
"საქართველოს რკინიგზა" სტრატეგიული გეგმების პრეზენტაციის ღონისძიებაზე 220 000 ლარს დახარჯავს
სს "საქართველოს რკინიგზა" გამარტივებული წესით სტრატეგიული გეგმების პრეზენტაციის ღონისძიების ორგანიზების მომსახურებას და მის პირდაპირ ეთერში გადაცემას ყიდულობს. შესყიდვის ღირებულება 220 391 ლარია.
როგორც გამარტივებული შესყიდვის შეთანხმებაშია აღნიშნული, საქართველოს რკინიგზაში იწყება ისტორიული განახლება. კომპანია გეგმავს მათ შორის ლოკომოტივების, ვაგონების, სამგზავრო მატარებლების შესყიდვას, ასევე ბორჯომ-ბაკურიანის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, შენობა-ნაგებობების და მოძრავი შემადგენლობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
"დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კომპანიას ამ ტიპის განახლება/გაჯანსაღება არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, აუცილებელია მოხდეს სს „საქართველოს რკინიგზის“ გეგმების მთავრობისა და მაღალი რანგის სტუმრებისთვის წარდგენა, რაც ხელს შეუწყობს მისი განსაკუთრებული როლისა და მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლებას და დადებითი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას. ამ მიზნით, საჭიროა ღონისძიების ორგანიზება, რომელიც გაითვალისწინებს როგორც საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებისა და შესაბამის სექტორში მოქმედი მნიშვნელოვანი სუბიექტების უშუალო მონაწილეობას, აგრეთვე, ღონისძიების გადაცემას პირდაპირი ეთერის მეშვეობით საზოგადოების ინფორმირების მიზნით",- აღნიშნავენ რკინიგზაში და განმარტავენ, რომ ღონისძიება წინასწარ ვერ დაიგეგმა, გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარეობდა ღონისძიების თარიღის დაზუსტება.
ღონისძიება დაგეგმილია არაუგვიანეს 2026 წლის 10 მაისს.
რკინიგზის დირექტორთა საბჭოს 29 აპრილის დადგენილებით, მიზანშეწონილად მიიჩნიეს „ღონისძიების“ ორგანიზების მომსახურების შესყიდვა შპს „HD EVENTS“-ისგან და ქეითერინგ მომსახურების შესყიდვა შპს „პარაგრაფ თბილისი სითი“-სგან გამარტივებული შესყიდვის გზით. პირდაპირ ეთერში ტრანსლირების მომსახურების შესყიდვა კი შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-სგან.
BM.GE
წყარო: bm.ge