
საქართველოში ვენახები 599 კვადრატულ კილომეტრზეა გაშენებული - ფართობი 10 წელში 81%-ით გაიზარდა
საქართველოში სასოფლო სამეურნეო აღწერის შედეგების მიხედვით ვენახების ფართობმა 2024 წლის ბოლოს 59.9 ათას ჰექტარს მიაღწია, რაც 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მაჩვენებლებთან შედარებით 81%-ით არის გაზრდილი.
59.9 ათასი ჰექტარი უდრის 599 კვადრატულ კილომეტრს, ხოლო 2014 წლის შემდეგ ნაზრდი კი 269 კვადრატული კილომეტრის ტოლია.
შედარებისთვის, საქართველოში გაშენებული ვენახების ფართობი მცირედით ჩამოუვარდება თბილისის ფართობს, რაც 726 კვადრატული კილომეტრია.
საქსტატის თანახმად, საქართველოში სულ 164.7 მილიონი ვაზის ძირია აღრიცხული, რომელთა 96.4%, ანუ 158.9 მილიონი ძირი, ნაყოფის მომცემ ასაკშია.
საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში ყველაზე ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიში რქაწითელია. მისი რაოდენობა 76.6 მილიონ ძირს აღწევს და მთლიან ვაზის ძირებში დაახლოებით 46.5%-იანი წილი უკავია. მეორე ადგილზეა საფერავი 55.9 მილიონი ძირით და 34%-იანი წილით. შესაბამისად რქაწითელსა და საფერავის ჯიშებზე მთლიანი ფართობის 80.4% მოდის.
აღწერის მიხედვით, ყველაზე გავრცელებული ვაზის ჯიშების ჩამონათვალი ასეთია:
ჯიში რაოდენობა (ათასი ძირი) რქაწითელი 76.5 მილიონი ძირი; საფერავი 55.9 მილიონი ძირი; ცოლიკოური 6.9 მილიონი ძირი; ციცქა 3.3 მილიონი ძირი; მწვანე კახური 3 მილიონი ძირი; ალექსანდროული 2.5 მილიონი ძირი; ქისი 2.2 მილიონი ძირი.
სწორედ ვენახების ფართობის ზრდიდან გამომდინარე, არაერთი წელია ბაზარზე რთველის მიმდინარეობის პერიოდში ყურძნის სიჭარბეა, რის გამოც მთავრობა სუბსიდირების ბიუჯეტს ზრდის. 2025 წელს სახელმწიფოს ჭარბი ყურძნის შესყიდვა 247 მილიონი ლარი დაუჯდა, ხოლო მთლიანად ღვინის ქარხნების მიერ ჩაბარებული ყურძნის მოცულობამ 340 ათას ტონას მიაღწია. მოსავალში 170 ათასი ტონა მოდიოდა რქაწითელის ჯიშის ყურძენზე, ხოლო საფერავის ჯიშზე 134.1 ათასი ტონა, შესაბამისად ამ ორ ჯიშზე მთლიანი მოსავლის (წონით) 89% მოდიოდა.
BM.GE
წყარო: bm.ge