
„სეტ-ჯეტინგი“ უძრავ ქონებაში: როგორ აქცევს კინოინდუსტრია ლოკაციებს მრავალმილიონიან აქტივებად
ბლოგის ავტორია უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია „პროსპექტი“
პოპ-კულტურა და კინემატოგრაფია დიდი ხანია გასცდა მხოლოდ გასართობ ინდუსტრიას და გლობალური ეკონომიკის, ტურიზმისა და უძრავი ქონების ბაზრის მძლავრ მამოძრავებელ ძალად იქცა. მოვლენას, როდესაც მაყურებელი საყვარელი ფილმებისა თუ სერიალების გადაღების ადგილებში მოგზაურობს, „სეტ-ჯეტინგი“ (Set-Jetting) ეწოდება. თუმცა ბოლო წლებში ეს ტენდენცია ტურისტულ ვიზიტებს გასცდა: ეკრანზე ნანახი ესთეტიკა და ცხოვრების სტილი გადაიქცა პირდაპირ იმპულსად, რომელმაც კონკრეტულ რეგიონებში უძრავი ქონების ფასები რეკორდულ ნიშნულამდე აიყვანა.
საერთაშორისო კვლევები და ეკონომიკური მონაცემები
სეტ-ჯეტინგის გავლენა უძრავ ქონებაზე მხოლოდ მარკეტინგული თეორია აღარ არის, მას მსხვილი საერთაშორისო საკონსულტაციო და ტექნოლოგიური კომპანიების ანგარიშები ადასტურებს:
xpedia Group-ის გლობალური მოგზაურობის კვლევის თანახმად, მოგზაურთა 50%-ზე მეტი აღიარებს, რომ მათი მოგზაურობისა და საცხოვრებელი ლოკაციის შერჩევის მთავარი ინსპირაცია ტელევიზია, ფილმები და სტრიმინგ პლატფორმებია (Netflix, HBO, Apple TV). ეს მაჩვენებელი საგრძნობლად უსწრებს ტრადიციულ სოციალურ მედიას (Instagram, TikTok).
Knight Frank-ის გლობალური მიმოხილვებითა და Prime Global Cities კვლევებით დასტურდება, რომ კულტურული და კინემატოგრაფიული ინტერესის გაჩენა კონკრეტულ რეგიონში პრემიუმ საცხოვრებელ ქონებაზე საერთაშორისო მოთხოვნას მინიმუმ 20–30%-ით ზრდის პირველივე წელს. პრემიუმ სეგმენტის მყიდველები (HNWI) ქონებას ხშირად ემოციური მიჯაჭვულობისა და ცხოვრების სტილის სტატუსის გამო ყიდულობენ.
კინოპროდუქტების გამოსვლის შემდეგ გადაღების ლოკაციებზე ძიების მაჩვენებელი ხშირად 200%–500%-ით იზრდება. ეს მომენტალურად ზრდის, მოკლევადიანი გაქირავების დატვირთულობის კოეფიციენტს (Occupancy Rate) და საშუალო დღიურ ტარიფს (ADR), რაც ინვესტორებს ევროპულ სტანდარტთან შედარებით ორნიშნა საიჯარო ამონაგებს აძლევს.
როგორ მუშაობს ეკრანული ეფექტი: ტურიზმიდან ინვესტიციამდე
კინოს გავლენა უძრავ ქონებაზე სამ ძირითად ეტაპად ვითარდება:
მომენტალური ცნობადობა და მოთხოვნის გაზრდა: ნაკლებად ცნობილი ან მივიწყებული ლოკაცია გლობალური სტრიმინგ პლატფორმების მეშვეობით ერთ ღამეში ხდება ასობით მილიონი მაყურებლის ყურადღების ცენტრში.
ტურისტული და საიჯარო ბუმი: პირველ ტალღას მოკლევადიანი ვიზიტორები ქმნიან, რაც მომენტალურად ზრდის მოკლევადიანი გაქირავების პლატფორმებისა და სასტუმროების დატვირთულობასა და ტარიფებს.
