავლები საერთაშორისო მოგზაურობიდან. (5 პარამეტრი)• თითოეული ქვეყნის ეკონომიკური წონა პროპორციულია იმ პროცენტისა, რომელსაც ეს ქვეყანა წარმოადგენს საერთო ჯამიდან და ნომინალური მშპ - დან.
BM.GE
წყარო: bm.ge