
საქართველოს კანადელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ - ქვეყნიდან ექსპორტი 5%-ით გაიზარდა
კანადის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, საქართველოს კანადის ღვინის კომერციული სექტორისა და მედიის 10 წარმომადგენელი სტუმრობდა - ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტური სააგენტოსა და მისი კონტრაქტორი კანადური მარკეტინგული კომპანიის, „A+M Consulting & Communications“-ის ორგანიზებით გაიმართა.
სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ქართლსა და კახეთში ღვინის მწარმოებელი კომპანიების საქმიანობას გაეცნენ. მათ მიიღეს ინფორმაცია ქართული ღვინის 8 000-წლიან ისტორიაზე, დაყენების ტრადიციებსა და ტექნოლოგიებზე, ასევე დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ისე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ღვინოები.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი ტურები ქართველ მეღვინეებსა და უცხოელ პროფესიონალებს შორის პირდაპირი საქმიანი კონტაქტების დამყარებასა და კანადის ბაზარზე გაყიდვების ზრდას უწყობს ხელს.
როგორია კანადაში ღვინის ექსპორტის სტატისტიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან კანადაში 203 ათას ლიტრამდე ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 5%-ით აღემატება.
საქსტატის ოფიციალური სტატისტიკა კი აჩვენებს, რომ 2022–2023 წლების კლების შემდეგ, კანადაში ქართული ღვინის ექსპორტი ბოლო ორი წელია სტაბილურად იზრდება - განსაკუთრებით კი საექსპორტო შემოსავლის ნაწილში.
2025 წელს ექსპორტის მოცულობა 214.7 ათას ლიტრამდე გაიზარდა, რაც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მხოლოდ 2021 წლის პიკურ მაჩვენებელს (228.3 ათასი ლიტრი) ჩამორჩება. ამასთან, 2026 წლის ათი თვის შედეგით (203 ათას ლიტრი), წლევანდელი ექსპორტი უკვე მიუახლოვდა გასული წლის სრულ მაჩვენებელს.
წელი მოცულობა (ლიტრი) ღირებულება (ათასი $) საშუალო საექსპორტო ფასი (1 ლ) 2020 141 533 $765.5 $5.41 2021 228 335 $1 405.8 $6.16 2022 175 170 $865.6 $4.94 2023 169 256 $784.0 $4.63 2024 196 727 $1 047.2 $5.32 2025 214 670 $1 300.4 $6.06
BM.GE
წყარო: bm.ge