
სებ-ი მიუთითებს, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა ინფლაციის პროგნოზზე უარყოფითად აისახა
ეროვნული ბანკი მიუთითებს, რომ 2026 წლის აპრილიდან საქართველოში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდამ ქვეყანაში ინფლაციურ მოლოდინებზე ნეგატიური გავლენა იქონია. საქსტატის თანახმად, დენის ტარიფის მატება 25%-ს შეადგენდა და ის აპრილში 5.9%-იანი ინფლაციის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იყო. დღეს გამოქვეყნებული პროგნოზის თანახმად, ეროვნული ბანკი მიმდინარე წელს 4.9%-ის ინფლაციას მოელის, წინა პროგნოზით კი, სებ-ი ქვეყანაში 3.7%-ის ინფლაციას მოელოდა.
საქმე ისაა, რომ სემეკმა "თელასის" და "ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტებისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის მატების გადაწყვეტილება 30 მარტს მიიღო.
"საგარეო ფაქტორებთან ერთად, განსაკუთრებით საყურადღებოა ადგილობრივად ადმინისტრირებადი გადასახადების ზრდის ეფექტებიც. ელექტროენერგიის ფასების ზრდა, სიგარეტისა და ავტომობილების იმპორტის აქციზის გადასახადის ზრდასთან ერთად, დამატებით ინფლაციურ ეფექტებს ქმნის. თუმცა, სურსათის ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს წინა წლის მაღალი საბაზო ეფექტები, მათ შორის, ხორბლის პურის ფასის გაძვირების წვლილის ეტაპობრივი მილევა. გლობალურად გაზრდილი ინფლაციის პროგნოზების ფონზე, განვითარებულ ეკონომიკებში მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია მნიშვნელოვნად გადავადდა და წლის ბოლოსთვის მოსალოდნელი საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა. შედეგად, გლობალური ფინანსური პირობები მნიშვნელოვნად გამკაცრდა და კაპიტალის უსაფრთხო აქტივებისკენ გადინების რისკებიც გაიზარდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდში საქართველოს სუვერენული რისკის პრემია კვლავ წონასწორულ დონეზე დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. აღნიშნული კი, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან პოზიტიურ განწყობებზე მიუთითებს და, ომის პირდაპირი ეფექტების მიმდინარე ანგარიშის ბალანსზე სუსტი გავლენის დაშვების პარალელურად, გაცვლითი კურსის მყარ მიმდინარე პოზიციას განაპირობებს. საბოლოოდ, მიწოდების შოკის მძლავრი, თუმცა დროებითი გავლენის გათვალისწინებით, 2026 წელს მთლიანი ინფლაცია საშუალოდ 4.9 პროცენტამდე გაიზრდება, თუმცა 2027 წელს კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება და 2.5 პროცენტამდე შემცირდება. თავის მხრივ, ინფლაციის მის მიზნობრივ მაჩვენებელთან ნორმალიზებას ეგზოგენური შოკის ამოწურვა, შესუსტებული ერთობლივი მოთხოვნა და გაცვლითი კურსის მიმდინარე მყარი პოზიციაც შეუწყობს ხელს,"- წერს ეროვნული ბანკი.
BM.GE
წყარო: bm.ge