მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "სესხების ზრდას უფრო მდგრად დონეს დააახლოებს" - როგორ აისახება PTI-ს გამკაცრება დაკრედიტებაზე?
"სესხების ზრდას უფრო მდგრად დონეს დააახლოებს" - როგორ აისახება PTI-ს გამკაცრება დაკრედიტებაზე?

"სესხების ზრდას უფრო მდგრად დონეს დააახლოებს" - როგორ აისახება PTI-ს გამკაცრება დაკრედიტებაზე?

BM.GE2 ოქტომბერი, 2026, 03:44|bm.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის, დავით უტიაშვილი მიიჩნევს, რომ 1500-2500 ლარამდე შემოსავლის პირებისთვის კრედიტის ლიმიტის განახევრება ჯამურ დაკრედიტებაზე მინიმალურად აისახება, თუმცა სესხების ზრდის მდგრადობის კუთხით პოზიტიურად იმოქმედებს. მან ამის შესახებ "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა.

საქმე ისაა, რომ თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის (PTI) 25%-იანი მოთხოვნა 1500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ეს ზღვარი 2027 წლის 1 თებერვლიდან 2000 ლარამდე, ხოლო 2027 წლის 1 სექტემბრიდან 2500 ლარამდე გაიზრდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა 30 სექტემბერს მიიღო.

როგორც უტიაშვილი განმარტავს, გადაწყვეტილების ეტაპობრივი ხასიათი სწორედ დაკრედიტებაზე გავლენის მინიმიზებას ემსახურება.

"თუ გადავხედავთ ჩვენს სხვა გადაწყვეტილებებსაც, ყოველთვის ვირჩევდით ამ მეთოდს, რომ გადაგვედგა ნაბიჯები ეტაპობრივად - სწორედ იმისთვის, რომ არ მოახდინოს ბაზარზე გავლენა. იმიტომ, რომ იგივე ბანკებს, თუნდაც ამ შემთხვევაში, დაგეგმილი აქვთ თავისი, ასე ვთქვათ, დაკრედიტება, მოზიდული აქვთ სახსრები, ელოდებიან თავიანთი გეგმების განხორციელებას. ასევე მსესხებელს აქვს გარკვეული გეგმა და არ გვინდოდა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ამოქმედებულიყო, ვთქვათ, მეორე დღესვე და ერთბაშად. ჩვენ არ გვაქვს ისეთი გამოწვევა ამწუთას, რომ ჭარბვალიანობის რისკი გვედგას მაინცდამაინც ხვალ დილით. ეს არის გრძელვადიანი, სტრუქტურული ნაბიჯი, ამიტომ გვქონდა ეს მოქნილობა, რომ გარკვეული წილით, ნაბიჯ-ნაბიჯ ამოქმედებულიყო, რომ მინიმალური გავლენა ექონია დაკრედიტების პროცესზე, როგორც ბანკებზე, ასევე განსაკუთრებით სესხებზე ხელმისაწვდომობის კუთხით შინამეურნეობებზე.

[დაკრედიტებაზე] რაღაც გავლენას ეს, ბუნებრივია, მოახდენს. ჩვენ, მაგალითად, შეფასება გვაქვს, რომ საცალო სესხების პორტფელი ამწუთას იზრდება დაახლოებით 21%-ით. ამ გადაწყვეტილებების შედეგად, მოკლევადიან პერიოდში შეიძლება ეს ჩამოვიდეს დაახლოებით 17%-ზე. 21% იმ პირობებში, როცა არის შემოსავლების ზრდა დაახლოებით 10%, ნიშნავს, რომ მოსახლეობის ვალის დონე შემოსავალთან მიმართებით ცოტა უფრო სწრაფად იზრდება, უკვე რამდენიმე წელია. ამიტომ, ამ კუთხით, მე მაგ ბენეფიტსაც ვხედავ, ცხადია, რომ გარკვეულწილად უფრო მდგრად დონეს დააახლოებს სესხების ზრდას, იმიტომ რომ ბუნებრივია 21%-ით ისედაც ვერ გაიზრდებოდა საკრედიტო პორტფელი. ვუყურებდით ხოლმე, რომ ისეთი დროც შევარჩიოთ, მათ შორის, რომ მინიმალური გავლენა ჰქონდეს ან ჯამურ დაკრედიტებაზე, ასე ვთქვათ, მდგრადობის კუთხით პოზიტიური გავლენა ჰქონდეს",- აღნიშნა დავით უტიაშვილმა.

