
"საქართველოს ოქროს ლომი" - ქვეყანაში პირველი ეროვნული კულინარიული ჩემპიონატი დაფუძნდა
20 ღონისძიება, 1 500-ზე მეტი ჩართული ახალგაზრდა, საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებული ოქროს მედლები და პარტნიორობა მსოფლიოს წამყვან კულინარიულ სკოლებთან - საქმიანობის 1 წელი BM.GE-სთან "საქართველოს შეფთა ასოციაციამ" შეაჯამა. როგორც დამფუძნებელი, მია კუპრავა აცხადებს, ეს იმ მიღწევათა არასრული ჩამონათვალია, რომელიც საქართველომ შეფთა მსოფლიო ასოციაციაში (WorldChefs) რიგით 111-ე ქვეყნად გაწევრიანების შემდეგ დააგროვა.
ასოციაციის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი სიახლე შეფმზარეულთა კონკურსის, "საქართველოს ოქროს ლომის" ჩემპიონატის დაარსებაა, რომელიც მიზნად ქვეყანაში კულინარიული სტანდარტების დანერგვასა და ნიჭიერი მზარეულების გამოვლენას ისახავს. კულინარიულ კონკურსში მონაწილეობას პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები მთელი საქართველოდან იღებენ, უშუალოდ "ოქროს ლომის" ჯილდო კი ნახევარფინალის ეტაპიდან დაიბადა.
"ძალიან დიდხანს ვიშრომეთ ამაზე. გვინდოდა, ჩვენი ქვეყნიდან წარმოდგენილი ყოფილიყო ეროვნული ბრენდი, მსოფლიო დონის კულინარიული კონკურსი. სახელიც სიმბოლურია - კულინარიის სამყაროში ხშირად ამბობენ, რომ სამზარეულოში "ლომები" მუშაობენ. ასე დაიბადა "საქართველოს ოქროს ლომი".
ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა რეგალიებს, ასაკს თუ გამოცდილებას. მონაწილეობა შეუძლია ყველას - სტუდენტს, პედაგოგს, მოყვარულს თუ გამოცდილ შეფს. მთავარია, კონკურსანტმა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების ტექნიკურად, ფსიქოლოგიურად და ვიზუალურად თეფშზე წარმოდგენა. კონკურსი მსოფლიო შეფთა ასოციაციის (WorldChefs) საერთაშორისო სტანდარტებით ფასდება", - აცხადებს მია კუპრავა.
კულინარიული კონკურსის ჟიურის წევრებად გამოცდილი შეფმზარეულები შეირჩნენ, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.
როგორც ასოციაციაში განმარტავენ, პროექტისადმი ინტერესი საერთაშორისო ასპარეზზეც დიდია - მონაწილეობის სურვილს 30-ზე მეტი უცხოური გუნდი გამოთქვამდა, თუმცა პირველ ეტაპზე ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, აქცენტი ქართველ მონაწილეებზე გაკეთდა.
კონკურსის გრანდიოზული ფინალი 20 ოქტომბერს, მსოფლიო შეფთა საერთაშორისო დღეს, გაიმართება, სადაც კონკურსის წინა ეტაპებზე გამარჯვებული 6 საუკეთესო გუნდი შეეჯიბრება ერთმანეთს.
ფინალს ალან დიუკასის კულინარიული სკოლის წარმომადგენლები დაესწრებიან.
"საფრანგეთში ვიზიტისას უმნიშვნელოვანეს შედეგს მივაღწიეთ. ალან დიუკასის სკოლამ გამოთქვა მზაობა, ითანამშრომლოს საქართველოსთან. ჩვენ უკვე მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებთ ისეთ გრანდებთან, როგორებიცაა Ferrandi, Le Cordon Bleu და ბასკეთის კულინარიული აკადემია. Alain Ducasse-ის სკოლის წარმომადგენლები კი 20 ოქტომბრის ფინალს უშუალოდ დაესწრებიან. ისინი მზად არიან, შექმნან სპეციალური სასწავლო პროგრამები, რომლებიც მორგებული იქნება ქართულ პროდუქტებსა და მოთხოვნებზე", - აღნიშნავს მია კუპრავა.
გარდა ეროვნული მასშტაბის დაჯილდოებისა, დამფუძნებლის თქმით, ასოციაციის ინიციატივით ქართველმა ახალგაზრდა შეფებმა საერთაშორისო ასპარეზზეც მიაღწიეს წარმატებას. ბაქოში გამართულ მსოფლიო შეფთა ასოციაციის კულინარიულ ჩემპიონატზე ქართველმა მონაწილეებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ასოციაცია ასევე მხარს უჭერს ინკლუზიურ განათლებას. მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს, საფრანგეთში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პატრონაჟით გამართულ გასტრონომიულ პარალიმპიადაზე, ასოციაციის მხარდაჭერით ქართველი სკოლის მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.
ამასთან, მია კუპრავას განცხადებით, ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს ახლად შექმნილ სახელმწიფო გასტრონომიის სააგენტოსთან და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან.
"ჩვენთვის უმთავრესი განათლებაა. ისტორია, გემოები და პროდუქტები ადგილზე გვაქვს, ახლა მთავარია საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა. ჩვენი საბოლოო და უდიდესი მისიაა "ქართული სტუმარმასპინძლობის სკოლის" (აკადემიის) შექმნა.
ქართველებს გენში გვიდევს სტუმარმასპინძლობა. გვინდა, შეიქმნას ისეთივე მაღალი დონის ეროვნული სკოლა, როგორიც შვეიცარიაშია. ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ ავთენტურობა, განვავითაროთ იგი და დავნერგოთ მსოფლიო სტანდარტები, რათა საქართველომ გასტრონომიულ რუკაზე კუთვნილი, ღირსეული ადგილი საბოლოოდ დაიმკვიდროს", - აცხადებს მია კუპრავა.
ამჟამად "საქართველოს შეფთა ასოციაცია" 1 500-ზე მეტ სტუდენტს, 100-ზე მეტ ჟიურის წევრსა და ათეულობით პარტნიორ ორგანიზაციას (სასტუმროებს, რესტორნებსა და კოლეჯებს) აერთიანებს. ორგანიზაცია 20 ოქტომბრის ფინალისთვის მზადებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.
BM.GE
წყარო: bm.ge