საქართველოში მეორადი ტანსაცმლის იმპორტმა 10 თვეში $38.4 მილიონი შეადგინა | როგორია 5 წლის დინამიკა
2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში მეორადი ტანსაცმლის იმპორტმა 38.4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 1.9%-ით აღემატება. ამასთან, იმპორტირებული პროდუქციის მოცულობა 1.7%-ით გაიზარდა.
კერძოდ, საქსტატის საგარეო ვაჭრობის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში ქვეყანაში 9 843 ტონა მეორადი ტანსაცმელი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტმა 9 673 ტონა შეადგინა. ღირებულებით გამოხატული იმპორტი 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში 37.7 მილიონი დოლარი იყო, მიმდინარე წელს კი 38.4 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
მონაცემების მიხედვით, იმპორტის ღირებულება 727.7 ათასი დოლარით, ხოლო ფიზიკური მოცულობა 170 ტონით არის გაზრდილი.
მეორადი ტანსაცმლის იმპორტში ძირითადი მომწოდებელი თურქეთია. 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ამ ქვეყნიდან საქართველოში 21.8 მლნ დოლარის ღირებულების 4 482 ტონა პროდუქცია შემოვიდა. თურქეთის წილი მთლიან იმპორტში ღირებულების მიხედვით დაახლოებით 56.6%-ს, მოცულობის მიხედვით კი 45.5%-ს შეადგენს.
მომწოდებელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე ნიდერლანდებია, საიდანაც საანგარიშო პერიოდში 2.7 მლნ დოლარის ღირებულების 359 ტონა მეორადი ტანსაცმლის იმპორტი განხორციელდა. მას მოსდევს არაბთა გაერთიანებული საამიროები, საიდანაც იმპორტმა 2.1 მლნ დოლარის ღირებულების 803 ტონა შეადგინა.
მნიშვნელოვანი მოცულობის იმპორტი განხორციელდა აშშ-დანაც. ამ მიმართულებით საქართველომ 1.95 მლნ დოლარის ღირებულების 114 ტონა მეორადი ტანსაცმელი შეიძინა. გაერთიანებული სამეფოდან კი 1.7 მლნ დოლარის ღირებულების 676 ტონა პროდუქცია შემოვიდა.
ტოპ-10 მომწოდებელ ქვეყანას შორის მეხუთე ადგილზე პაკისტანია. ამ ქვეყნიდან იმპორტმა 1.7 მლნ დოლარი და 1 174 ტონა შეადგინა. შესაბამისად, პაკისტანი ფიზიკური მოცულობით ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის მეორე უმსხვილესი მომწოდებელია, თუმცა იმპორტის ღირებულებით მეხუთე პოზიციას იკავებს.
მომწოდებელთა ათეულში ასევე შედიან პოლონეთი, ბელგია, ესპანეთი და ინდოეთი. პოლონეთიდან 1 მლნ დოლარის ღირებულების 327 ტონა მეორადი ტანსაცმელი შემოვიდა, ბელგიიდან – 954.2 ათასი დოლარის ღირებულების 364 ტონა, ესპანეთიდან – 806.6 ათასი დოლარის ღირებულების 180 ტონა, ხოლო ინდოეთიდან – 593.5 ათასი დოლარის ღირებულების 295 ტონა.
რაც შეეხება ბოლო ხუთი წლის დინამიკას, 2021-2025 წლების მონაცემებით, მეორადი ტანსაცმლის იმპორტის ღირებულება ზრდის ტენდენციას აჩვენებს. კერძოდ, 2021 წელს, საქართველოში 25.6 მლნ დოლარის ღირებულების მეორადი ტანსაცმელი შემოვიდა, 2025 წლისთვის კი მაჩვენებელი 45.1 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ამ პერიოდში იმპორტის ფიზიკური მოცულობაც გაიზარდა, თუმცა წლიდან წლამდე ერთგვაროვანი დინამიკა არ ჰქონია.
• 2025 წელი – $45 098 ათასი, 11 653.6 ტონა; • 2024 წელი – $40 707 ათასი, 11 692.7 ტონა; • 2023 წელი – $40 742.6 ათასი, 10 642 ტონა; • 2022 წელი – $34 513.8 ათასი, 10 882.2 ტონა; • 2021 წელი – $25 562.9 ათასი, 9 701.2 ტონა.
