
საქართველოს ხარისხის განვითარების ცენტრი EQAR-ში რეგისტრაციის აღდგენის ეტაპზეა - ENQA-ის შეფასება
უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულმა ასოციაციამ (ENQA) გამოაქვეყნა საქართველოს „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ 2026 წლის ფოკუსირებული შეფასების საბოლოო ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, რომელიც 2026 წლის 26 ივნისით თარიღდება, საერთაშორისო ექსპერტთა პანელმა ცენტრის საქმიანობა და საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები ევროპული სივრცის სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მიიჩნია.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა რთული პროცესი. 2019 წელს მოპოვებული ENQA-ს წევრობისა და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ, 2023-2024 წლებში ცენტრმა ხელახალი სრული შეფასება გაიარა. 2024 წლის ნოემბერში EQAR-ის კომიტეტმა მიიჩნია, რომ ქართული სააგენტო ვერ აკმაყოფილებდა დამოუკიდებლობის სტანდარტს და მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამებოდა შეფასების კრიტერიუმების სტანდარტს, რის გამოც NCEQE-ს ევროპულ რეესტრში რეგისტრაცია შეუწყდა. 2025 წლის აპრილში ENQA-ს საბჭომ ცენტრს „სტატუსის ქვეშ მყოფი წევრის“ ორწლიანი სტატუსი მიანიჭა. რეგისტრაციის აღდგენის მიზნით, ცენტრმა ENQA-ს ფოკუსირებული (ნაწილობრივი) შეფასებისთვის მიმართა. ამის საფუძველზე, 2026 წლის 9-11 თებერვალს თბილისში საერთაშორისო ექსპერტთა სამკაციანი ჯგუფი (ივონ ოვერდევესტი, ხორდი ვილია ი ფრეიშა, ნატალია გრენიევსკა) საქართველოს ეწვია.
საერთაშორისო ექსპერტებმა დეტალურად შეისწავლეს საქართველოში 2024-2025 წლებში განხორციელებული საკანონმდებლო და სტრუქტურული რეფორმები და დაასკვნეს, რომ ცენტრმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ანგარიშში დეტალურადაა გაანალიზებული ოთხი ძირითადი სტანდარტი, რომელთა მიხედვითაც ცენტრი ევროპულ მოთხოვნებთან სრულ თავსებადობაშია:
1. ცენტრის დამოუკიდებლობა (ESG 3.3) - სრულად შესაბამისი
2023 წლის შეფასებისას მთავარ პრობლემას წარმოადგენდა ცენტრის დირექტორის ორმაგი როლი, რომელიც პარალელურად მინისტრის მოადგილის პოლიტიკურ თანამდებობას იკავებდა, რაც ინტერესთა კონფლიქტის რისკებს აჩენდა. ანგარიშის მიხედვით, საქართველომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა:
• 2024 წლის ივნისის საკანონმდებლო ცვლილებებით, დირექტორს აეკრძალა პოლიტიკური ან აღმასრულებელი სამთავრობო პოზიციების დაკავება, განისაზღვრა მისი უფლებამოსილების ფიქსირებული 5-წლიანი ვადა და მკაფიოდ გაიწერა თანამდებობიდან ნაადრევად გათავისუფლების პირობები. • 2025 წლის ნოემბრის რეფორმით (მინისტრის ბრძანება №89), გაძლიერდა კოორდინაციის საბჭოს (CC) როლი დირექტორის შერჩევის პროცესში. საბჭო მონაწილეობს შესარჩევი კომისიის ფორმირებაში, სამინისტროსთან ერთად ადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, კანდიდატებს ამტკიცებს ხმათა 3/4-ის უმრავლესობით და პირდაპირაა ჩართული დირექტორის გათავისუფლების საკითხში. მიუხედავად იმისა, რომ განათლების მინისტრი და პრემიერ-მინისტრი კვლავ ინარჩუნებენ როლს დანიშვნის პროცესში, ექსპერტების შეფასებით, ეს მხოლოდ პროცედურული ხასიათისაა და ლეგიტიმურობის უზრუნველყოფას ემსახურება. • ოპერაციული დამოუკიდებლობა და კადრების დენადობა: ექსპერტებმა შეისწავლეს ცენტრში არსებული კადრების როტაცია და დაადგინეს, რომ წლიური დენადობა 10-15%-ია, რაც ევროპული სივრცისთვის ნორმალურია. კადრების წასვლა უკავშირდება შრომის ბაზარზე არსებულ კონკურენციას (კერძოდ, კერძო უნივერსიტეტების მხრიდან მაღალ ხელფასებს) და არა სამთავრობო ჩარევას. ცენტრს აქვს სტაბილური სამუშაო ძალა, დანერგილია მენტორინგისა და თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევის მექანიზმები. • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლობა: 2025 წლის დეკემბერში შემოვიდა ავტორიზაციის, აკრედიტაციისა და სააპელაციო საბჭოების ეთიკის კოდექსი და შეიქმნა ეთიკის კომისიები, რომლებიც განიხილავენ საჩივრებს საბჭოს წევრებისა და ცენტრის თანამშრომლების წინააღმდეგ. საკანონმდებლო ნორმები კრძალავს საბჭოს წევრების მიერ უმაღლეს სასწავლებლებში მენეჯერული პოზიციების დაკავებას. ინტერვიუების დროს უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა და ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ გადაწყვეტილებებზე პოლიტიკური ან ინსტიტუციური ზეგავლენა არ შეინიშნება.
