
საუდის არაბეთის სუვერენული ფონდი გეიმინგის გიგანტ EA-ს ყიდულობს
ინვესტორთა ჯგუფი, რომელშიც საუდის არაბეთის სუვერენული ფონდი შედის, ევროკავშირისგან ვიდეოთამაშების დეველოპერი გიგანტის, Electronic Arts-ის (EA) $55-მილიარდიან შესყიდვაზე თანხმობას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
გარიგება, რომელიც გასული წლის სექტემბერში დაანონსდა და ისტორიაში ერთ-ერთ უმსხვილეს შესყიდვას წარმოადგენს, საუდის არაბეთის $1-ტრილიონიან სახელმწიფო ფონდთან ერთად, ჯარედ კუშნერის Affinity Partners-სა და კერძო კაპიტალის ფირმა Silver Lake-ს მოიცავს. შესყიდვა ევროკავშირის უცხოური სუბსიდიების რეგულაციის ფარგლებში მოწმდება.
ევროკომისია, რომელიც ევროკავშირში კონკურენციის წესების დაცვას ზედამხედველობს, წინასწარი განხილვის დასრულების შემდეგ, გარიგებას მწვანე შუქს, სავარაუდოდ, 30 ივლისს აუნთებს. ევროკომისიამ და Electronic Arts-მა საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს, ხოლო საუდის არაბეთის სუვერენულ ფონდს წერილობით მოთხოვნაზე პასუხი ჯერ არ დაუბრუნებია.
ეს შესყიდვა საუდის არაბეთის სუვერენული ფონდისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია გლობალური გეიმინგისა და სპორტის ჰაბად ჩამოყალიბების გზაზე. სამეფო ფსონს ჩემპიონ თამაშების ფრანშიზების გრძელვადიან ღირებულებაზე დებს, მაშინ როდესაც ინდუსტრია ხანგრძლივი ვარდნის შემდეგ აღდგენის ფაზაში შედის.
გარდა ამისა, აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საუდის არაბეთის სტრატეგიას, რომელიც ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებას და ეკონომიკის დივერსიფიკაციას გულისხმობს. ქვეყანა მილიარდობით დოლარის კაპიტალს აბანდებს ისეთ სექტორებში, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, სპორტი და ტექნოლოგიები.