
სასაჩუქრე პროდუქციაზე მოთხოვნა 40%-მდე გაიზარდა - Chemi.gifts
სასაჩუქრე პროდუქციაზე მოთხოვნა ბოლო პერიოდში 40%-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ სასაჩუქრე პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის Chemi.gifts-ის დამფუძნებელმა შოთა ლაკლაკიშვილმა BM.GE-სთან განაცხადა.
მისი თქმით, ზრდა პირდაპირ უკავშირდება მომხმარებელთა ქცევის ცვლილებას. მისი შეფასებით, საჩუქარი როგორც ბიზნესისთვის, ისე ინდივიდუალური მომხმარებლისთვის, სულ უფრო მეტად იქცევა კომუნიკაციისა და ბრენდის გადმოცემის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად.
„სასაჩუქრე პროდუქციის საწარმო Chemi.gifts უკვე რამდენიმე წელია ოპერირებს ბაზარზე და თავიდანვე ორიენტირებული ვიყავით ხარისხიან, პერსონალიზებულ საჩუქრებზე. იდეა გაჩნდა პრაქტიკული საჭიროებიდან - ბაზარზე არსებული საჩუქრები ხშირად იყო სტანდარტული და ვერ გადმოსცემდა იმ ემოციას ან მნიშვნელობას, რაც კონკრეტულ ადამიანს ან კომპანიას სჭირდებოდა.
თანამედროვე გარემოში საჩუქარი აღარ არის უბრალოდ ნივთი, ის არის კომუნიკაციის ფორმა. კომპანიებს სჭირდებათ განსხვავებული გზები თანამშრომლების, პარტნიორებისა და კლიენტების დასაფასებლად, ხოლო ინდივიდუალურ მომხმარებლებს - უნიკალური და ემოციური მნიშვნელობის მქონე საჩუქრები. ჩვენი ბიზნესი აერთიანებს პერსონალიზებულ საჩუქრებს - ჯილდოებს, მედლებს, სანათებს, დეკორებსა და სასაჩუქრე ნაკრებებს, ასევე კორპორატიულ მიმართულებას: ბრენდირებულ აქსესუარებს, აბრებს, ნიშნულებს, დეკორატიულ ინსტალაციებსა და მაკეტებს“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიაში ინდივიდუალური მომხმარებლები მნიშვნელოვან წილს წარმოადგენენ, ძირითადი მოთხოვნა მაინც კორპორატიულ სეგმენტზე მოდის. კომპანიის შეფასებით, ბაზარი ეტაპობრივად უფრო კრეატიული ხდება და იზრდება ყურადღება დიზაინზე, შინაარსსა და ხარისხზე: "თუ ადრე, მთავარი აქცენტი მხოლოდ სიმბოლურ საჩუქარზე კეთდებოდა, დღეს კომპანიები ბევრად მეტ ყურადღებას უთმობენ ექსკლუზიურ იდეას, დიზაინს, ხარისხსა და ბრენდის სწორ კომუნიკაციას", - აღნიშნავს შოთა ლაკლაკიშვილი.
მისი ინფორმაციით, ბოლო წლებში, სტაბილური ზრდა ფიქსირდება: "წლიურად შეკვეთების რაოდენობა საშუალოდ 30–40%-ით იზრდება, განსაკუთრებით კორპორატიულ სეგმენტში", - აცხადებს ის და აქვე დასძენს, რომ მიუხედავად ზრდის ტენდენციისა, სექტორი გამოწვევების წინაშეც დგას, მათ შორის იმპორტირებული მასალების გაძვირებისა და მომხმარებლის შემცირებულ მსყიდველუნარიანობის გამო.
„ვცდილობთ ბალანსის დაცვას, რომ შევინარჩუნოთ ხარისხი და მომხმარებლისთვის მისაღები ფასი. მიუხედავად გაზრდილი ხარჯებისა, ფასების სრულად კორექტირება რთულია, რადგან მომხმარებლის მსყიდველუნარიანობაც შემცირებულია“, - აცხადებენ საწარმოში.
BM.GE
წყარო: bm.ge