მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის გამო, აშშ-მა რიგ კანადურ საიმპორტო საქონელზე 50%-ის ტარიფები დააწესა
სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის გამო, აშშ-მა რიგ კანადურ საიმპორტო საქონელზე 50%-ის ტარიფები დააწესა

სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის გამო, აშშ-მა რიგ კანადურ საიმპორტო საქონელზე 50%-ის ტარიფები დააწესა

BM.GE22 აგვისტო, 2026, 15:58|bm.ge

აშშ-მა კანადიდან იმპორტირებული გარკვეული საქონლის ნაწილზე 50%-იანი ტარიფები დააწესა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონსა და ოტავას შორის სავაჭრო შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. ახალი ტარიფები 22 აგვისტოს, შუაღამის შემდეგ ამოქმედდა და დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კანადურ საქონელს მოიცავს.

Reuters-ის ინფორმაციით, ეს მოცულობა კანადის აშშ-ში ექსპორტის 5%-ზე ოდნავ მეტია და, შესაბამისად, ტარიფების ახალი პაკეტი ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მასშტაბის გათვალისწინებით ეკონომიკურ ურთიერთობებში რადიკალურ ცვლილებად არ განიხილება. თუმცა, გადაწყვეტილებამ შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს აშშ-ს, კანადასა და მექსიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების შესახებ უფრო ფართო მოლაპარაკებები.

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ აშშ-სთან სავაჭრო მოლაპარაკებები შეჩერებულია და კანადა ახალი ტარიფების საპასუხოდ იმოქმედებს.

კარნის თქმით, კანადის მოლაპარაკებების ჯგუფმა მოლაპარაკებების პროცესში ქვეყნის ინტერესების დასაცავად კეთილსინდისიერად იმუშავა, თუმცა აშშ-ის მიერ ბოლო მომენტში შეთავაზებულ პირობებში ცვლილებები კანადის ხელისუფლებამ უსამართლოდ და ეკონომიკურად გაუმართლებლად მიიჩნია.

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის, ჯეიმისონ გრირის განცხადებით, კანადამ უარი თქვა შეთანხმების საბოლოო ფორმით გაფორმებაზე იმ პირობებით, რომლებიც, აშშ-ის შეფასებით, მიმდინარე კვირის დასაწყისში იყო შეთანხმებული.

„ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა კანადისთვის, ითანამშრომლოს შეერთებულ შტატებთან, რომელიც G7-ის ქვეყნებს შორის ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა“, - განაცხადა გრირმა.

აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლის თქმით, ვაშინგტონის შეთავაზება კანადას აშშ-ის ბაზარზე მოქმედი სხვა მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნებისგან განსხვავებით ყველაზე ხელსაყრელ სატარიფო პირობებს მისცემდა. თუმცა, მისი განცხადებით, კანადა დამატებით შეღავათებს, მათ შორის ფოლადის, ალუმინის, ავტომობილებისა და რბილი ხის მასალების მიმართულებით, ითხოვდა.

ამავე წარმომადგენლის განცხადებით, ახალი ტარიფების ამოქმედების პარალელურად დამატებითი მოლაპარაკებები დაგეგმილი არ არის.

მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე მხარეები შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ. Reuters-ის წყაროების ცნობით, შესაძლო შეთანხმება ითვალისწინებდა ფოლადის, ალუმინისა და ავტომობილების იმპორტზე არსებული ტარიფების შემცირებას და, ამერიკული ალკოჰოლური სასმელების კანადის სახელმწიფო ალკოჰოლური მაღაზიების ქსელში დაბრუნებას.

ახალი ტარიფები ვრცელდება იმ კანადურ პროდუქტებზე, რომლებიც აშშ-მექსიკა-კანადის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში პრეფერენციულ რეჟიმს არ ექვემდებარება. მათ შორისაა გარკვეული ტიპის ავეჯი, ტანსაცმელი, ცემენტი, თევზაობის აღჭურვილობა, ჰოკეის ინვენტარი და სხვა პროდუქცია.

ვაჭრობის ექსპერტების შეფასებით, ახალი ტარიფები განსაკუთრებით მოწყვლად სექტორებზე შეიძლება აისახოს და გარკვეულ შემთხვევებში გამოიწვიოს სამუშაო ადგილების შემცირება და კომპანიების დახურვის რისკის ზრდა.

აშშ-ის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ვაშინგტონში კანადის ვაჭრობის მინისტრ დომინიკ ლებლანისა და გრირის მონაწილეობით სამდღიანი მოლაპარაკებები.

ახალი 50%-იანი ტარიფები ემატება აშშ-ის მიერ კანადურ ფოლადზე, ხე-ტყესა და ავტომობილებზე უკვე დაწესებულ ტარიფებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სასამართლომ გააუქმა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეთათვის საიმიგრაციო ვიზის გაცემის აკრძალვა

სასამართლომ გააუქმა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეთათვის საიმიგრაციო ვიზის გაცემის აკრძალვა

BM.GE

საპენსიო ფონდის მიერ დაწერილი ჯარიმების მოცულობა 700%-ით, 6.7 მილიონ ლარამდე გაიზარდა

საპენსიო ფონდის მიერ დაწერილი ჯარიმების მოცულობა 700%-ით, 6.7 მილიონ ლარამდე გაიზარდა

BM.GE

"გამოიყენეთ SPF 30 ან მეტი დაცვის მქონე კრემი"- NCDC-ის რეკომენდაციები მზისგან დაცვისთვის

"გამოიყენეთ SPF 30 ან მეტი დაცვის მქონე კრემი"- NCDC-ის რეკომენდაციები მზისგან დაცვისთვის

BM.GE

იანვარ-ივლისში ავტომფლობელებმა რეკორდული 164 მილიონი ლარის ჯარიმები გადაიხადეს

იანვარ-ივლისში ავტომფლობელებმა რეკორდული 164 მილიონი ლარის ჯარიმები გადაიხადეს

BM.GE