
სასამართლომ კახა კოტორაშვილი $665 მლნ-ის გათეთრებაში დამნაშავედ ცნო და 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ვალუტის ჯიხურის მეპატრონე, კახა კოტორაშვილი, რომელიც 665 მილიონი აშშ დოლარის გათეთრებაში იყო ბრალდებული, სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ს ბრალდებულის ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ დაუდასტურა.
მისი თქმით, გადაწყვეტილებას აუცილებლად სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
"საპროცესო შეთანხმება ვცადეთ, თუმცა ამ ეტაპზე ვერ შევთანხმდით", - განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით, კახა კოტორაშვილი 16 სექტემბერს დააკავა. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა მის საკუთრებაში არსებული, ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ, “ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით, მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი.
ბრალდებული კახა კოტორაშვილი დუმილის უფლებას იყენებდა. მისთვის პატიმრობის შეფარდებისას, ადვოკატი ედიშერ ქარჩავა ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ გამოძიება ერთ წელზე მეტი ხანი მიმდინარეობდა და მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულის მიმართ კითხვები ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბერში გაჩნდა, კახა კოტორაშვილს გაქცევა არ უცდია.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ $700 მილიონის გათეთრებაში ბრალდებული კახა კოტორაშვილის კომპანიები სებმა მხოლოდ 2025 წლის დეკემბრის ბოლოს ₾210 000-ით დააჯარიმა.