მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს რკინიგზამ 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესაძენად $70-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა
საქართველოს რკინიგზამ 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესაძენად $70-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს რკინიგზამ 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესაძენად $70-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

BM.GE11 ნოემბერი, 2026, 18:12|bm.ge

საქართველოს რკინიგზამ 10 ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლის შესაძენად საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. ის აზიის განვითარების ბანკის წესებით ჩატარდება და მისი სავარაუდო ღირებულება 70 მილიონ დოლარს შეადგენს. შესაბამისად, ერთი ახალი სამგზავრო შემადგენლობის სავარაუდო საფასური 7 მილიონი დოლარი იქნება.

აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროექტის ფარგლებში შესაძენი მატარებლები ოთხვაგონიანი უნდა იყოს, მინიმუმ 280 დასაჯდომი ადგილით. მათი კონსტრუქციული სიჩქარე 160 კმ/სთ-ს უნდა აღწევდეს, ვაგონების კორპუსის საექსპლუატაციო ვადა კი 40 წლით არის განსაზღვრული.

პროექტის აღწერაში ახალი მატარებლების საჭიროება, მათ შორის, თბილისი-ბათუმის, თბილისი-ფოთის, თბილისი-ზუგდიდისა და თბილისი-ქუთაისის მიმართულებებზე მოძრავი შემადგენლობის დეფიციტის შემცირებასა და მომსახურების სიხშირის გაზრდას უკავშირდება.

კომპანიებს მოეთხოვებათ რომ მოახდინონ არამხოლოდ მატარებლების მოწოდება, არამედ მოახდინონ 10 წლის განმავლობაში მათი ტექნიკური მომსახურებაც. ტენდერში წინადადებების წარდგენა 22 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი.

"საქართველოს რკინიგზა ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლების შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერს აცხადებს. ტენდერი 10 ერთეული ახალი, ოთხვაგონიანი ელექტრომატარებლის შეძენას ითვალისწინებს, საერთო ღირებულებით 70 მლნ აშშ დოლარი.

ახალი სამგზავრო მატარებლების შესყიდვა საქართველოს რკინიგზის 10-წლიანი განვითარების გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია. შესყიდვა აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით განხორციელდება.პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის განახლებასა და მგზავრთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

ტენდერის პირობების თანახმად, თითოეული ოთხვაგონიანი შემადგენლობა გათვლილი იქნება მინიმუმ 280 მგზავრზე და მოიცავს ბიზნეს, პირველ და მეორე კლასებს. მნიშვნელოვანია, რომ მატარებლები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ახალი მატარებლები საქართველოს რკინიგზას მეტი რეისების შესრულების და შედეგად, მგზავრების ორჯერ მეტი რაოდენობის მომსახურების შესაძლებლობას მისცემს. თავის მხრივ, მგზავრთნაკადის ზრდა მნიშვნელოვანი ხელმშემწყობი ფაქტორი იქნება ქვეყანაში ტურიზმის, ზოგადად ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით", - წერს საქართველოს რკინიგზა.

რა ტექნიკური მოთხოვნები აქვს რკინიგზას

ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით, თითოეული ელექტრომატარებელი სამი ვაგონისგან უნდა შედგებოდეს. 10 მატარებლის შეძენა ჯამში 40 ვაგონის მიწოდებას გულისხმობს.

მატარებლების მაქსიმალური საექსპლუატაციო სიჩქარე 120 კმ/სთ-ით არის განსაზღვრული, კონსტრუქციული სიჩქარე კი 160 კმ/სთ უნდა იყოს. თითოეული შემადგენლობა ასინქრონული წევის ძრავებით უნდა აღიჭურვოს, რომელთა მაქსიმალური სიმძლავრე 2,000 კვტ-ს შეადგენს.

ახალი მატარებლები 1,520 მმ სიგანის ლიანდაგზე უნდა გადაადგილდებოდეს. ელექტრომომარაგების ნომინალური ძაბვა 3,000 ვოლტი მუდმივი დენით უნდა იყოს, დასაშვები ძაბვის დიაპაზონი კი 2,300-4,000 ვოლტს შორის განისაზღვრება.

მგზავრთა ტევადობის მხრივ, თითოეულ მატარებელს მინიმუმ 200 დასაჯდომი ადგილი უნდა ჰქონდეს. ტექნიკურ პირობებში ასევე მითითებულია ფეხზე მდგომი მგზავრების სიმჭიდროვე, კვადრატულ მეტრზე 7 მგზავრის ოდენობით.

მატარებლები უნდა მუშაობდეს -20-დან +45 გრადუს ცელსიუსამდე ტემპერატურაზე და ჰაერის 95%-მდე ფარდობითი ტენიანობის პირობებში. დოკუმენტაციის თანახმად, მათი ექსპლუატაცია ზღვის დონიდან არანაკლებ 1,200 მეტრის სიმაღლეზეც უნდა იყოს შესაძლებელი.

ტექნიკური მოთხოვნები ითვალისწინებს 17 ტონაზე არაუმეტეს ღერძულ დატვირთვას და 120-მეტრიანი რადიუსის მქონე მოსახვევში გადაადგილების შესაძლებლობას.

რა ვადებში უნდა მიეწოდოს რკინიგზას 10 ახალი სამგზავრო მატარებელი

საქართველოს რკინიგზის მიერ პოტენციური მიმწოდებლებისთვის მომზადებული კითხვარის მიხედვით, სავარაუდო გრაფიკი ათივე მატარებლის ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 18 თვის განმავლობაში მიწოდებას ითვალისწინებს.

მწარმოებლებმა უნდა მიუთითონ, რამდენად მისაღებია მათთვის ეს ვადა, რა მოცულობის წარმოება შეუძლიათ ყოველთვიურად და რამდენ ხანში შეძლებენ რკინიგზისთვის განკუთვნილი მატარებლების წარმოების დაწყებას.

კომპანიებს ასევე სთხოვენ, წარმოადგინონ ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებული მსგავსი კონტრაქტების შესახებ, მათ შორის, რამდენი მატარებელი დაამზადეს, მიაწოდეს და ექსპლუატაციაში გაუშვეს. კითხვარი მოიცავს ავანსის სასურველ ოდენობას, სატენდერო წინადადების მოსამზადებლად საჭირო დროსა და შესაძლო მიწოდების რისკებსაც.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ამბასადორი აილენდზე“, BNI-სთან თანამშრომლობით პირველი საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი გაიმართა

„ამბასადორი აილენდზე“, BNI-სთან თანამშრომლობით პირველი საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი გაიმართა

BM.GE

დევნილთათვის 10 000-ლარიანი კომპენსაციების პროგრამის ბიუჯეტი ₾100 მლნ-მდე გაიზარდა

დევნილთათვის 10 000-ლარიანი კომპენსაციების პროგრამის ბიუჯეტი ₾100 მლნ-მდე გაიზარდა

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

საქართველო ლისაბონში, Web Summit 2026-ზე მასშტაბური პავილიონითა და 6 სტარტაპით წარდგა

საქართველო ლისაბონში, Web Summit 2026-ზე მასშტაბური პავილიონითა და 6 სტარტაპით წარდგა

BM.GE