
საუდის არაბეთმა იანბუს პორტიდან ნავთობის ექსპორტი განაახლა
„აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მილსადენზე ოპერაციების აღდგენის შემდეგ, საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში მდებარე იანბუს პორტიდან ნედლი ნავთობის დატვირთვის პროცესი ოფიციალურად განაახლა.
საუდის არაბეთის სახელმწიფო ენერგოგიგანტმა Saudi Aramco-მ აზიელ მომხმარებლებს უკვე გააცნო ოქტომბრის თვის განრიგი, სადაც აღნიშნულია, რომ დღიური მიწოდება, სულ მცირე, 2 მილიონი ბარელი იქნება. აღსანიშნავია, რომ შეზღუდვების მიუხედავად ერთ-ერთმა აზიურმა გადასამუშავებელმა საწარმომ პორტიდან ნედლეულის პარტია გასული კვირის მიწურულს მაინც გაიტანა.
ამჟამად იანბუს პორტში ნედლი ნავთობით შევსებას 40-მდე ტანკერი ელოდება. ESA-ს მონაცემებით კი იანბუს ტერმინალში თითქმის 10 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი ელოდება ექსპორტს.
ცნობისთვის, ამჟამად "აღმოსავლეთ-დასავლეთის" იმ მილსადენის გამტარუნარიანობა, რომელიც წიაღისეულ საწვავს სწორედ იანბუს პორტს აწვდის, დღეში 2.65 მილიონ ბარელს აღწევს. Kepler-ის ანალიტიკოსები კი მოელიან, რომ უახლოეს დღეებში ეს მაჩვენებელი 3-დან 4 მილიონ ბარელამდე გაიზრდება. მილსადენის სრული სიმძლავრით ამოქმედებას, ანუ დღეში 5.5 მილიონი ბარელის გატარებას კი სპეციალისტები მომდევნო თვის ბოლომდე მოელიან.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ იანბუს პორტიდან ოპერაციების განახლება ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის საერთო ექსპორტის პერსპექტივას საგრძნობლად აუმჯობესებს. როგორც ცნობილია, აშშ-ისა და ირანის სამხედრო დაპირისპირებამ ჰორმუზის სრუტეში ტანკერების გადაადგილება მკვეთრად შეზღუდა. შეგახსენებთ, ამ სტრატეგიულ მარშრუტზე კონფლიქტის დაწყებამდე მსოფლიო ნავთობის მიწოდების ერთი მეხუთედი მოდიოდა.
ცნობისთვის, საუდის არაბეთმა „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მილსადენის მუშაობა 11 სექტემბერს მომხდარი დრონების თავდასხმის გამო შეაჩერა. ოფიციალურმა ერ-რიადმა მომხდარში ერაყული გასამხედროებული დაჯგუფებები დაადანაშაულა, რამაც იანბუს პორტიდან ნედლი ნავთობის ექსპორტის შეჩერება გამოიწვია.
BM.GE
წყარო: bm.ge