რეკომენდაცია: ექსპერტთა ჯგუფმა აღნიშნა, რომ კანონმდებლობაში არ არის გაწერილი მაქსიმალური ვადა, თუ რამდენ ხანს შეიძლება მართავდეს ცენტრს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ოფიციალური კონკურსის გამოცხადებამდე. ექსპერტები ცენტრს მოუწოდებენ, დააწესოს მკაფიო ვადები ლიდერობის სტაბილურობის დასაცავად. ასევე რეკომენდებულია ახალი კანონმდებლობის ეფექტიანობის მუდმივი მონიტორინგი.
2. შეფასების კრიტერიუმები და შედეგები (ESG 2.5) - სრულად შესაბამისი
წინა შეფასებისას პრობლემას წარმოადგენდა საბჭოების მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არადოკუმენტირებულ წყაროებზე დაყრდნობა (ცალკეული წევრების მიერ საკუთარი კვლევების ჩატარება) და დოკუმენტების დაგვიანებით მიწოდება. 2025 წლის ნოემბრის ცვლილებებით, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებებში მკაფიოდ ჩაიწერა, რომ საბჭოები ვალდებულნი არიან დაეყრდნონ მხოლოდ თვითშეფასების ანგარიშს, ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას, უნივერსიტეტის არგუმენტირებულ პოზიციასა და საჯარო ზეპირ მოსმენაზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ნებისმიერი გადახვევა ექსპერტების რეკომენდაციიდან უნდა იყოს მკაცრად დასაბუთებული.
გარდა ამისა:
• აკრედიტაციის საბჭოს წევრების მანდატი 1 წლიდან 2 წლამდე გაიზარდა, ხოლო ერთი და იგივე პირი საბჭოში ზედიზედ მხოლოდ ორჯერ შეიძლება შეირჩეს. • საბჭოს წევრებს დღის წესრიგი და დოკუმენტაცია საჯარო მოსმენამდე მინიმუმ 14 დღით ადრე მიეწოდებათ (ნაცვლად ძველი 7 დღისა). • განახლდა საბჭოს წევრების სახელმძღვანელო და ჩატარდა სპეციალური ტრენინგები სტანდარტების ერთგვაროვანი ინტერპრეტაციისთვის.
3. მეთოდოლოგიის მიზანშეწონილობა (ESG 2.2) და პროცესების განხორციელება (ESG 2.3) საერთაშორისო აკრედიტაციის კონტექსტში - სრულად შესაბამისი
მოცემულ კომპონენტში ექსპერტებმა შეაფასეს ცენტრის ახალი ფუნქცია, საზღვარგარეთ მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაცია. ექსპერტებმა შეისწავლეს 2024 წელს განხორციელებული პირველი ასეთი ქეისი (ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროგრამის აკრედიტაცია). ანგარიშის მიხედვით, საერთაშორისო აკრედიტაციის მეთოდოლოგია ეფუძნება ეროვნულ მოდელს, თუმცა მორგებულია საზღვარგარეთის კონტექსტს, ითვალისწინებს დარგობრივ ნიშნულებსა და სამიზნე ქვეყნის კანონმდებლობას.
ცენტრმა ასევე შეიმუშავა სპეციალური პროტოკოლი დისტანციური და ჰიბრიდული ვიზიტებისთვის, რაც უზრუნველყოფს საერთაშორისო ექსპერტების სრულფასოვან ჩართულობას.
ხარვეზი და რეკომენდაცია ვებგვერდთან დაკავშირებით: მიუხედავად პოზიტიური შეფასებისა, ექსპერტთა ჯგუფმა პრობლემა აღმოაჩინა ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობაში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო აკრედიტაციის შესახებ დოკუმენტაცია სამ ენაზე არსებობს, თუმცა უცხოენოვანი მომხმარებლისთვის ცენტრის ვებგვერდზე მისი მოძიება თითქმის შეუძლებელია. ვებგვერდის ნავიგაცია და ძირითადი ინტერფეისი მხოლოდ ქართულ ენაზეა, რის გამოც ექსპერტებს ინფორმაციის მოძიებაში თავად ცენტრის თანამშრომლები დაეხმარნენ. ENQA მოუწოდებს სააგენტოს, საერთაშორისო აკრედიტაციის შედეგები და ანგარიშები ვებგვერდზე უცხოენოვანი მომხმარებლისთვის მარტივად ხელმისაწვდომი გახადოს.
ENQA-ს მიერ გამოყოფილი საუკეთესო პრაქტიკა:
ევროპელმა ექსპერტებმა ქართულ სისტემაში ორი მიმართულება განსაკუთრებით მოიწონეს და საუკეთესო პრაქტიკად შეაფასეს:
• საბჭოების ეთიკის კოდექსის შემუშავება, რომელიც ხელს უწყობს ობიექტურ, გამჭვირვალე და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებებს. • ცენტრის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც დაინტერესებული მხარეების (უნივერსიტეტები, სტუდენტები, დამსაქმებლები) ჩართულობის, სიახლეების გაზიარებისა და მეთოდოლოგიის დახვეწის ბრწყინვალე და გამჭვირვალე პლატფორმაა.
ანგარიშის თანახმად, ვიზიტის დროს ინტერვიუებზე სხვადასხვა მხარეებმა ახსენეს ახლახან დაანონსებული სამომავლო საგანმანათლებლო რეფორმები და ცვლილებები „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, თუმცა, ვინაიდან შეფასების მომენტში ეს ცვლილებები ჯერ კიდევ არ იყო იმპლემენტირებული, ექსპერტებმა მათი გავლენის შეფასებისგან თავი შეიკავეს.
ვალიდაციის კომიტეტის მიერ დამტკიცებული ეს ანგარიში უახლოეს პერიოდში წარედგინება ევროპულ რეესტრს (EQAR), რათა ოფიციალურად აღდგეს საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სრული რეგისტრაცია რეესტრში.
BM.GE
წყარო: bm.ge