
SavvY-ის ორგანიზებით, ქართული ლოგისტიკური სექტორი TransLogistica 2026-ზე წარდგება
2026 წლის ნოემბერში უზბეკეთის დედაქალაქი ტაშკენტი საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ გამოფენას – TransLogistica-ს უმასპინძლებს. აღნიშნულ ღონისძიებაზე ქართული სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორი ერთიანი ეროვნული პავილიონით წარდგება. პროექტის ორგანიზატორი საკონსულტაციო კომპანია SavvY-ია.
როგორც SavvY-ის ასოცირებული პარტნიორი, გიორგი გუდაბანძე "საქმიანი დილას" ეთერში განმარტავს, პროექტის მიზანია, ქართულმა კომპანიებმა ახალი საერთაშორისო პარტნიორები მოიზიდონ, გააძლიერონ საკუთარი პოზიციები შუა დერეფანში და ეფექტიანად გამოიყენონ ცენტრალური აზიის სწრაფად მზარდი ბაზრის შესაძლებლობები.
მისი თქმით, კომპანია ბოლო პერიოდში აქტიურად არის ჩართული ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში, მათ შორის, პარტნიორ ExpoGeorgia-სთან ერთად საქართველოში ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენის ორგანიზებით. საერთაშორისო ასპარეზზე გასვლისთვის უზბეკეთის შერჩევა კი რამდენიმე სტრატეგიულ ფაქტორს უკავშირდება.
"გვინდოდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაგვეხედა და აგვერჩია ისეთი რეგიონი, რომელიც ქართული კომპანიებისთვის იქნებოდა საინტერესო ეკონომიკური და ბიზნეს კუთხით. ვინაიდან საქართველო არის შუა დერეფნის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა და რგოლი, ავირჩიეთ ქვეყანა, რომელიც ასევე არანაკლებ როლს თამაშობს ამ მიმართულებით და ეს არის უზბეკეთი. უზბეკეთის არჩევანს, გარდა ამ მიზეზისა, საფუძვლად უდევს ამ ქვეყნის ეკონომიკის მზარდი ტემპი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში იკვეთება. ის ჩვენთვის პოტენციურად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა", - აცხადებს გიორგი გუდაბანძე.
მისივე ინფორმაციით, TransLogistica-ს ქართულ პავილიონში 10-ზე მეტი კომპანია იქნება წარმოდგენილი ინდივიდუალური სტენდებით. პროექტის დაანონსების შემდეგ კი კერძო სექტორის მხრიდან ინტერესი საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა.
"გასულ კვირას დავაანონსეთ აღნიშნული პროექტი და დავიწყეთ კომპანიების მობილიზება. ჩვენდა გასახარად, ინტერესი ძალიან დიდია. რაც ყველაზე მეტად მიხარია, არის ის, რომ არ გვჭირდება დიდი ძალისხმევა კომპანიებისთვის უზბეკეთის, შუა დერეფნისა და ზოგადად, აღნიშნული გამოფენის მნიშვნელობის ასახსნელად. ყველას კარგად ესმის, რამხელა როლი ენიჭება ამ პლატფორმას და ზოგადად სექტორს, და ასევე კარგად აცნობიერებენ საქართველოს ადგილს შუა დერეფნის გასწვრივ", - აღნიშნავს SavvY-ის ასოცირებული პარტნიორი.
გიორგი გუდაბანძის თქმით, გამოფენაში მონაწილეობის მთავარი შედეგი საერთაშორისო პარტნიორობის დამყარება იქნება, რადგან ღონისძიებაში 20-მდე ქვეყნის კომპანია და მრავალრიცხოვანი საერთაშორისო ვიზიტორი მონაწილეობს.
"შედეგი, პირველ რიგში, არის საერთაშორისო პარტნიორობა ქართული კომპანიებისთვის მათთვის ხელსაყრელ რეგიონთან – ცენტრალურ აზიასთან და კონკრეტულად უზბეკეთთან. გარდა ამისა, ეს არის არა მხოლოდ ლოგისტიკური სერვისების გაყიდვის, არამედ უფრო ფართო გაგებით პარტნიორობის შესაძლებლობა. ჩვენ ამ მიმართულებას იმედის თვალით ვუყურებთ, ვხედავთ პოტენციალს და მზად ვართ, განვიხილოთ განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იდეები, იქნება ეს სახელმწიფოს ჩართულობით თუ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. დარწმუნებული ვარ, თითოეული მონაწილე კომპანიისთვის ეს ყველაფერი კონვერტირდება გრძელვადიან განვითარების გეგმაში, რომელიც მთელს შუა დერეფანს უკავშირდება", - განმარტავს ის.
მისივე თქმით, დაინტერესებულ კომპანიებთან კომუნიკაცია უკვე აქტიურ ფაზაშია, თუმცა პროცესი გრძელდება. ინფორმაცია პროექტის შესახებ განთავსებულია SavvY-ის ყველა საკომუნიკაციო პლატფორმაზე.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ადგილები შეზღუდულია, რის გამოც მონაწილეების შერჩევა კონკრეტული ეტაპების მიხედვით განხორციელდება: "პირველი ეტაპი ინტერესის გამოხატვის პროცესია, რის შემდეგაც მოხდება კომპანიების გადარჩევა, ვინაიდან, ადგილების კუთხით შეზღუდულები ვართ და სამწუხაროდ, ყველა მსურველს პროექტში ჩართვის შესაძლებლობას ვერ მივცემთ".
BM.GE
წყარო: bm.ge