
სასტუმროებში განთავსების საშუალო ფასი 10-15 დოლარით არის გაზრდილი | მაია მახათაძე
წელს სასტუმრო სექტორში საფასო პოლიტიკა შეიცვალა - საშუალო გაყიდვების ფასი, გასულ წლებთან შედარებით, მინიმუმ 10-15 დოლარით არის მომატებული - ამის შესახებ BMG-სთან სასტუმროების მართვის კომპანია „რადარის“ დირექტორი მაია მახათაძე საუბრობს.
მისი თქმით, ფასთა ცვლილება გარდაუვალი იყო რამდენიმე ფაქტორის, მათ შორის, ადამიანური რესურსის გაძვირების გამო, რადგან სექტორში შრომითი კაპიტალის ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც სასტუმროს ბიუჯეტში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სახარჯო პუნქტია.
მისივე თქმით, ასევე, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო, ინფლაცია: გაძვირებულია პროდუქტები, გადასახადები და სხვა საოპერაციო ხარჯები.
„გვაქვს საშუალო ფასის მატება, რაც წინა წლებში, შედარებით, ვარდნისკენ იყო, ვიდრე მატებისკენ. წელს ისეთ სასტუმროშიც კი გვაქვს მატება, რომელიც არ არის ახალი და წლევანდელი საშუალო გაყიდვების ფასი მინიმუმ, მომატებულია 10-15 დოლარით. წელს, ახალგახსნილ სასტუმროებშიც საშუალოზე საკმაოდ მაღალია საშუალო ღამის თევის ფასი.
ფასების ჭრილში, დიდ კონკურენციაში ვართ ბოლო პერიოდია, განსაკუთრებით, პანდემიის შემდეგ. თუმცა აბსოლუტურად ყველა სასტუმრო ოპერატორი აანალიზებს იმას, რომ რეალურად, ასეთი არასწორი მეთოდითაც ვერ წავალთ წინ და ეს განსაკუთრებით გამოიწვია შრომითი ადამიანური რესურსის გაძვირებამ, იმ კუთხით, რომ დღეს ადამიანური რესურსი, უკვე კარგად გადახდისუნარიანი გახდა, მოთხოვნისდა მიხედვით. შესაბამისად ეს არის სასტუმროს ბიუჯეტში ერთ-ერთი მსხვილი ხარჯი, რომელშიც სასტუმრო საკმაოდ მსხვილ თანხას ხარჯავს და ამიტომ ამ პუნქტის მატებამ გამოიწვია ის, რომ კარგად დაგვაფიქრა ყველა, როგორი მნიშვნელოვანია საფასო ერთეულის ხარისხში დატოვება. სხვა შემთხვევაში, სასტუმრო ბიზნესი განიცდის კრახს, იმიტომ რომ არა მხოლოდ ადამიანური კაპიტალის ხელფასი იზრდება, არამედ ზოგადად, იზრდება ნებისმიერი პროდუქტი, ნებისმიერი გადასახადი და ასე შემდეგ. ამათი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოსვლა პირდაპირი გაგებით აზარალებს ბიზნესს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საფასო პოლიტიკაც იქნება შესაბამისად „დაჭერილი“ სასტუმროში, იმიტომ რომ შეუძლებელია ყველაფერი ძვირდებოდეს და ოთახის ფასი იაფდებოდეს, ძალიან მარტივი ლოგიკის მიხედვით“, - ამბობს მაია მახათაძე BMG-სთან.
2026 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2.7%-ით 2 734 504-მდე შემცირდა. წელს ვიზიტებში ყველაზე დიდი კლება, თითქმის, 49% ირანიდან დაფიქსირდა. მიზეზი ირანი-აშშ-ის ომია, რომელიც 2026 წლის თებერვლიდან აშშ-ისრაელის ერთობლივი სამხედრო იერიშის შედეგად დაიწყო. 14%-იანი კლებაა ისრაელიდან ვიზიტორებშიც. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების გარდა, ვიზიტები, ასევე, შემცირდა ინდოეთიდან, უზბეკეთიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან. ზრდა ფიქსირდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. ჯამში, ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტორები რაოდენობა 23%-ით გაიზარდა.
BM.GE
წყარო: bm.ge