კაპიტალიზაცია და დეველოპმენტი: მაღალი საიჯარო ამონაგები იზიდავს კერძო და ინსტიტუციურ ინვესტორებს. შედეგად, იზრდება მიწისა და საცხოვრებელი კვადრატულის ფასი, იწყება ახალი პრემიუმ კომპლექსების მშენებლობა და ინფრასტრუქტურის განახლება.
გლობალური ქეისები,როდესაც სერიალი ბაზარს ცვლის
საერთაშორისო პრაქტიკაში არაერთი მაგალითია, სადაც კინემატოგრაფიულმა წარმატებამ რეგიონალური უძრავი ქონების ღირებულება კარდინალურად შეცვალა:
„თეთრი ლოტუსი“ (The White Lotus) - სიცილია
HBO-ს სერიალის მეორე სეზონის გამოსვლის შემდეგ, ტაორმინასა და მის მიმდებარედ ისტორიულ ვილებზე, ბუტიკ-სასტუმროებსა და პრემიუმ საცხოვრებელზე გლობალური მოთხოვნა გაორმაგდა. უცხოელი ინვესტორების მხრიდან მოთხოვნამ საგრძნობლად გაზარდა იტალიური სანაპიროს ამ მონაკვეთის კაპიტალიზაცია.
„ემილი პარიზში“ (Emily in Paris) - პარიზის მე-5 ოლქი
სერიალმა ახალი სიცოცხლე შესძინა პანთეონისა და პლას დე ლ’ესტრაპადის მიმდებარე კვარტალს. ბინები, რომლებიც პარიზულ ესთეტიკას იმეორებს, უძრავი ქონების გაქირავების პლატფორმებზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი აქტივი გახდა.
ამერიკული ვესტერნ-დრამები და მონტანას ფენომენი ,,იელოუსტოუნი“ (,,Yellowstone”) მონტანას უნივერსიტეტის ბიუროსა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის მონაცემებით, სერიალის გავლენამ შტატის ეკონომიკაში ასეულობით მილიონი დოლარის შემოდინება გამოიწვია. ქალაქგარეთ არსებული რანჩოები, მიწის ნაკვეთები და დახურული ტიპის ეკო-დასახლებები შეერთებულ შტატებში ულტრა ლუქს სეგმენტის მთავარ სამიზნედ იქცა, რამაც ადგილობრივი მიწის ფასი ისტორიულ მაქსიმუმამდე აიყვანა.
რატომ იხდის მყიდველი მეტს ,,ემოციაში’’?
საქმე ის არის, რომ აქ ერთდროულად რამდენიმე ძლიერი ფსიქოლოგიური და ეკონომიკური მექანიზმი ირთვება.
უპირველეს ყოვლისა, ეს არის იდენტობა და ცხოვრების სტილი. მყიდველი რეალურად იძენს იმ განწყობას, ესთეტიკასა და სოციალურ სტატუსს, რომელსაც ეკრანზე წლების განმავლობაში უყურებდა და რომლის თანაზიარიც თავად სურს გახდეს. სახლი აქ უბრალო საცხოვრებელი აღარ არის, ის პერსონალური იმიჯისა და ემოციური გამოცდილების გაგრძელებაა.
ამ ემოციურ მხარეს კი სრულიად პრაგმატული ფინანსური გათვლა ამყარებს , რომელიც გარანტირებული საიჯარო მოთხოვნაა. ინვესტორმა შესანიშნავად იცის, რომ ასეთ ლოკაციას გლობალური კინოინდუსტრიისა და მედიისგან უკვე აქვს მრავალმილიონიანი, უფასო და მუდმივი მარკეტინგული მხარდაჭერა. ეს კი მოკლევადიანი გაქირავების ბაზარზე ტურისტების მუდმივ ნაკადსა და მაღალ დატვირთულობას თავისთავად უზრუნველყოფს.
BM.GE
წყარო: bm.ge