
"საწვავზე აქციზის თუნდაც განახევრება შედეგს ვერ მოგვცემს" - ფინანსთა მინისტრის მოადგილე
"აქციზის თუნდაც განახევრება რეალურ შედეგს ვერ მოგვცემს, რომ ბენზინის და დიზელის ფასი 6 თვის წინანდელ მაჩვენებელს დავუბრუნოთ", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში განაცხადა.
მან ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრის, დეპუტატ გიორგი შარაშიძის კითხვას უპასუხა.
გიორგი შარაშიძე დაინტერესდა, რამდენად შესაძლებელია დროებითი ზომის სახით საწვავზე აქციზის შემცირება გლობალურად გაძვირებული ნავთობპროდუქტების პირობებში, რომელიც ინფლაციურ წნეხს ქმნის.
"გასაგებია, თქვენ საგარეო ფაქტორებით ხსნით ამას და ასეც არის, პრინციპში, იმპორტირებული პროდუქციის ინფლაციის დიდი ნაწილი სწორედ ნავთობპროდუქტებზე მოდის. ესეც არ არის სიახლე, რომ გაზრდილი ფასები დიზელზე, ბენზინზე და ასე შემდეგ გადაეცემა ყველა სხვა ინდუსტრიას, ხომ, საკვები პროდუქტებით დამთავრებული, ნებისმიერი სხვა მიმართულებით და ეს დიდი წნეხია ჩვენი მოქალაქეებისთვის, ბიზნესისთვის მათ შორის. რამდენად შეიძლება განიხილოთ თუნდაც დროებითი ზომის მიღება, მაგალითად აქციზის შემცირების, ან გადავადების, ან ნებისმიერი ტიპის შეღავათის ნაწილში აქციზთან დაკავშირებით და რამდენად დიდი წნეხი შეიძლება იყოს ეს ბიუჯეტისთვის? ხაზს ვუსვამ და ვაზუსტებ, რომ საუბარი მაქვს დროებით ზომაზე. სწორედაც რომ გლობალური ფაქტორებიდან გამომდინარე, ამ პრაქტიკას მიმართეს უკვე გაცილებით ძლიერმა სახელმწიფოებმა, როგორიც არის გერმანია, მაგალითად და აშშ. გერმანიამ შეამცირა დროებით, თუ არ ვცდები 3 თვით, აქციზის გადასახადი, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაავადა დიზელზე კონკრეტულად გადასახადი წლის ბოლომდე", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
საპასუხოდ, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ აქციზის თუ სხვა მიმართულებით არ არსებობს მნიშვნელოვანი ზემოქმედების ბერკეტი საერთაშორისო ფასებიდან გამომდინარე.
"დავუშვათ, გავანახევრეთ ნავთობზე აქციზი, ამის ეფექტი იქნება 25 თეთრი, რომელიც შეიძლება ნავთობის ფასებზე მოხდეს ისეთი რაღაც, ერთ დღეში შეიცვალოს. ანუ, სამწუხაროდ, არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი, საერთაშორისო ფასებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად შევცვალოთ. ახლა თუ შევხედავთ ბოლო 6 თვის განმავლობაში შეცვლილ ფასებს, ჩვენი თუნდაც განახევრება აქციზის რეალურ შედეგს ვერ მოგვცემს, რომ ბენზინის და დიზელის ფასი დავუბრუნოთ თუნდაც 6 თვის წინანდელ მაჩვენებელს. ამის გამო აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ის გაურკვევლობა, რაც არის ნავთობთან მიმართებით, როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე მსოფლიო ბაზარზე, ეს ეტაპობრივად დამშვიდდეს და ამით უნდა დარეგულირდეს ნავთობის ფასები",- ამბობს მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე.
ცნობისთვის, საქართველოში საწვავის ფასი კიდევ გაიზარდა - რიგ გასამართ სადგურებზე ევრორეგულარის ფასი 4 ლარს აჭარბებს. საქსტატის 2026 წლის სექტემბრის ინფლაციის ანგარიშის მიხედვით, საწვავის ფასის ზრდამ წლიურ ინფლაციაში 2.2 პროცენტული პუნქტის გავლენა მოახდინა. მთლიანობაში სექტემბერში ინფლაცია 5.6%-ს შეადგენდა. სექტემბერში ბენზინი წლიურად 30%-ით, დიზელი კი 54%-ით არის გაძვირებული.
BM.GE
წყარო: bm.ge