
სასტუმროს მშენებლობა მკვეთრად გაძვირდა, დღეს სხვა ბიზნესები უფრო მოგებიანია - პაატა კოკაია
სასტუმრო სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში განთავსების ობიექტების მშენებლობა მკვეთრად გაძვირდა, რაც დარგში ინვესტირებას ნაკლებად მიმზიდველს ხდის.
როგორც “საქმის კურსის” ეთერში “ინნ ჯგუფის” დამფუძნებელმა განაცხადა, მშენებლობის თვითღირებულების ზრდაზე გავლენა აქვს როგორც უშუალოდ სამშენებლო მასალების გაძვირებას, ასევე დასაქმებულებისთვის ხელფასების მატებას.
პაატა კოკაია ამბობს, რომ გაზრდილ ხარჯებს ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ტურისტული ნაკადების ზრდის ტემპი ვერ აკომპენსირებს.
“დღესდღეობით, სასტუმროს აშენება ძალიან დიდ ხარჯებს უკავშირდება, ხარჯები გაზრდილია თუნდაც 3 წლის წინ არსებულ ვითარებას თუ შევადარებთ. გაზრდილია როგორც სარემონტო, ასევე ექსპლუატაციის ხარჯები და კომუნალური გადასახადები. [დასაქმებულების] ხელფასებმაც მოიმატა, კვების პროდუქტების ხარჯებიც გაზრდილია და [ტურისტების რაოდენობის] 2.5%-იანი ზრდა ვერაფერი შეღავათია მთლიანობაში. ვისაც აქვს ეს ბიზნესი, უნდა გააგრძელოს, რა თქმა უნდა, მაგრამ სხვა ბიზნესი დღეს საქართველოში უფრო მოგებიანია, ვიდრე სასტუმრო სექტორი”, - განაცხადა პაატა კოკაიამ.
“ინნ ჯგუფის” დამფუძნებელი აღნიშნავს იმასაც, რომ გაზრდილი კონკურენციიდან გამომდინარე, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ფასების ზრდასაც ვერ ახერხებენ.
“[ფასების] ზრდა შეიძლება მცირედით დაიგეგმოს, თუმცა მაგალითად, ჩვენი გუდაურის სასტუმროში 5 დოლარით გავაძვირეთ [ნომერი] ზაფხულის სეზონზე და რამდენიმე ტურისტული [კომპანია] დაიკარგა. სამწუხაროდ, 5-დოლარიანი ზრდაც ვერ აიტანა [ბაზარმა]. ამასთან, Airbnb-ს თუ გადავხედავთ, შეიძლება სტამბოლში არ იყოს იმდენი შეთავაზება, რამდენიც თბილისშია. ყველა კერძო ბინა, კერძო სახლი ჩვენი, სასტუმროების კონკურენტია, ძალიან ბევრი შეთავაზება აქვს Airbnb-ს”, - აღნიშნა პაატა კოკაიამ.
BM.GE
წყარო: bm.ge