კითხვაზე, რატომ არ მოხდა სებ-ის მხრიდან მედიანური ხელფასის გათვალისწინება ნომინალურის ნაცვლად, დავით უტიაშვილი განმარტავს, რომ მარეგულირებელს ამჟამად ჩარჩოს ცვლილება არ სურდა: "ზოგადად, საშუალო ხელფასი არის ალბათ ყველაზე კარგად დაკვირვებადი მაჩვენებელი. ზუსტად ამაზე იყო მორგებული ჩარჩო 2018 წელს, როცა კალიბრაცია მოვახდინეთ, 2022 წელსაც როცა შევცვალეთ, ამიტომ ახლა ჩარჩოს ცვლილება არ გვინდოდა ამ ეტაპზე. ეგ ყოველთვის ეკონომისტებს შორის შეიძლება დავის საგანი იყოს - მედიანა უნდა იყოს თუ საშუალო. უბრალოდ, რაც აქამდე იყო, დაახლოებით იგივე ჩარჩო შევინარჩუნეთ, უბრალოდ საშუალო მაჩვენებელი გაიზარდა და ამას შევუთავსეთ ჩვენი ცვლილებაც",- განაცხადა დავით უტიაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა საკითხზე, რეგულირების გამკაცრება ხომ არ გამოიწვევს მოთხოვნის ნაკლებად, რეგულირებად სექტორებში გადანაცვლებას, მათ შორის იმ ფონზე, რომ დეველოპერების შიდა განვადებები მკვეთრად არის გაზრდილი. დავით უტიაშვილის თქმით, მსგავსი გამოწვევები მოსალოდნელი არაა.

"დეველოპერული სექტორი ალბათ მაინც გამონაკლისია, ის ქონება მაინც მასთან რჩება თუ ვერ გადაიხადა სესხი, ნაყიდ ბინას უკან წაიღებს, ამიტომ გარკვეულწილად უზრუნველყოფილი სესხია. ამ შემთხვევაში ჩვენი ცვლილება ეხება ძირითადად არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებს და ეს ბაზარი იმდენად დიდია - თვეში დაახლოებით უკვე 500 000 ცალამდე სესხი გაიცემა. ასევე იცით, რომ ჩვენ ვარეგულირებთ თითქმის ყველას ამ ეკონომიკაში, ვინც 20-ზე მეტ სესხს გასცემს. ამიტომ, რაიმე მატერიალური, არაფორმალური ფინანსური სექტორის გაჩენის ამ კუთხით ჩვენ არ გვჯერა, იმიტომ რომ ვიღაცამ ეს ისეთი მასშტაბით უნდა გააკეთოს, რომ აუცილებლად, ვფიქრობ, შევნიშნავთ. ბაზარიც ამ კუთხით ჩვენთან აქტიურად თანამშრომლობს, დაინტერესებულია, რომ ასეთი არაფორმალური სექტორი არ გაჩნდეს. ამიტომ, ამ კუთხით ასეთ რისკებს და გამოწვევებს არ ველოდებით. თან ამის გამოცდილება გვაქვს, პირველად არ ვქენით, ეს 2018 წელსაც გავაკეთეთ, 2022 წელსაც, სხვადასხვა რეგულაციები ამუშავებულა და ვხედავთ, რომ ისინი ეფექტიანად მუშაობს. ამიტომ იგივე მოლოდინი გვაქვს ახლაც",- განაცხადა დავით უტიაშვილმა.

ეროვნული ბანკი ₾1500-2500-მდე შემოსავლის მქონე პირებს 2027-დან კრედიტის ლიმიტს უნახევრებს

რამდენ მსესხებელს შეეხება PTI კოეფიციენტის გამკაცრება? - დავით უტიაშვილის განმარტება

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Tencent-მა Oracle-ისგან $7 მილიარდის ჩიპები იქირავა

Tencent-მა Oracle-ისგან $7 მილიარდის ჩიპები იქირავა

BM.GE

საქართველოს ეკონომიკური ზრდა და პოზიცია რეგიონში — რას ამბობს პრემიერი და რას აჩვენებს IMF-ის მონაცემები?

საქართველოს ეკონომიკური ზრდა და პოზიცია რეგიონში — რას ამბობს პრემიერი და რას აჩვენებს IMF-ის მონაცემები?

BM.GE

2026 წლის ექვს თვეში ევროკავშირიდან ჯამში საქართველოს 4200 მოქალაქე გამოაძევეს

2026 წლის ექვს თვეში ევროკავშირიდან ჯამში საქართველოს 4200 მოქალაქე გამოაძევეს

BM.GE

TOP 10 ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტ ყავას აწარმოებს

TOP 10 ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტ ყავას აწარმოებს

BM.GE