
"სავაჭრო ობიექტებს ხარჯები შეუმცირდებათ" - ფინტექ ასოციაცია უნივერსალურ სალარო აპარატებზე
ფინტექ ასოციაციის ხელმძღვანელი საგადახდო მომსახურების ბაზარზე დაგეგმილ ცვლილებებს დადებითად აფასებს.
როგორც დავით კიკვიძე BMG-სთან აცხადებს, უნივერსალური სალარო აპარატების სისტემის დანერგვა სავაჭრო ობიექტებისთვის სხვადასხვა საბანკო თუ საკომისიო ხარჯებს შეამცირებს.
მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ შესაბამის ტენდერში მონაწილეობით როგორც ბაზარზე უკვე არსებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, ასევე საერთაშორისო მოთამაშეები დაინტერესდნენ.
“ძალიან მნიშვნელოვანია “სმარტ როუტინგის” დანერგვა ქვეყანაში. ეს არის ევროპული სტანდარტი, რომლითაც უკვე ძალიან ბევრი წელია ევროპაში მუშაობს, რაც ნიშნავს იმას, რომ თავად სავაჭრო ობიექტებს ხარჯები შეუმცირდებათ მინიმუმ იმ კუთხით, რომ ბევრ სხვადასხვა ბანკთან არ მოუწევთ კონტრაქტების დადება, ტერმინალებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობების აღება და ა.შ.
აქედან გამომდინარე, იქნება ერთი უნივერსალური ტერმინალი, რომელზეც ნებისმიერი ტიპის ბარათით გადახდის შესაძლებლობა იქნება, რამაც წესით და რიგით, თვითონ “მერჩანტებს” უნდა შეუმციროთ ხარჯები, იმიტომ, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა ბანკის ბარათები ტარდება სხვადასხვა ბანკის ტერმინალებზე, რაც კომპანიებისთვის, სავაჭრო ობიექტებისთვის გარკვეულ დამატებით ხარჯს წარმოადგენს. შესაბამისად, ეს ხარჯი აღმოფხვრილი იქნება და ასევე, უნივერსალური ტერმინალი უზრუნველყოფს საბანკო სისტემით გადახდის განხორციელებას.
ერთი კონკრეტული მომწოდებელი იქნება სავარაუდოდ ბაზარზე. ველოდები, რომ დიდი ალბათობით, [ტენდერში] საკმაოდ მაღალი კონკურენცია იქნება ამ მიმართულებით, იმიტომ, რომ საქართველოში საგადახდო სისტემა და ზოგადად, ციფრული გადახდები სულ უფრო მზარდი ტენდენციით ხასიათდება. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ საერთაშორისო “ვენდორებისთვის” საქართველოს ბაზარზე ასეთი ტიპის შემოსვლა საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე, როგორც წესი, კომერციული ბანკები თავად არჩევდნენ პოს-ტერმინალების მომწოდებელ “ვენდორებს” და მათი პრეროგატივა იყო მათთან კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით იყო. დღეს, ეს მიდგომა სავარაუდოდ შეიცვლება და ერთიანი, ფიქსირებული, ცენტრალიზებული იქნება, რაც რეალურად კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო "ვენდორის" მოზიდვის შესაძლებლობას გააჩენს და საქართველოში პოტენციურად შეიძლება ამან გარკვეული ინვესტიციების შემოდინებაც გამოიწვიოს”, - განაცხადა დავით კიკვიძემ.
ფინტექ ასოციაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ საგადახდო სისტემაში დაგეგმილმა ცვლილებებმა შესაძლოა, მომხმარებლისთვის უშუალოდ სხვადასხვა პროდუქციაც გააიაფოს.
“რომ შევხედოთ ფასწარმოქმნის ჯაჭვს, საბოლოო ჯამში სავაჭრო ობიექტები საკუთარ საფასო პოლიტიკას ყველა ტიპის ხარჯების გათვალისწინებით ადგენენ. შესაბამისად, პოს-ტერმინალების ხარჯი, ანუ ბანკის საკომისიო ხარჯიც, როგორც წესი, ყოველთვის გათვალისწინებულია ამ თუ იმ პროდუქტის მომსახურების ფასში. რა თქმა უნდა, ეს შესაძლოა, მინიმალურ როლს თამაშობდეს თითოეული ერთეული პროდუქციის ფასში, თუმცა მთლიანობაში მაინც პოტენციურად შეიძლება სავაჭრო ობიექტებმა გადახედონ საკუთარ საფასო პოლიტიკას, თუკი ბანკების საკომისიოები, პოს-ტერმინალების მომსახურების ხარჯები შემცირების მიმართულებით წავა”, - განაცხადა დავით კიკვიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტში ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებებით, საქართველოში ახალი ტიპის უნივერსალური საკონტროლო-სალარო აპარატების სისტემა უნდა ამოქმედდეს, რომელიც დღემდე ცალ-ცალკე არსებული სალარო აპარატისა და საბანკო ტერმინალის ფუნქციებს ერთ მოწყობილობაში გააერთიანებს. ამასთან, კანონპროექტი „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში ცვლილებებსაც ითვალისწინებს და საბარათე ტრანზაქციებზე ურთიერთგაცვლის საკომისიოს მაქსიმალურ ოდენობას 0.3%-ით განსაზღვრავს.
BM.GE
წყარო: bm.ge