
საქართველოს ეკონომიკური ზრდა და პოზიცია რეგიონში — რას ამბობს პრემიერი და რას აჩვენებს IMF-ის მონაცემები?
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:,,ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკა საშუალოდ წლიურად 9.3%-ით იზრდებოდა და ეს დინამიკა 2026 წელსაც გაგრძელდა, რადგან წელსაც პირველი შვიდი თვის განმავლობაში ეკონომიკურმა ზრდამ 7.9%-ს მიაღწია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი ექნება რეგიონის მასშტაბით და ევროპის ქვეყნებს შორის - საშუალოდ 5.4%“.
IMF-ის მონაცემებით, 2021–2025 წლებში საქართველოს ეკონომიკის საშუალო წლიური ზრდა 9.3% იყო. საქსტატის მონაცემებიც ანალოგიურ სურათს აჩვენებს.
პანდემიის პერიოდში, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.3%-ით შემცირდა, ხოლო 2021 წლიდან ზრდა მკვეთრად დაჩქარდა. 2021 წელს ეკონომიკა 10.6%-ით, 2022 წელს კი 11%-ით გაიზარდა. შესაბამისად, ამ წლების მაღალი ტემპი ნაწილობრივ პანდემიის შედეგად შემცირებული ეკონომიკური აქტივობის აღდგენას უკავშირდება.
თუმცა, მაღალი ზრდა მხოლოდ აღდგენის ეფექტით არ შემოიფარგლა. 2023–2025 წლებში, როდესაც საბაზისო ეფექტი თანდათან სუსტდებოდა, ეკონომიკა კვლავ მაღალი ტემპით — 7.8%, 9.7% და 7.5%-ით იზრდებოდა.
IMF-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკამ გაზრდილი შიდა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის მიუხედავად, მდგრადობა გამოავლინა. 2021 წლიდან საქართველოს ეკონომიკის საშუალოდ 9%-ზე მეტი წლიური ზრდა, პირველ რიგში, პანდემიის შემდეგ ეკონომიკის ძლიერმა აღდგენამ და ICT-ისა და სატრანსპორტო მომსახურებების სექტორების გაფართოებამ განაპირობა. ამ პროცესს ხელს უწყობდა ასევე იმიგრაცია, ფინანსური ნაკადები და უკრაინის ომთან დაკავშირებული სატრანზიტო ვაჭრობა.
გრაფიკი 1: რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა (%), 2019-2025 წლებში
წყარო: საქსტატი; IMF
2026 წლის 7 თვეში საქართველოს რეალური მშპ საშუალოდ 7.9%-ით გაიზარდა, ივლისში კი წლიურმა ზრდამ 8.0% შეადგინა. აგვისტოში ზრდის ტემპი 6.3%-მდე შენელდა, შედეგად, წლის პირველი რვა თვის საშუალო ზრდამ 7.6% შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2021–2025 წლების 9.3%-იან საშუალო წლიურ ზრდაზე დაბალია, თუმცა ეკონომიკური გაფართოება კვლავ მაღალი ტემპით გრძელდება.
2026 წლის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი წვლილი მომსახურების სექტორებზე მოდის, განსაკუთრებით ICT-ზე, ვაჭრობასა და ტრანსპორტზე.
IMF-ის 2026 წლის ივნისის პროგნოზით, ზრდის ტემპი მომდევნო წლებში ეტაპობრივად შენელდება — 2026 წელს 6.5%-მდე, 2027 წელს 5.7%-მდე, ხოლო 2028–2031 წლებში 5%-იან მაჩვენებელზე დასტაბილურდება, რომელსაც IMF ქვეყნის საშუალოვადიან პოტენციურ ზრდად მიიჩნევს.
განცხადებაში დასახელებული 5.4% IMF-ის მიერ ცალკე პროგნოზირებულ მაჩვენებელს არ წარმოადგენს. ეს მაჩვენებელი 2026–2031 წლების პროგნოზების საშუალო გამოთვლით მიიღება.
მსოფლიო ბანკის მიხედვით, საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონშია, რომელიც 22 სახელმწიფოს მოიცავს. 2026–2031 წლების ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლების საშუალო გაანგარიშებით, საქართველოს (5.4%) მაჩვენებელზე მაღალი საშუალო ზრდა აღნიშნულ რეგიონის 22 ქვეყანას შორის მხოლოდ უზბეკეთს (6.0%) და ყირგიზეთს (5.7%) ექნებათ. (შედარებისთვის გამოყენებულია თითოეული ქვეყნისთვის IMF-ის უახლეს ხელმისაწვდომი ანგარიში).
რაც შეეხება მიმდინარე მონაცემებს, 2025 წელს საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 7.5% შეადგინა, რაც რეგიონის აღნიშნულ 22 ქვეყანას შორის მეოთხე მაჩვენებელია. უფრო მაღალი ზრდა დაფიქსირდა ყირგიზეთის რესპუბლიკაში — 11.1%, ტაჯიკეთში — 8.4% და უზბეკეთში — 7.7%. (იხილეთ გრაფიკი 2).
გრაფიკი 2: მშპ-ის ზრდის ტემპი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, 2025 წელს
წყარო: საქსტატი; IMF
დასკვნა
2021–2025 წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 9.3%-ით გაიზარდა. 2026 წლის პირველ შვიდ თვეში ზრდამ 7.9% შეადგინა. თუმცა, აგვისტოში ზრდის ტემპი 6.3%-მდე შენელდა და რვა თვის მაჩვენებელმა 7.6% შეადგინა.
საშუალოვადიან პერიოდში 5.4% IMF-ის ცალკე გამოქვეყნებული პროგნოზი არ არის, არამედ 2026–2031 წლების პროგნოზების საშუალოა. ამავე პროგნოზებით, ზრდა 2026 წლის 6.5%-დან 2027 წელს 5.7%-მდე, 2028 წლიდან კი 5%-მდე შენელდება. მსოფლიო ბანკის ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის 22 ქვეყანას შორის, საქართველო საშუალო საპროგნოზო მაჩვენებლით მესამეა, ხოლო 2025 წლის ფაქტობრივი ზრდით (7.5%) — მეოთხე. ამრიგად, „ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის“ ფორმულირება გამართლებულია, თუმცა საქართველო ამ ჯგუფში ლიდერი არ არის.
ამრიგად, პრემიერის განცხადებაში მოყვანილი ძირითადი მონაცემები სწორია, თუმცა საშუალოვადიანი პროგნოზებისა და საქართველოს რეგიონული პოზიციის აღწერა მცირე დაზუსტებას საჭიროებს. ამასთან, 9.3%-იანი საშუალო ზრდა მოიცავს 2021–2022 წლების ორნიშნა ზრდის მაჩვენებლებსაც, რომლებიც მნიშვნელოვანწილად პანდემიის შემდგომ ეკონომიკურ აღდგენას ასახავდა.
BM.GE
წყარო: bm.ge