სავალუტო სესხის ზღვარი 1.5 მილიონ ლარამდე გაიზრდება - ალექსანდრე ძნელაძის შეფასება
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე ძნელაძის შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბანკო სექტორთან კონსულტაციებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით მიღებული, ზომიერი ნაბიჯია, რომელიც მცირე რაოდენობის მსესხებელს ეხება და ბაზარზე მკვეთრ ან მტკივნეულ რეაქციას არ გამოიწვევს.
„ეროვნულმა ბანკმა, ასე ვთქვათ, ზომიერ ბიჯით ასწია აღნიშნული ზღვარი მილიონ-ნახევარ ლარამდე და შესაძლებელია ვთქვათ, რომ, ეს ლოგიკურიც იყო, იმ გამოწვევებთან მიმართებით, რაც დღეს არსებობს ქვეყანაში ლარიზაციის კუთხით. როგორც იცით, უკანასკნელ პერიოდში ლარიზაციის პროცესი შემცირდა და დოლარიზაციის მაჩვენებელი კრედიტებში ოდნავ გაიზარდა, საპროცენტო განაკვეთების სხვაობიდან გამომდინარე. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წელიწადნახევარი-ორი წლის განმავლობაში ლარი სტაბილურია და პირიქით, მყარდება კიდევაც, შესაბამისად, სესხებთან მიმართებაში უფრო მეტი მოთხოვნა გაჩნდა უცხოურ ვალუტაზე. ამ საკითზე საბანკო სექტორს ეროვნულ ბანკთან ჰქონდა კონსულტაციები. ეროვნულმა ბანკმაც, გაითვალისწინა რეკომენდაციები და მაქსიმალურად ზომიერად იმოქმედა.“ - აცხადებს ძნელაძე „საქმის კურსთან ინტერვიუში.
როგორც საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ვარაუდობს, საფინანსო ბაზარზე სესხის ლიმიტის ქვედა ზღვრის აწევას მტკივნეული რეაგირება არ მოჰყვება, ვინაიდან ცვლილება, დაახლოებით, 150 მილიონი დოლარის მოცულობის სესხებს და საშუალოდ, 150–200-მდე მსესხებელს მოიცავს, რაც წინა, 200 000-ლარიან ზღვართან შედარებით უფრო მცირე რაოდენობაა:
„200 000 ლარიდან როდესაც იზრდებოდა ეს ლიმიტი, უფრო მეტ მსესხებელს ეხებოდა და უფრო მნიშვნელოვანი ზეგავლენა ჰქონდა მომხმარებლებისთვის. ყოველი შემდეგი ცვლილება, შესაძლებელია მოცულობაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყოს, მაგრამ კონკრეტულად რაოდენობაში ამცირებს იმ მომხმარებლების რიცხვს, ვისაც შეეხება ეს შეზღუდვა“- განმარტავს ძნელაძე.
მისი შეფასებით, სავალუტო დაკრედიტების გამკაცრების ფონზე, ლარის ლიკვიდობის ან რესურსის დეფიციტის რისკი არ იკვეთება, რადგან ლარში სადეპოზიტო პორტფელი მზარდია, ბაზარზე ლარის მიწოდების სხვადასხვა ინსტრუმენტი არსებობს (მათ შორის, საპენსიო სააგენტოს მიერ მიწოდებული ლარის რესურსი), ხოლო საჭიროების შემთხვევაში ეროვნულ ბანკსაც აქვს შესაბამისი მექანიზმები:
„ლარში სადეპოზიტო პორტფელი უფრო მზარდი ხასიათისაა, ანუ ლარიზაციის პროცესი სადეპოზიტო პორტფელში, ასე ვთქვათ, უფრო უკეთ მიმდინარეობს, ვიდრე უკანასკნელ პერიოდში სასესხო პორტფელში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაჩნდა სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომლითაც ლარის მიწოდება ხდება ბაზარზე. მაგალითად, საპენსიო სააგენტო, ერთი ნაწილი არის ეს, მეორე კი ის რომ პრაქტიკულად ძირითადი დაფინანსება მაინც ადგილობრივ, ასე ვთქვათ, სადეპოზიტო პორტფელით ხდება და ეროვნულ ბანკსაც აქვს სხვადასხვა ინსტრუმენტები: ჩვენ პანდემიის პერიოდში გვახსოვს, რომ ჰეჯირებასაც აკეთებდა, ვალუტის გადაცვლასაც და მიწოდებასაც ახდენდა ლარის, ამიტომ, ამ თვალსაზრისით, არ ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, რამე პრობლემა წარმოიშვას.“ - აცხადებს ძნელაძე „საქმის კურსთან“
ინფორმაციისთვის, ეროვნული ბანკის მიერ მიღებული დღევანდელი გადაწყვეტილებით, 2027 წლის პირველი თებერვლიდან ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომელთაც შემოსავლები ეროვნულ ვალუტაში აქვთ, სავალუტო სესხის აღების მინიმალური ზღვარი სადღეისოდ არსებული 1 მილიონიდან 1.5 მილიონ ლარამდე გაიზრდება.
