
საუდის არაბეთსა და ჰუსიტებს შორის შესაძლოა ომი დაიწყოს
საუდის არაბეთმა იემენის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციის, ჰუსიტების წინააღმდეგ შესაძლოა შეტევითი სამხედრო ოპერაციები განაახლოს და ომის ოფიციალურად გამოაცხადოს. როგორც ირკვევა, ერ-რიადმა ამერიკის შეერთებული შტატებისგან დარტყმების განხორციელების ფართო უფლებამოსილება უკვე მიიღო.
ცნობისთვის, ჰუსიტებსა და საუდის არაბეთს შორის დაპირისპირების ახალმა ტალღამ მას შემდეგ იფეთქა, რაც იემენის დედაქალაქში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიიდან დაბრუნებულმა ჰუსიტმა ლიდერებმა თან დრონებისა და სარაკეტო ტექნოლოგიების ირანელი სპეციალისტები წამოიყვანეს. მაშინ საუდის არაბეთმა სანაას სწორედ ის აეროპორტი დაბომბა, სადაც ხომალდი უნდა დამჯდარიყო. ამის ფონზე, საპასუხოდ ჰუსიტებმა საუდის არაბეთის ქალაქ აბჰას მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვეს.
ანალიტიკოსების შეფასებით, თუ ვითარება არ განიმუხტება, კონფლიქტის ესკალაცია გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებს დიდ საფრთხეს შეუქმნის. იემენის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მოქმედი დაჯგუფება არამარტო საუდის არაბეთის ნავთობინფრასტრუქტურაზე დარტყმით იმუქრება, არამედ ბაბ-ელ-მანდების სრუტის ჩაკეტვის პირობასაც დებს. ეს კი მსოფლიოს სანავთობო გადაზიდვების 10-12%-ს დაარტყამს.
დაჯგუფებამ საუდის არაბეთის ნავთობობიექტებზე იერიშების მიტანის მზადყოფნა უკვე გამოთქვა, რამდენიმე საათის წინ კი ერ-რიადს საზღვაო ემბარგოც დაუწესა. დაჯგუფების ლიდერმა სატელევიზიო მიმართვისას თქვა, რომ საუდის არაბეთის მიერ სამხედრო მოქმედებების განახლების შემთხვევაში ჰუსიტები მიზანში ქვეყნის ყველა სასიცოცხლო ინფრასტრუქტურას ამოიღებენ.
"აეროპორტები აეროპორტების წინააღმდეგ, პორტები პორტების წინააღმდეგ და ბლოკადა ბლოკადის წინააღმდეგ იქნება" - განაცხადა ჰუსიტების სპიკერმა.
ცნობისთვის, ამჟამად საუდის არაბეთი წითელი ზღვის გავლით ყოველდღიურად 4.5 მილიონ ბარელ ნავთობს ატარებს. ცნობისთვის, ჰორმუზის სრუტეზე ირანული კონტროლის ფონზე ეს მარშრუტი ქვეყნისთვის ნავთობის ექსპორტის მთავარი წყაროა.